ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა შენდება. მშენებლობას ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამუშაოებს ამხანაგობა “არფი ჯგუფი” ახორციელებს – 2 013 120 ლარის დაფინანსებით.
სამშენებლო სამუშაოები პროცესშია. ძირითადად ადგილობრივი მშენებლები მუშაობენ. მუშების თქმით, ისინი ზამთარში მუშაობდნენ, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან ამინდი ამდენის საშუალებას არ იძლეოდა. დღეს, როდესაც Jnews-ი სკოლაში იყო, მუშები საქვაბეს აშენებაზე მუშაობდნენ.
ერთ-ერთი მშენებლის, მალხაზ პაპიძის თქმით, სოფელ ჩუნჩხიდან ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს მუშაობა, მათ ძველი შენობა დაშალეს, გაამაგრეს საძირკველი და მასზე ააშენებენ ახალ შენობას.
“ჩვენ 10 სატვირთო მანქანა მიწა გავიტანეთ, ორი-სამი დღის წინ სახურავში 20 სმ ბეტონი ჩავასხით, ახლა შველერებს ვალაგებთ. შიდა ტიხრები გამოვცვალეთ. შენობის გარშემო საძირკველი დაახლოებით 2 მ-ით ამოვთხარეთ და ბეტონი ჩავასხით. მე ვფიქრობ, რომ დროულად დავამთავრებთ. უბრალოდ ახლა არდადეგებია და შესაბამისად, მუშები ცოტაა”, – თქვა პაპიძე მალხაზმა.
შენობა ძველის საძირკველზე შენდება, მხოლოდ სველი წერტილი დაემატება, რადგან ძველ სკოლას არ ჰქონდა.
სოფელ დილისკას №1 საჯარო სკოლას გასული წლიდან არემონტებენ. სკოლა ავარიული იყო, ჭერი რომ ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. სკოლის შენობა არამარტო ავარიული იყო, არამედ სპორტული დარბაზიც არ ჰქონდა, ხოლო წვიმიან და თოვლიან ამინდში სახურავიდან წყალი წვეთავდა. ნესტის მიზეზით საკლასო ოთახების კედლები დაფარული იყო ქსელით და სოკოებით. სკოლას, ასევე, არ ჰქონდა ნორმალური ტუალეტი.
დირექციის მრავალრიცხოვანი საჩივრის შემდეგ, სახელმწიფომ შარშან სკოლის განახლება გადაწყვიტა. სკოლის სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. გამოიყო 2`238`973.00 ლარი. რემონტის ტენდერი მოიგო ამხანაგობა “არპი ჯგუფმა” – 2 013 120 ლარით.
სოფელ დილისკის №1 სკოლაში 216 მოსწავლე სწავლობს. სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი, რიმა მკოიანი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ.
“ჩვენ სოფლის ადმინისტრაციის შენობაში და კლუბის შენობაში გადავედით. ვსწავლობთ ორ ცვლაში. ახლა არდადეგები გვაქვს. დაგვპირდნენ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის მოასწრებენ. ახალ სკოლაში უკვე გვექნება ნორმალური ტუალეტი და წყალი, გათბობა”, – თქვა სკოლის დირექტორმა, რიმა მკოიანმა.
სოფელ დილისკას №1 საჯარო სკოლა დანგრევის პირასაა
მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯავახეთში 5 სკოლას გაარემონტებს