მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, ახალქალაქში ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საბოლოოდ დაიწყო. სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო და პირველ ეტაპზე ითვალისწინებს საფეხბურთო მოედნის სრულ მომზადებას, ძველი ტრიბუნის დემონტაჟს და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას. პროექტის ღირებულება დაახლოებით 4,76 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე მათ კომპანია ANNIMA ახორციელებს.
სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში შპს „სათავე+“-მა გაიმარჯვა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მონაწილეობით ხორციელდება. კომპანიასთან ხელშეკრულება 2025 წლის 6 ნოემბერს გაფორმდა.
ამჟამად საფეხბურთო მოედანზე ნიადაგის ზედა ფენას იღებენ, რათა საფუძველი ახალი საფარისთვის მომზადდეს. ძველი ტრიბუნიდან სკამები უკვე დემონტირებულია. მომავალში არსებული ტრიბუნა სრულად დაინგრევა, ტერიტორია გათანაბრდება, ახალი ტრიბუნა კი იმავე ადგილზე აშენდება.
თავდაპირველად პროექტი არსებული ტრიბუნის მოპირდაპირე მხარეს 300 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნის მშენებლობას ითვალისწინებდა. თუმცა, მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლებით თხოვნით, პროექტი შეიცვალა. ტრიბუნა გადახურვით აღიჭურვება.

სამუშაოების ხელმძღვანელის, ვანო ლაპაჩის თქმით, სამუშაოები შესაბამისი მითითების მიღებისთანავე დაიწყო. მშენებლობა მანამ გაგრძელდება, სანამ ამის საშუალებას ამინდის პირობები იძლევა.
„მაქსიმალურად ვმუშაობთ, თუმცა ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. მერიამ გრუნტისთვის ადგილი გამოყო და მანქანებს მიწა იქ გადააქვთ. საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ. მოედანს ბალასტით დავფარავთ, რათა საფუძველი მტკიცე იყოს“, — განაცხადა სამუშაოების ხელმძღვანელმა ვანო ლაპაჩიმ.
დაფინანსების ძირითადი ნაწილი საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქციისთვის არის გათვალისწინებული. დაგეგმილია ძველი საფარის დემონტაჟი, საფუძვლის დაბეტონება, რის შემდეგაც 55 მმ სისქის ხელოვნური ბალახი დაიგება.
სამუშაოების ხელმძღვანელის თქმით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სტადიონი ევროპულ სტანდარტებს უპასუხებს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სტადიონის ჭიშკრის (კარების) რეკონსტრუქციას და შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურის შექმნას.
სტადიონის ტერიტორიაზე დაგეგმილია დამხმარე შენობების მშენებლობა, სადაც განთავსდება ადმინისტრაციული სათავსოები, ოთახები მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის, გასახდელები, დაცვის ოთახები და სხვა საჭირო ობიექტები.

ახალი ინფრასტრუქტურული შენობები სტადიონის მარცხენა მხარეს აშენდება.
სტადიონის მთელი ტერიტორია 2 მეტრის სიმაღლის ბადისებრი ლითონის ღობით შემოსაზღვრება. ახალი შენობები საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხებს და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
აღვნიშნავთ, რომ გუნდ „აბულის“ საშინაო მატჩები, რომლებიც ამ სეზონში ახალქალაქშია დაგეგმილი, სოფელ დილისკის სტადიონზე გაიმართება. სულ ამ სეზონში გუნდი „აბული“ ახალქალაქში ექვს მატჩს ჩაატარებს.