23 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის მცხოვრებლებმა და სხვადასხვა ქვეყნის ტრაილერის (ფურის) 50-მდე მძღოლმა ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო გზა გადაკეტეს მოთხოვნით, დროულად ჩატარდეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახალქალაქი-კარწახის გზა უკვე რამდენიმე წელია ცუდ მდგომარეობაშია. წელს კი, რეაბილიტაციის მიზნით, რამდენიმე მონაკვეთი დააზიანეს/მოთხარეს, თუმცა რეაბილიტაცია სხვადასხვა მიზეზით არ განხორციელდა — ხან პასუხობდნენ, რომ ნებართვებს ელოდებოდნენ, ხან კი ამბობდნენ, რომ ახალი ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. შედეგად, გზა გაუმტარია, ხოლო ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან ამ გზით გადაადგილდნენ, მუდმივად დისკომფორტსა და ზარალს განიცდიან.

რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა და სანამ სახანძრო მანქანა მოვიდოდა, ავტომობილი დაიწვა, როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ცხოვრება. სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ვერ ვყიდით, სასწრაფო და სახანძრო საჭირო დროს ვერ აღწევენ ჩვენამდე, ორსულები საავადმყოფოში დროულად ვერ გადაგვყავს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რამხელა თანხას ვხარჯავთ ავტომობილების შეკეთებაზე“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ტრაილერების (ფურების) მძღოლებიც უკმაყოფილონი არიან აღნიშნული გზით, რადგან გზის მდგომარეობა (რომლის სიგრძეც დაახლოებით 30 კილომეტრია) არა მხოლოდ გზას უხანგრძლივებთ და ურთულებთ, არამედ სატვირთო ავტომობილებიც ფუჭდება ამ გზაზე.
13:40 საათისთვის, საპროტესტო აქციის ადგილზე 80 მონაწილე იმყოფება. ისინი ითხოვენ, რომ ასფალტის დაგებამდე გზა დროებით მაინც მოიყვანონ წესრიგში და ამოავსონ/გაასწორონ დიდი ორმოები.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც გზის გახსნას ითხოვენ.
Jnews საპროტესტო აქციის ადგილზე წასვლას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან ტაქსის მძღოლები იქ წასვლაზე უარს ამბობენ. გამოჩნდა მხოლოდ ერთი ტაქსისტი, რომელიც მზადაა იქ 180 ლარად წავიდეს, თუმცა ჩვენი წაყვანა მხოლოდ 3 საათის შემდეგ შეეძლება.
