ყოველდღიური წვიმები, ჭარბტენიანი ნიადაგი და სამუშაო ძალის დეფიციტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის აღებას ართულებს. ამინდის გაუარესების ფონზე ფერმერები იძულებულნი არიან მუშახელისთვის იბრძოლონ (კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს), ხოლო მათ მომსახურებას ფასი მოკლე დროში 80-დან 150–160 ლარამდე გაიზარდა დღეში. ამასთან, კარტოფილის შესასყიდი ფასი დაბალი რჩება და ბევრ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელს ეჭვი ეპარება, შეძლებს თუ არა საკუთარი ხარჯების დაფარვას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის აღება გრძელდება, თუმცა ამინდის პირობები სამუშაოების ნორმალურ მსვლელობას ხელს უშლის. წვიმები თითქმის ყოველდღე მოდის, ნიადაგი ტენიანი რჩება და ტექნიკას მინდორში მუშაობა უჭირს. მიუხედავად ამისა, ფერმერები მოსავლის აღების გადადებას ვეღარ შეძლებენ: ამინდი უარესდება, ჯავახეთის სიცივეები ახლოვდება და არსებობს რისკი, რომ მოსავალი მიწაში დარჩეს.
კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემად სამუშაო ძალის დეფიციტი იქცა. ფერმერებს უჭირთ როგორც კარტოფილის შემგროვებლების, ისე იმ მტვირთავების პოვნა, რომლებსაც ტომრები მინდვრიდან გადააქვთ. სეზონური შრომის ბაზარზე გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა: სამუშაო დღის ღირებულება თითქმის ყოველდღიურად იზრდება.
იმის შიშით, რომ მოსავლის აღებას ვერ მოასწრებენ, ფერმერები ერთმანეთს მუშახელს ართმევენ (გადაბირებას ცდილობენ) და 10 ლარით მეტს სთავაზობენ. შედეგად, სამუშაო დღის ღირებულება, რომელიც სეზონის დასაწყისში დაახლოებით 80 ლარს შეადგენდა, 150–160 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ასეთ ფასადაც კი მუშების პოვნა ადვილი არ არის.
ფერმერებმა კარტოფილის მოყვანაში ათეულობით ათასი ლარი ჩადეს და ახლა ცდილობენ, მოსავალი მაქსიმალურად გადაარჩინონ. თუმცა, კარტოფილის ამჟამინდელი ფასების პირობებში, მოსავლის აღების მზარდი ხარჯები ბევრისთვის სერიოზულ ფინანსურ ტვირთად იქცევა.
სოციალურ ქსელ Facebook-ში არსებობს საჯარო ჯგუფი „ფერმერთა ჯგუფი – კარტოფილის მოყვანა ახალქალაქში“, რომელსაც 6 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მასში საკუთარი შენიშვნებისა და წინადადებების გამოქვეყნება ნებისმიერ ადამიანს — როგორც ფერმერებს, ისე მუშებს — შეუძლია. ბოლო დროს აქ თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება განცხადებები მუშახელის ძებნის შესახებ, ასევე შეტყობინებები, რომლებშიც შემგროვებლები შრომის ანაზღაურების გაზრდისკენ მოუწოდებენ.
გევორგ ჯანოიანმა სოფელ სულდადან დღემდე ვერ შეძლო კარტოფილის შემგროვებლების პოვნა. მისმა ოჯახმა კარტოფილი 3 ჰექტარ ფართობზე დათესა. მუშების ერთ ჯგუფთან შეთანხმება თითო ადამიანზე 110 ლარის ოდენობით მოხერხდა, თუმცა, ჯანოიანის თქმით, მოგვიანებით მათ სოფელ ფოკელ ფერმერთან მუშაობა არჩიეს, რომელმაც, სავარაუდოდ, უფრო მაღალი გასამრჯელო შესთავაზა.
„ფასს ყოველდღე წევენ. დასაწყისში 80 ლარი იყო, ახლა 150 ლარამდე ავიდა. ვინც 10 ლარით მეტს სთავაზობს, ხალხიც იმასთან მიდის. მუდმივი/ფიქსირებული ფასი არ არსებობს.
ჯგუფში დავწერე, რომ ხალხმა შეტყობინებები ანონიმურად კი არ გამოაქვეყნოს, არამედ საკუთარი სახელებით დაწერონ და პასუხი აგონ თავიანთ სიტყვებზე. ზოგი ანონიმურად მოუწოდებს ანაზღაურების გაზრდისკენ, ზოგი წინააღმდეგია და ეს განცხადებები როგორც მუშებზე, ისე ფერმერებზე ახდენს გავლენას. ადმინისტრატორს ვთხოვე, ანონიმური შეტყობინებები წაშალოს. მე ვერ გადავუხდი თითოეულს 150 ლარს დღეში. სანამ მუშები არ გვიპოვია, თითოეული თავის მოსავალს თვითონ კრეფს. მართალია, სამუშაო მძიმეა, მაგრამ ამდენს ჩვენც ვერ გადავიხდით. ურჩევნია კარტოფილი მიწაში დარჩეს, ვიდრე კილოგრამზე 50 თეთრი ფასის პირობებში მოსავლის აღებაში 150–160 ლარი გადავიხადოთ. მუშებთან ანგარიშსწორებისთვის დღეში მარაგში 4–5 ათასი ლარი უნდა მქონდეს“, — ამბობს გევორგ ჯანოიანი.
ახლა ჯანოიანის ოჯახი მოსავალს დამოუკიდებლად კრეფს და საკუთარი შრომის იმედი აქვს.
გევორგ ჯანოიანი ერთ-ერთი ფერმერია, რომელიც ჯგუფში „ფერმერთა ჯგუფი – კარტოფილის მოყვანა ახალქალაქში“ ანონიმური პუბლიკაციების წინააღმდეგ გამოვიდა. მას მიაჩნია, რომ პოსტების ავტორები საკუთარი სახელებით უნდა გამოდიოდნენ და პასუხისმგებლობას იღებდნენ თავიანთ სიტყვებზე.
ჩვენ მივმართეთ ჯგუფის „ფერმერთა ჯგუფი – კარტოფილის მოყვანა ახალქალაქში“ ადმინისტრატორს თხოვნით, კომენტარი გაეკეთებინა შექმნილ სიტუაციაზე.
მეც მირეკავენ და პრეტენზიებს მიყენებენ. მაგრამ რა გავაკეთო, თუ ადამიანს არ სურს საკუთარი სახელით დაწერა? რა თქმა უნდა, მე ვხედავ მათ სახელებს და ვიცი, ვინც არიან, მაგრამ უფლება არ მაქვს, პერსონალური მონაცემები სხვებს გავუმჟღავნო.
აქ ორი მხარეა და თითოეულს სურს, მისთვის ხელსაყრელი იყოს. მე ვერ ჩავერევი. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები მოქმედებს როგორც კარტოფილის გაყიდვის, ისე მუშახელის დაქირავების ბაზარზე. დღეს მუშებს აქვთ შანსი, იშოვონ ფული და სურთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. როგორ ვუთხრა მათ, რომ საკუთარ შრომაზე ფასი არ გაზარდონ? ორივე მხარე თავისებურად მართალია. ჩარევა არ მინდა“, — განაცხადა ჯგუფის ადმინისტრატორმა.
გასპარიანს სოფელ ტურცხიდან ასევე ჯერ არ უპოვია შემგროვებლები და მოსავლის აღება ჯერ არ დაუწყია.
„2 ჰექტარზე მაქვს კარტოფილი ასაღები. წვიმების გამო ჯერ ვერ მოვასწარი აღების დაწყება (შესაძლოა უკვე დაიწყო, მას 20 ოქტომბერს ვესაუბრეთ). ვიცი, რომ შემგროვებელი 100 ლარი ჯდება, ხოლო მტვირთავი — 120 ლარი. მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ბევრი კარტოფილია მიწაში დარჩენილი, ამიტომ ფასებს წევენ, რომ მუშები მათთან წავიდნენ. რა თქმა უნდა, ხარჯები არ იფარება. უბრალოდ მოსავალს ვიღებთ, რომ მინდორში არ დავტოვოთ“, — თქვა გასპარიანმა.
მეზობელ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანდოს (გონდურას) ფერმერმა ჰამლეტ პაპოიანმა მუშები უკვე იპოვა და კარტოფილის აღებითა და დასაწყობებითაა დაკავებული.
მისი თქმით, ნესტიანი ნიადაგის გამო ტექნიკას მუშაობა ძალიან უჭირს. თუმცა მოსავლის აღების გადადებაც არ შეიძლება: ამინდი დღითიდღე უარესდება.
„მუშები 100 ლარად ვიპოვე, ზოგ დღეს კი 120 ლარს ვიხდი. მათ შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსულები. ამდენის გადახდა არახელსაყრელია, მაგრამ ხომ ვერ დავტოვებთ კარტოფილს მინდორში.
კიდევ 3 ჰექტარი მაქვს ასაღები, სულ კი კარტოფილი 10 ჰექტარზე დავთესე. თვენახევრის წინ კარტოფილი კილოგრამი 85 თეთრად გავყიდე. ახლა თვითონ არ მინდა გაყიდვა“, — ჰყვა ჰამლეტ პაპოიანი.
ვანიკ სტეფანიანი, რომელიც სხვადასხვა ფერმერთან მტვირთავად მუშაობს, ამბობს, რომ ახლა დღეში 130 ლარს იღებს. მისი თქმით, მას 150 ლარს სთავაზობდნენ, თუმცა სხვა დამსაქმებელთან გადასვლაზე უარი თქვა.
„სხვადასხვა სოფლიდან მუდმივად მირეკავენ და 150 ლარს მათვაზობენ, მაგრამ ამ ფერმერს დავპირდი, რომ მასთან ვიმუშავებდი, სანამ არ დავასრულებთ. ეს ღირსებისა და პატიოსნების საკითხია. რა თქმა უნდა, კარტოფილის ამჟამინდელი ფასების პირობებში ფერმერებისთვის არახელსაყრელია მუშახელში ამდენის გადახდა. მაგრამ კარტოფილის კილოგრამი 1 ლარი რომ ღირდეს, მაშინ ხელსაყრელი იქნებოდა. ამას თვითონ ფერმერებიც ამბობენ. ჩვენი სამუშაოც მძიმეა: სიცივესა და წვიმაში მინდორში კარტოფილს აგროვებ, მძიმე ტომრებს ტვირთავ და საღამოს შვიდ-რვა საათამდე მუშაობ. ექვს საათზე არავინ მიდის“, — ჰყვა ვანიკ სტეფანიანი.
„წელს მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია“
ერთ-ერთმა მსხვილმა ფერმერმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ მუშები დღეში 100 ლარად დაიქირავა. მისი თქმით, ისინი მასთან ყოველწლიურად, ორი-სამი თვის განმავლობაში მუშაობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ არის გაწევრიანებული Facebook-ის აღნიშნულ ჯგუფში, რადგან არ მოსწონს ის, რაც იქ ხდება.
„ჩემს მუშებს განვუმარტე: თუ თვლიან, რომ იმასთან უნდა წავიდნენ, ვინც მეტს იხდის, მაშინ ჩემთან აღარ დაბრუნდნენ. თუ დამატებითი 20 ლარის გამო წასვლა სურთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ სამი თვე მუშაობენ — ეს მათი არჩევანია. მაგრამ არავინ წასულა. ეს ადამიანური თვისებებისა და პატიოსნების საკითხია.
რაც შეეხება მოგებიანობას, წელს ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“, — თქვა ფერმერმა.
მისი აზრით, მიმდინარე სეზონი ბევრისთვის გაკვეთილი იქნება: მომავალში ფერმერებმა უფრო გულდასმით უნდა გათვალონ ნათესი ფართობები, საკუთარი ოჯახის ძალებით კარტოფილის მოვლისა და მოსავლის აღების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
„რაც მეტს თესავ, მით მეტს ხარჯავ დამუშავებაზე. მერე იაფად ყიდი და საბოლოოდ არანაირი შემოსავალი არ არის. ხოლო თუ ნაკლებს დათესავ, ხარჯებიც მცირდება და მოგების მიღების შესაძლებლობაც ჩნდება“, — აღნიშნა მან.
ფერმერს ასევე ეჭვი ეპარება, რომ მთელი კარტოფილის შენახვა, რომელსაც ახლა საწყობებში დებენ, წარმატებით მოხერხდება.
ის, რასაც ახლა ვასაწყობებთ, შესაძლოა ამაო შრომა აღმოჩნდეს: ერთი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, კარტოფილის გადაყრა მოგვიწევს. ნიადაგში ნესტის გამო მან უკვე დაიწყო ლპობა. მყიდველები არიან, კარტოფილს კილოგრამს 50–70 თეთრად ყიდულობენ“, — განაცხადა ფერმერმა.
დაბალი ფასების მიუხედავად, ზოგიერთი ფერმერი კარტოფილის გაყიდვას მაინც აგრძელებს. ერთ-ერთი მიზეზი მუშებთან ანგარიშსწორებისა და მიმდინარე ხარჯების დაფარვის აუცილებლობაა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტოფილის მწარმოებლებისთვის მიმდინარე სეზონი სერიოზულ გამოცდად იქცა: ერთდროულად უწევთ ბრძოლა წვიმების შედეგებთან, მუშახელის ძებნა მუდმივად მზარდი ტარიფებით და იმ მოსავლის გადარჩენის მცდელობა, რომლის რენტაბელობაც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.