ჯავახელი მთასვლელების ტრიუმფი -გზა ელბრუსის მწვერვალისკენ

ჯავახელი მთასვლელების ტრიუმფი -გზა ელბრუსის მწვერვალისკენ

ჯავახეთის სამი მკვიდრი – ახალქალაქელები მარტინ მურადოვი (მურადიანი) და გევორგ პეტროსიანი, ასევე ნინოწმინდელი ერვანდ სავოიანი – ელბრუსის დასავლეთ მწვერვალზე ავიდნენ, რომლის სიმაღლეც 5642 მეტრია. ასვლას თვეების მომზადება, აკლიმატიზაცია და მთაში გატარებული ექვსი დღე დასჭირდა. მწვერვალამდე მიღწევა ექსპედიციის მონაწილეთა მხოლოდ მესამედმა შეძლო.

Alpinisti - 1
ასვლის შემდეგ ორგანიზატორებმა გუნდის ფოტო გამოაქვეყნეს და მწვერვალისკენ სავალ გზაზე ისაუბრეს.

„როგორც კი ბიჭები შტურმის ბანაკში დაბინავდნენ, შავი ღრუბლებითა და გრუხუნით ელვა და შტორმიამოვარდა. მან მზე მელნის ლაქასავით გადააფარა ხელი და რამდენიმე დღით მთის სრულუფლებიანი დიასახლისი გახდა. „პრიუტ 11“-სა და „პასტუხოვის კლდეებზე“ ასვლის შემდეგ საღამოები ყინულივით ცივი ქარით, წვიმითა და ლოდინით დაგვიმახსოვრდა: გაგვიშვებდა თუ არა ამინდი წინ? ღამით ისე ქუხდა, რომ დაძინება თითქმის შეუძლებელი იყო. კარგია, რომ შტურმისთვის ელვის მუხტი დაიშალა და ქარიც ჩადგა. ღამე მშვიდი და თბილი აღმოჩნდა. გაყინული თოვლი გაქვავდა. ვცდილობდით, ფეხდაფეხ გველახა გზა, რათა ძალები ამაოდ არ დაგვეხარჯა. პირველმა ირიბმა თარომ [გზის მონაკვეთმა] ყველა უძილო ღამე გაგვახსენა: თვალები თვითონ გვეხუჭებოდა. უღელტეხილზე სწრაფად წავიხემსეთ, მხარდამჭერი სიტყვები და მეორე ირიბი თაროსკენ მეტყველი მზერა გავცვალეთ. წინ ხომ ყველაზე ციცაბო მონაკვეთი გველოდა. აქ სრული კონცენტრაცია გახდა საჭირო. დროც ძალიან, ძალიან ნელა იწელებოდა. თუმცა, რაც უფრო ახლოვდებოდა მწვერვალი, მით უფრო ძლიერი იყო ემოციები. და როდესაც მიზანს მივაღწიეთ, ბოლო საათების მთელი დაძაბულობა უკან დარჩა“, — წერია ასვლის ორგანიზატორების Na_goru.ru-ს ანგარიშში, ფოტოს ქვემოთ.

ელბრუსი რუსეთის ყველაზე მაღალი მთაა და, ერთ-ერთი საყოველთაოდ მიღებული გეოგრაფიული კლასიფიკაციით, ევროპის უმაღლესი მწვერვალია. მისი დასავლეთ მწვერვალის სიმაღლე 5642 მეტრია, ხოლო აღმოსავლეთისა — 5621 მეტრი. ეს არის ორთავიანი ჩამქრალი ვულკანი, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე მდებარეობს. ელბრუსი შედის საერთაშორისო სიაში „შვიდი მწვერვალი“ — მსოფლიოს ყველა ნაწილის უმაღლესი წერტილები. განვითარებული ინფრასტრუქტურისა და საბაგირო გზის არსებობის მიუხედავად, ელბრუსზე ასვლა სერიოზულ ფიზიკურ მომზადებასა და სავალდებულო აკლიმატიზაციას მოითხოვს. გამოცდილი სპორტსმენებიც კი ხშირად იძულებულნი ხდებიან, უარი თქვან მწვერვალის დაპყრობაზე.

მარტინ მურადოვის თქმით, ექსპედიციაში მონაწილეობის მთავარი მოტივი სწორედ ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის დაპყრობის სურვილი გახდა.

„ინტერესი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთის უმაღლესი მწვერვალი დავიპყარით“.

მისი თქმით, მომზადებას ორ თვეზე მეტი დასჭირდა:

„უმომზადებლად ამ მთაზე ასვლა შეუძლებელია. ყველამ, ვინც ჩვენთან ერთად ადიოდა, მარათონები ირბინა, ცნობილი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმაც კი ვერ შეძლო ბოლომდე ასვლა. პირველი სირთულე ფიზიკური მომზადებაა, ხოლო მეორე — აკლიმატიზაცია. თუ ადამიანი ბარში ცხოვრობს, ის დაახლოებით 20 დღე უნდა იცხოვროს აქ, მთაში, რათა ზევით ასვლა შეძლოს.

ჩვენ ორ თვეზე მეტხანს ვემზადებოდით, დაახლოებით ერთი თვე ალკოჰოლი არ მიგვიღია (იცინის). слава Богу [მადლობა ღმერთს], ამინდი კარგი იყო, გაგვიმართლა. თუმცა კარგი ამინდი უკვე უშუალოდ შტურმის დროს დაიჭირა, მანამდე კი წვიმები და ელვა იყო. მწვერვალის დაპყრობის მთელი პროცესი ექვს დღეს გაგრძელდა. საბოლოო შტურმი საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე დაიწყო, დილით კი, დაახლოებით შვიდ საათზე, უკვე მწვერვალზე ვიყავით. მძიმე ნივთები საბაგირო გზით 3500 მეტრის სიმაღლემდე ავიატანეთ“, — ყვება მარტინი.

ასვლისას მონაწილეებმა მყინვარის საშიში მონაკვეთები გაიარეს, რომლებსაც ღრმა ბზარები ჰქონდა. მათი თქმით, რეალური საფრთხის გაცნობიერება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც რთული მონაკვეთი უკან დარჩება. ერთ არასწორ მოძრაობას ან ძალების დაკარგვას, შესაძლოა, ტრაგედია მოჰყოლოდა. ექსპედიციის განსაკუთრებული მომენტი გახდა დათვის ღრიალი, რომელიც ღამით, ბანაკიდან არც ისე შორს გაისმა. მონაწილეებისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ალპინისტების თქმით, თავდაპირველად მათ ცნობისმოყვარეობა დაეუფლათ — სურდათ გაეგოთ, ვინ იყო ირგვლივ, თუმცა სიფრთხილემ სძლია და გადაწყვიტეს, უცნობთან შესახვედრად გარეთ არ გასულიყვნენ.

ელბრუსი ცნობილია არა მხოლოდ თავისი სიმაღლით, არამედ უმომზადებელ მთასვლელებს შორის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით. დაღუპულთა ერთიანი ოფიციალური რეესტრი არ არსებობს, თუმცა, სხვადასხვა შეფასებით, მთაზე ყოველწლიურად 15-დან 20-მდე ადამიანი იღუპება. ტრაგედიების მთავარი მიზეზებია ამინდის სწრაფი ცვლილება, ძლიერი ქარი, მთის დაავადება, მყინვარული ბზარები და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება.

30-ზე მეტი ადამიანისგან დამდგარი ჯგუფიდან მწვერვალს მხოლოდ 14-მა მიაღწია.

„შთაბეჭდილებები ძალიან ძლიერია. ჯგუფი 34-ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა, კიდევ ოთხი გიდი გვყავდა, თუმცა მწვერვალამდე მიღწევა მხოლოდ 14-მა შეძლო. ზუსტად არ ვიცი, ავიდნენ თუ არა ჩვენამდე ახალქალაქელები, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ არ მსმენია. შესაძლოა, რუსეთში მცხოვრები ჩვენიანებიდან ვინმე ასულიყო. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ნინოწმინდიდან აშოტ თოფუზიანი იყო ასული“, — ამბობს გევორგ პეტროსიანი.

მისი თქმით, მთავარი გამოცდა არა იმდენად ფიზიკური დატვირთვა, რამდენადაც საკუთარ თავთან შეხვედრა ხდება.

„მთა თავისთავად შენივე ანარეკლია, შენი თვისებების სარკეა. შენ იცნობ საკუთარ თავს, შენს შესაძლებლობებს, შენს სულს, ფიზიკურ მომზადებას, მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. აღმოჩნდები ბუნებაში და ერთ მომენტში ის იცვლება: იწყება ელვა, შემდეგ თოვლი. ერთი გოგონა ჩამოვარდა, თუმცა ის მომზადებული იყო და შეძლო შეჩერება — იქ უსაფრთხოების ღვედი იყო. ღვედი რომ არ ყოფილიყო, ის დაიღუპებოდა. საშიში ადგილი ძალიან ბევრი იყო. და ეს ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც მიდიხარ წინ. დიახ, ასვლა სახიფათოა, მაგრამ იქ ასვლა ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, თუ ადამიანი ისე ემზადება, როგორც ჩვენ ვემზადებოდით“, -ამბობს ის.

Chambar - 1

ჯავახეთის სამივე მკვიდრი მთის მწვერვალებს პირველად არ იპყრობს. მთებისადმი სიყვარული მათ ჯავახეთში მდებარე აბულის მთით დაიწყო. აბულის შემდეგ, მთაზე შეყვარებული მრავალი ადამიანი აგრძელებს ასვლას არარატის მთაზე, რის შემდეგაც, თითქოს „დამოკიდებულნი“ ხდებიან მთის ადრენალინზე და სულ ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობენ.

რა ამოძრავებთ ადამიანებს, რომლებიც ნებაყოფლობით მიდიან იქ, სადაც ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე შეიწიროს? ზოგისთვის ეს საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის შემოწმების სურვილია, ზოგისთვის კი — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვერვალის დაპყრობის ოცნება. თუმცა, როგორც თავად ალპინისტები აღიარებენ, მთავარი აღმოჩენა 5642 მეტრის სიმაღლეზე არ ხდება.

მთები ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურად ცდიან. ისინი ამოწმებენ ხასიათს, გამძლეობასა და ექსტრემალურ პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარს. სწორედ ამბობს ბევრს, რომ იპყრობს არა იმდენად მთას, რამდენადაც საკუთარ თავს.

ფოტოები Jnews-ს მარტინ მურადოვმა (მურადიანმა) მიაწოდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე