“130 მილიონი ერთ ღამეში და ვისკი, რომელმაც ოქტაგონს მიღმა სარეკორდო შემოსავლები მოუტანა” – ვინ არის UFC-ის 5 ყველაზე მდიდარი მებრძოლი”130 მილიონი ერთ ღამეში და ვისკი, რომელმაც ოქტაგონს მიღმა სარეკორდო შემოსავლები მოუტანა” – ვინ არის UFC-ის 5 ყველაზე მდიდარი მებრძოლი
შერეული საბრძოლო ხელოვნება (MMA) დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული სპორტია, ხოლო მისი მთავარი სცენა – Ultimate Fighting Championship (UFC) – უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ სასტიკი ბრძოლების მოედანი აღარაა. ეს არის გლობალური ბიზნესმანქანა, სადაც თითოეულ დარტყმას, ნოკაუტსა თუ საჩემპიონო ქამარს შეუძლია სპორტსმენის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს.
ქართველი მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, თუ რამხელა შრომა და თავდადება სჭირდება ოქტაგონზე წარმატების მიღწევას, თუმცა ბრძოლის დასრულების შემდეგ, არანაკლებ საინტერესოა ის ფინანსური დივიდენდები, რომლებსაც სპორტსმენები იღებენ. წლებთან ერთად, UFC-ის ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ მათ წარმატების მიღწევა არა მხოლოდ გალიაში, არამედ ბიზნესსა და შოუბიზნესშიც შეუძლიათ.
საერთაშორისო გამოცემა TUKO-ზე დაყრდნობით, სადაც ავტორიტეტულმა MMA ჟურნალისტმა, ჯეიმს ლინჩმა მებრძოლების შემოსავლები შეაფასა, წარმოგიდგენთ UFC-ის ისტორიაში 5 ყველაზე მდიდარი სპორტსმენის ფინანსურ მიღწევებსა და ისტორიას. სიის უპირობო ლიდერი კონორ მაკგრეგორია.
UFC-ის 5 ყველაზე მდიდარი მებრძოლი
1. კონორ მაკგრეგორი – 200 მილიონი აშშ დოლარი
ირლანდიელი პროფესიონალი მებრძოლი და ბიზნესმენი კონორ „The Notorious“ მაკგრეგორი 1988 წლის 14 ივლისს დაიბადა. ის მიჩნეულია ყველა დროის ყველაზე მდიდარ UFC-ის მებრძოლად, რომელმაც MMA-ის ფინანსურ არქიტექტურაში სრული რევოლუცია მოახდინა. როგორც უცხოური გამოცემა წერს, მხოლოდ უშუალოდ ოქტაგონზე გამართული ბრძოლებიდან მაკგრეგორის შემოსავალმა 39.3 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
მისი კარიერის ყველაზე მასშტაბური ფინანსური წარმატება მაინც 2017 წლის ისტორიულ ბოქსის შეხვედრას უკავშირდება ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ, სადაც ირლანდიელმა დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარი გამომუშავა. რაც შეეხება UFC-ის ეგიდით გამართულ ბრძოლებს, ყველაზე მაღალი ჰონორარი – დაახლოებით, 50 მილიონი აშშ დოლარი მან 2018 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრისას მიიღო.
სპორტული მიღწევების გარდა, მაკგრეგორმა უდიდესი ქონება ბიზნესით დააგროვა. მან დააფუძნა ვისკის ცნობილი ბრენდი Proper No. Twelve, რომლის საკონტროლო პაკეტის გაყიდვამ ასობით მილიონი მოუტანა (მთლიანი კომპანია დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა). ამას ემატება მსოფლიო გიგანტებთან გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტები, საიდანაც მაკგრეგორმა დამატებით 47 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
ამგვარად, პუბლიკაციაში მისი საერთო ქონება 200 მილიონ აშშ დოლარად ფასდება.
2. ხაბიბ ნურმაგომედოვი – 40 მილიონი აშშ დოლარი
რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც 1988 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. როგორც უცხოური გამოცემა წერს, მისი ფინანსური წარმატება ძირითადად, საბრძოლო შემოსავლებით, სპონსორული გარიგებებითა და პრომოუტერული საქმიანობითაა განპირობებული.
კარიერის განმავლობაში ხაბიბმა მხოლოდ ბრძოლებიდან დაახლოებით, 22.9 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. ყველაზე შემოსავლიანი 2018 წელს UFC 229-ზე კონორ მაკგრეგორთან გამართული ბრძოლა აღმოჩნდა, სადაც მისმა საბაზისო ჰონორარმა, ფასიანი ტრანსლაციების (Pay-Per-View) წილისა და ბონუსების გაუთვალისწინებლად, დაახლოებით, 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
პუბლიკაციის თანახმად, ნურმაგომედოვმა ოქტაგონიდან წასვლის შემდეგ წარმატებით განავითარა ბიზნესსაქმიანობაც. მან MMA-ს კიდევ უფრო პოპულარიზაცის მიზნით, საკუთარი საბრძოლო ორგანიზაცია Eagle Fighting Championship დააფუძნა და გააფორმა მსხვილი სპონსორული ხელშეკრულებები ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Reebok და Toyota, რის შემდეგაც მისი შემოსავლების წყარო კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახდა.
ამგვარად, უცხოური მედიის მიერ ხაბიბის საერთო ქონება 40 მილიონ აშშ დოლარად ფასდება.
3. ჟორჟ სენტ-პიერი – 20 მილიონი აშშ დოლარი
კანადელი ყოფილი მებრძოლი და მსახიობი ჟორჟ სენტ-პიერი, რომელსაც სპორტულ სამყაროში GSP-ის სახელით იცნობენ, 1981 წლის 19 მაისს დაიბადა. UFC-ის ორგზის ჩემპიონი შერეული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ და ტიტულოვან ათლეტად ითვლება. პუბლიკაციის მიხედვით, სენტ-პიერის ჯამური საბრძოლო შემოსავალი 10.95 მილიონი აშშ დოლარს აღწევს, საიდანაც მნიშვნეელოვანი თანხები სატიტულო ბრძოლებიდან და pay-per-view ღონისძიებებიდან მიიღო.
მან ყველაზე დიდი ჰონორარი – დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარი 2017 წელს UFC 217-ზე, მაიკლ ბისპინგის წინააღმდეგ გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში დაიმსახურა, სადაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე ტრიუმფით დაბრუნდა.
სპორტული კარიერის პარალელურად და მის შემდეგ, სენტ-პიერმა სერიოზული ფინანსური წარმატება მოიპოვა ისეთ ცნობილ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Under Armour და Hayabusa. გარდა ამისა, მან ძალები ჰოლივუდშიც სცადა და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მსხვილბიუჯეტიან ფილმსა და ტელეგადაცემაში, რამაც მებრძოლის შემოსავალები კიდევ უფრო მეტად გაზარდა.
ამგვარად, მისი საერთო ქონება უცხოურ მედიაში 20 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.
4. ბროკ ლესნარი – 20 მილიონი აშშ დოლარი
ამერიკელი პროფესიონალი რესლერი, ყოფილი MMA მებრძოლი და ყოფილი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ბროკ ლესნარი 1977 წლის 12 ივლისს დაიბადა. ის არის იშვიათი ათლეტი, რომელმაც ჩემპიონის ტიტულის მოპოვება როგორც UFC-ის ოქტაგონზე, ასევე WWE-ის რინგზე შეძლო.
UFC-ში ასპარეზობისას ლესნარმა დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისი ყველაზე მაღალი ერთჯერადი ანაზღაურება შერეულ ორთაბრძოლებში UFC 200-ზე მარკ ჰანტის წინააღმდეგ დაფიქსირდა, სადაც მებრძოლმა 2.5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, ბონუსებისა და PPV გაყიდვების წილის გარეშე.
ლესნარის ფინანსური იმპერიის უდიდესი ნაწილი WWE-სთან თანამშრომლობას, მერჩენდაიზინგიდან და სპონსორული გარიგებებიდან მიღებულ შემოსავლებს უკავშირდება.
ის ორგანიზაციის (WWE) ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია, რომლის საბაზისო წლიური ხელფასი 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამას ემატება თითოეულ ცენტრალურ ღონისძიებაში (Main Event) მონაწილეობისთვის მიღებული ბონუსი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით, 500 ათასი აშშ დოლარს აღწევს.
ლესნარისთვის ასევე დიდი მოგება მოაქვს ატრიბუტიკის გაყიდვებსა და სხვადასხვა სპონსორულ გარიგებებს.
5. ტიტო ორტისი – 20 მილიონი აშშ დოლარი
ამერიკელი ყოფილი მებრძოლი და პოლიტიკოსი იაკობ კრისტოფერ „ტიტო“ ორტისი 1975 წლის 23 იანვარს დაიბადა. UFC-ის ნახევრადმძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ორგანიზაციისა და ზოგადად MMA-ის განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული სახე იყო. ის UFC-ის ყველაზე მდიდარი მებრძოლების ტოპ ხუთეულს ხურავს.
ორტისმა თავისი ქონების ძირითადი ნაწილი კარიერის პიკში, მაღალრეიტინგული საჩემპიონო ორთაბრძოლებიდან დააგროვა, სადაც, გავრცელებული იფნრომაციით, თითო ბრძოლაში მისი შემოსავალი დაახლოებით, 3 მილიონ აშშ დოლარს აღწევდა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მან ფინანსური სტაბილურობა რეალითი-შოუებში მონაწილეობით, მედიაპროექტებითა და სხვადასხვა სარეკლამო გარიგებებით შეინარჩუნა, რამაც მისი ჯამური ქონება 20 მილიონ აშშ დოლარამდე გაზარდა.