საქართველოში საგზაო მოძრაობის წესები მკაცრდება

საქართველოში საგზაო მოძრაობის წესები მკაცრდება

საქართველოში სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები მკაცრდება — სპეციალური მარკირების ზონებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების 2026–2030 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში.
„არასრულწლოვანთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა სკოლების მიმდებარე ზონების შესაბამის რეგულირებაზე. კერძოდ, გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში „სასკოლო ზონის“ ცნების განსაზღვრა, ასეთ ზონებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის 30 კმ/სთ-ით დაწესება და მოქმედი 15-კილომეტრიანი ტოლერანტობის (სიჩქარის გადაჭარბების დასაშვები ზღვრის) გავრცელების საკითხის გადახედვა სასკოლო ზონებზე.
აღნიშნული საკანონმდებლო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში საშუალო სიჩქარის შემცირებას და მნიშვნელოვნად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს. გარდა ამისა, საქართველოში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე, ჩატარდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის შესაბამისობის შეფასება საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც მიმართულია სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოების ამაღლებისკენ“, — ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების 2026–2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე