ასაკობრივი კრიზისები: გარდამტეხი მომენტები ცხოვრებაში, რომელიც გვცვლის

ასაკობრივი კრიზისები: გარდამტეხი მომენტები ცხოვრებაში, რომელიც გვცვლის

ადამიანის ცხოვრება არ არის უბრალოდ წლების მიმდევრობა: ეს არის ცვლილებების, გადაფასებებისა და შინაგანი ტრანსფორმაციების გზა.
თითოეულ ასაკს მოაქვს ახალი მოთხოვნები, ახალი პასუხისმგებლობა და ურთიერთობებისა თუ საკუთარი იდენტობის გადახედვის აუცილებლობა. როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ეტაპზე, სადაც ძველი წარმოდგენები მას უკვე აღარ აკმაყოფილებს, ხოლო ახალი ჯერ სრულად არ ჩამოყალიბებულა, შეიძლება წარმოიშვას ის, რასაც ფსიქოლოგიაში ასაკობრივ კრიზისს ან განვითარების კრიზისს უწოდებენ.
რა ემართება ადამიანის ფსიქიკას სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე? როგორია განვითარების ძირითადი კრიზისები ბავშვობაში, მოზარდობაში, სიყმაწვილესა და საშუალო ასაკში? როგორ ვლინდება ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობებსა და ოჯახში, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება ამ ეტაპების გადალახვა უფრო გააზრებულად და ჯანსაღად?
ეს კითხვები განვიხილეთ 14-წლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგთან და ცენტრ „ჰარმონიას“ დირექტორთან, აშხენ მკოიანთან ერთად, რათა გავარკვიოთ, როდის ხდება ცხოვრების მორიგი გარდამტეხი მომენტი პრობლემა და როდის — ახალი დასაწყისი.
კითხვაზე, თუ რა არის ასაკობრივი კრიზისი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და როგორია ადამიანის ცხოვრების ძირითადი ეტაპები, აშხენ მკოიანი პასუხობს:
„ასაკობრივი კრიზისი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი განიცდის შინაგან კონფლიქტებს, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ ასაკში მისი პიროვნებისა და ცხოვრების ცვლილებებთან. ციკლების ბუნებრივი, კანონზომიერი გადასვლები ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხდება.
ისინი განპირობებულია სტატუსის ცვლილებით, ფიზიოლოგიური ტრანსფორმაციებითა და ადამიანის ფსიქიკის განვითარების თავისებურებებით. ერთი ციკლიდან მეორეზე გადასვლისას ადამიანი თითქოს „ცარიელ ზონაში“ აღმოჩნდება ხოლმე: ის, რაც ადრე მნიშვნელოვანი და ფასეული იყო, აღარ ატარებს უწინდელ ღირებულებას, ხოლო ახალი ორიენტირები და ფასეულობები ჯერ არ ჩამოყალიბებულა ან არ გამოვლენილა. ამიტომ, ასაკობრივი კრიზისი შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარდამავალი პერიოდი ძველ თვითაღქმასა და ახლის ჩამოყალიბებას შორის.
მარტივად რომ ვთქვათ, ასაკობრივი კრიზისი არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც ადამიანი იცვლება და ძველებურად ცხოვრება მას უკვე აღარ აკმაყოფილებს. ყოველი კრიზისიდან კი ადამიანი ახალი თვისებებით გამოდის.
ჩვეულებრივ, გამოყოფენ კრიზისის შემდეგ ეტაპებს:
ნეონატალური კრიზისი (ახალშობილობის კრიზისი)
1 წლის ასაკის კრიზისი
3 წლის ასაკის კრიზისი
7 წლის ასაკის კრიზისი
მოზარდობის ასაკი
სიყმაწვილის (ახალგაზრდობის) ასაკი
ცხოვრების შუაგულის კრიზისი
საშუალო ასაკის კრიზისი
გვიანი ზრდასრულობის კრიზისი
ფსიქოლოგიაში ადამიანის განვითარება, როგორც წესი, ეტაპობრივად განიხილება.
თუმცა არ არსებობს კონკრეტული ასაკი, როდესაც ესა თუ ის „კრიზისი“ აუცილებლად უნდა მოხდეს. ადამიანები განსხვავებულები არიან“.
ფსიქოლოგთან ერთად შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ ვლინდება მოზარდობისა და სიყმაწვილის ასაკის კრიზისი.
„მოზარდობის ასაკის ერთ-ერთი მთავარი თემაა კითხვა — „ვინ ვარ მე?“ ბავშვი იწყებს მშობლებისგან ეტაპობრივად დისტანცირებას და საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებას. ამის შედეგად შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა მოვლენებმა:
მშობლების აზრისადმი შეპასუხებისა და წინააღმდეგობის სურვილი
განცდა, რომ „არავის ვესმის“
მომატებული ყურადღება გარეგნობისადმი
მეგობრების აზრის მნიშვნელობის გაზრდა
განწყობის უეცარი ცვალებადობა
ჩაკეტილობა ან, პირუქით, ძალიან მკვეთრი და ხისტი გამონათქვამები
გაურკვევლობა პროფესიისა და მომავლის არჩევანში
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ძლიერი სურვილი
არასწორია ამის „ცუდ ქცევად“ მონათვლა. უმეტეს შემთხვევაში ბავშვი უბრალოდ ცდილობს გაიგოს: „ვინ ვარ მე მშობლების გარეშე?“
ხოლო ახალგაზრდები ხშირად განიცდიან:
გაურკვევლობას პროფესიისა და ცხოვრებისეული გზის არჩევანში
ზრდასრული ცხოვრების პასუხისმგებლობის შიშს
საკუთარი თავისა და სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებას
სირთულეებს გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და გვესმის 30 წლის კრიზისის შესახებ, როდესაც ბევრს უჭირს იმასთან შეგუება, რომ ეს ზღვარი გადალახა. ამასთან დაკავშირებით აშხენ მკოიანი აღნიშნავს:
„ვიტყოდი, რომ 30 წლის ასაკში ადამიანები თითქოს ცხოვრების პირველ შედეგებს აჯამებენ. ეს პერიოდი გადაფასების ხანაა, რადგან ადამიანი ადარებს:
„რა წარმომედგინა 20 წლის ასაკში“ → „რა მაქვს ახლა“.
და შესაძლოა გაჩნდეს კითხვები:
ეს ის ცხოვრებაა, რომელიც მინდოდა?
სწორად ავირჩიე პროფესია?
მაკმაყოფილებს ჩემი ურთიერთობები?
ვცხოვრობ საკუთარი სურვილებით თუ სხვების მოლოდინებით?
თუ ახლა არაფერს შევცვლი, რა იქნება 10 წლის შემდეგ?“
ზოგისთვის ეს პერიოდი ძალიან მშვიდად გადის. სხვებისთვის კი ჩნდება ძლიერი შფოთვა, სიცარიელის განცდა ან საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი.
და, რა თქმა უნდა, 30 წელი შუა ასაკია.
ხოლო როგორ შეიძლება გამოვლინდეს საშუალო ასაკის კრიზისი? რომელ ნიშნებს არ უნდა მივაქციოთ უყურადღებოდ?
„საშუალო ასაკში ადამიანი ხშირად იწყებს ფიქრს არა მხოლოდ იმაზე, თუ „რას მიაღწია“, არამედ: „რამდენი დრო მაქვს დარჩენილი და რისი გაკეთება მინდა ამ დროში?“
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ასპექტები:
უკმაყოფილება გასული ცხოვრებით,
განცდა, რომ „ცხოვრება გვერდით მიდის“,
სამუშაოსადმი ინტერესის დაკარგვა,
ურთიერთობების გადაფასების სურვილი,
ყველაფრის შეცვლის ძლიერი ლტოლვა,
წარსულისადმი სევდა,
შფოთვა საკუთარი ასაკისა თუ გარეგნობის გამო,
სიცარიელის გრძნობა,
განცდა, რომ „საკუთარი თავი დავკარგე“.
თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებსაც უბრალოდ „ასაკობრივ კრიზისს“ ვერარ ვუწოდებთ.
მაგალითად, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინიშნება ძლიერი დათრგუნულობა, რამისგან სიამოვნების მიღების უნარის არარსებობა (ანჰედონია), ძილისა თუ მადის სერიოზული დარღვევები, მუდმივი შფოთვა, სამუშაოსა და ურთიერთობების შესამჩნევი რღვევა ან ფიქრები თვითმკვლელობაზე — აუცილებელია სპეციალისტს მიმართოთ“.
იმის შესახებ, თუ როგორ გადავლახოთ შინაგანი კონფლიქტები და კრიზისული მომენტები, ფსიქოლოგი გვირჩევს:
„კრიზისი ცხოვრების ბუნებრივი გარდამავალი ეტაპია და მას არ უნდა შევხედოთ, როგორც პრობლემას ან მარცხს. თუ ამ ეტაპზე საკუთარი თავი იცანით, შეეცადეთ არ იჩქაროთ სიტუაციის „გამოსწორება“, არამედ გაიაზრეთ, რა შეიცვალა თქვენს შიგნით და რა გჭირდებათ ახლა. კრიზისის პიკში ნუ იჩქარებთ გლობალური და შეუცვლელი გადაწყვეტილებების მიღებას. ჯერ მიეცით თავს დრო იმის გასაგებად, თუ რა გსურთ სინამდვილეში. ასევე მნიშვნელოვანია, არ შეადაროთ თქვენი გზა სხვებისას. თითოეული ადამიანის განვითარება თავის დროზე ხდება. ხოლო თუ შფოთვა, სიცარიელე, სევდა ან ცხოვრებისეული სირთულეები ხანგრძლივდება და ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ღირს პროფესიონალურ დახმარებას მიმართოთ“.

თეგები: მოსაზრება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე