ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების 28 სექტემბრის სხდომაზე დეპუტატები მერიის წარმომადგენლებით დაინტერესდნენ, განახლდებოდა თუ არა წელს ქალაქში საგზაო მონიშვნები. რაზედაც მერიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ წელს მონიშვნები არ დაიხაზება.
დაახლოებით ორი კვირის წინ ცენტრალურ, თავისუფლების ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულის მონაწილეობით მორიგი საგზაო-ტრანსპორტო შემთხვევა მოხდა. JNEWS-ის ინფორმაციით, ქვეითი გზას დაუთქმელ ადგილას გადადიოდა. ამასთან, მსგავსი შემთხვევები ახალქალაქში იშვიათობა არ არის. ბევრი ქვეითი ცენტრალურ ქუჩებს კვლავ აღნიშნული გადასასვლელების გვერდის ავლით გადადის.
გასულ წელს ცენტრალურ ქუჩებზე სიტუაცია ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა. ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის შემდეგ ბევრი მცხოვრები ცდილობდა სწორედ მათით ოსარგებლა. დამატებით ფაქტორად იქცა პატრულ-პოლიციის შემოწმებები და 50-ლარიანი ჯარიმები გზის დაუთქმელ ადგილას გადაკვეთისთვის. თუმცა ზამთრის შემდეგ საგზაო მონიშვნები ბევრ ადგილას კვლავ პრაქტიკულად გაქრა. მასთან ერთად ორიენტირება გაურთულდათ როგორც ქვეითებს, ისე მძღოლებს.
Jnews-ი ხშირად წერს იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალაქისთვის ქვეითთა გადასასვლელები და რამდენად ამცირებს ის ქვეითად მოსიარულეთა დაჯახების, ისევე როგორც ზოგადად საგზაო-ტრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, დეპუტატის კითხვაზე, დაიხაზება თუ არა ქუჩებში მონიშვნები, ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტერიტორიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა დეპუტატებს განუცხადა, რომ წელს ახალი საგზაო მონიშვნების დახაზვა არ იგეგმება.
როდესაც JNEWS-მა ზაფხულის დასაწყისში გზების მდგომარეობისა და მონიშვნების საკითხი წამოჭრა, მოვსისიანი ამბობდა, რომ ჯერ ორმოული რემონტის დასრულება იყო საჭირო, რის შემდეგაც მონიშვნების დახაზვის საკითხი გადაწყდებოდა.
«მართალი რომ ვთქვა, მიზეზი ის არის, რომ მთელი თანხა, რაც გვაქვს, უფრო მნიშვნელოვანია ქალაქის დარჩენილ ნაწილში ორმოული რემონტის ჩასატარებლად დავხარჯოთ. მით უმეტეს, რომ ახლა მონიშვნების გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან მალე ზამთარი მოვა. მომავალი წლისთვის ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ, ახალი კომპანიებიც არიან და იმედი გვაქვს, მათთან უკეთესი თანამშრომლობა გამოგვივა», — ასეთი კომენტარი გააკეთა არა მოვსისიანმა.