საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელებსა და სანელებლებში „სუდანის“ ჯგუფის აზო-საღებავები აღმოაჩინეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორებს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია აეკრძალათ. კერძოდ, საუბარია სვანურ მარილსა და წითელ წიწაკაზე.
„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „სუდანის“ ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სექტემბერში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან სუნელებისა და სანელებლების 44 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.
ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, დარღვევები გამოვლინდა შემდეგ სურსათში:
წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 21.05.2028) — მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“. აღმოჩენილია Sudan I და Sudan IV.
სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 21.05.2028) — მწარმოებელი შპს „იღოეთი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 432549361; მისამართი: კასპის რაიონი, სოფელი იღოეთი). აღმოჩენილია Sudan I და Sudan IV.
ფარშის სანელებელი (დამზადების თარიღი: 29.06.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 29.06.2028) — მწარმოებელი შპს „დაბი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 401946392; მისამართი: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა). აღმოჩენილია Sudan Red G.
სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 15.09.2027) — მწარმოებელი შპს „ნტკ 2016“ (მისამართი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ქვედა კვირიკე, ბობოყვეთის შესასვლელი). აღმოჩენილია Sudan I.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს ჩამოთვლილი სურსათის რეალიზაცია აეკრძალათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს ბაზრიდან სუნელებისა და სანელებლების ამოღება და გამოთხოვა.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული სურსათი, თუ ის უკვე შეიძინეს.
„სუდანის“ ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივი სახით არ გვხვდება. ისინი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატებს. სურსათში საღებავების — Sudan I, Sudan II, Sudan III, Sudan IV, Sudan Orange G, Sudan Red G, Sudan Red 7B და Sudan Red B გამოყენება აკრძალულია.
რისკების შეფასებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა „სუდანის“ ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელებისა და სანელებლების 94 ნიმუში აიღო. აკრძალული საღებავები ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.