საქართველოში მსოფლიო ბანკის ფორუმი შუა დერეფნის შესახებ იმართება

საქართველოში მსოფლიო ბანკის ფორუმი შუა დერეფნის შესახებ იმართება

მსოფლიო ბანკის ჯგუფი მართავს რეგიონულ ფორუმს — „შუა დერეფანი: შემდეგი ეტაპი“, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მთავრობების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს „შუა დერეფნის“ სრული ეკონომიკური პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობების განსახილველად.
ფორუმზე გაიმართა მსოფლიო ბანკის ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია: „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“. მსოფლიო ბანკის ჯგუფის ინფორმაციით, პუბლიკაცია შეიცავს შუა დერეფნის სავაჭრო ნაკადების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის ეფექტიანობისა და დარგობრივი პოლიტიკის სფეროში არსებული გამოწვევების ყოველმხრივ შეფასებას, ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტულ დღის წესრიგს მთავრობებისა და კერძო სექტორის დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის.
როგორც აღინიშნება, ახალი ანგარიში აფართოებს გეოგრაფიულ არეალს და ამჯერად «შუა დერეფნის» მონაწილე ცხრა ქვეყანას განიხილავს. დოკუმენტი აფასებს, თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ ინვესტიციებს, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებსა და ინსტიტუტების გაძლიერებას 2040 წლისთვის დერეფანი ბევრად უფრო კონკურენტუნარიან, მდგრად და ზრდაზე ორიენტირებულ სავაჭრო მარშრუტად გარდაქმნას.
ანგარიშის თანახმად, «შუა დერეფანს» აქვს პოტენციალი, გახდეს ვაჭრობის, ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და აზიასა და ევროპას შორის რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა, თუმცა მისი მომავალი წარმატება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, არამედ თავად დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებაზეც.
ანალიზი აჩვენებს, რომ დერეფანზე მოთხოვნა მომდევნო 15 წლის განმავლობაში შეიძლება არსებითად გაიზარდოს, თუ ქვეყნები ითანამშრომლებენ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებსა და მომსახურების გაფართოებაში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე ხორციელდება, განვითარების შემდეგი ეტაპი მოითხოვს ბევრად სწრაფ და საიმედო სერვისებს, ვაჭრობის ხელშეწყობის მეტ ეფექტიანობას, ციფრვიზაციის მნიშვნელოვნად მაღალ დონესა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ასეთი ზომები აუცილებელია მაღალი ღირებულების საკონტეინერო გადაზიდვების მოსაზიდად, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის ასამაღლებლად და მთელ რეგიონში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად.
შუა დერეფნის» ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, ანგარიში მიუთითებს შემდეგი ზომების გატარების აუცილებლობაზე:
სატრანსპორტო ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის რკინიგზის, პორტებისა და გადაზიდვების ოპერატორების გაძლიერება მართვის სრულყოფის, ფინანსური მდგრადობის ამაღლებისა და კერძო კაპიტალის მნიშვნელოვნად უფრო აქტიური მოზიდვის გზით;
ტრანსსასაზღვრო პროცედურების გამარტივება სატრანსპორტო, საბაჟო-სატრანზიტო და სავაჭრო პროცედურების გამარტივებისა და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის დაჩქარების გზით;
ციფრვიზაციის დონის ამაღლება მთელი დერეფნის გასწვრივ თავსებადი სისტემების დანერგვის გზით, რომლებიც აამაღლებენ პროცესების გამჭვირვალობას, კოორდინაციასა და მონაცემთა სფეროში მომსახურების მიწოდების ხარისხს, ეროვნული სუვერენიტეტის ერთდროული დაცვით;
ინტეგრირებული სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვების განვითარება მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი, საიმედო და კომერციულად მიმზიდველი სატრანსპორტო გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად;
რეგიონული კოორდინაციისა და კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერება ეფექტიანობის შეფასების, დარგობრივი პოლიტიკისა და სახელმწიფო და კერძო სექტორების ურთიერთქმედების გზით», — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, კასპიისა და შავ ზღვებს შორის არსებული სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო უკვე ასრულებს წამყვან როლს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და ქვეყანა მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს მისი მომავლის ფორმირებაში. ანგარიშის დასკვნები რეგიონთან მიმართებით მიუთითებს მკაფიო დღის წესრიგზე საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, როლის გასაძლიერებლად, რაც ითვალისწინებს რკინიგზაში, საავტომობილო გზებში, პორტებსა და ლოგისტიკაში მიზნობრივი ინვესტიციების შეხამებას ისეთ რეფორმებთან, რომლებიც მიმართულია ტვირთების გადაადგილების დაჩქარებაზე, პროგნოზირებადობის ამაღლებაზე, ციფრვიზაციასა და საზღვრებსა და ოპერატორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.
ამავდროულად, ანგარიშის დასკვნები ხაზს უსვამს საქართველოსთვის იმ მნიშვნელოვან სარგებელს, რაც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას უკავშირდება. პროგნოზის თანახმად, 2040 წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ის 3,61%-იანი, ხოლო დასაქმების — 0,79%-იანი ზრდა, ასევე იმპორტისა და ექსპორტის გაფართოება. ეს მოწმობს საქართველოს ხელსაყრელ პოზიციებზე დერეფნის უფრო ინტეგრირებული და ეფექტიანი ქსელიდან სარგებლის მიღების თვალსაზრისით.
ანგარიშის თანახმად, „შუა დერეფნის“ განვითარების შემდეგი ეტაპი გულისხმობს არა მხოლოდ დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. საუბარია მთელი მარშრუტის, როგორც ინტეგრირებული ლოგისტიკური სისტემის, ფუნქციონირებაზე. საქართველოსთვის ეს ნიშნავს საკუთარი სტრატეგიული მდებარეობის გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნას საიმედო სატრანსპორტო მომსახურების, ძლიერი ინსტიტუტების, ციფრული კავშირების, კერძო ინვესტიციებისა და გაღრმავებული რეგიონული თანამშრომლობის გზით.

თეგები: მსოფლიო
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე