2027 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 1.332 მლრდ ლარამდეა გათვალისწინებული, მათ შორის 723 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია აღნიშნული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს არაერთი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზე დაყრდნობით გთავაზობთ ინფორმაციას იმ გზების შესახებ, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი:
ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია (მიმდინარეობს) – 2027 წლისთვის 30 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ეს გზა კურორტ აბასთუმნიდან კურორტ საირმისკენ მიმავალ უმოკლეს საავტომობილო მარშრუტს წარმოადგენს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის გავლით იმერეთის რეგიონს სამცხე-ჯავახეთთან აკავშირებს. მთავრობის განმარტებით, პროექტის განხორციელების შედეგად იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები ერთმანეთთან უკეთ იქნება დაკავშირებული, შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება ტურისტული ნაკადი და ხელი შეეწყობა ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (მიმდინარეობს) – 2027 წელს 50 მლნ ლარი დაიხარჯება.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტი მოიცავს ხულო-გოდერძის უღელტეხილისა და გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის მონაკვეთების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით, სამუშაოების შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.
ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა (მიმდინარეობს) – 2027 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.
ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ გზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაჩქარებულ მშენებლობას, ხოლო დასრულებული გზა შემდგომში ტვირთბრუნვისთვის იქნება გამოყენებული.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 0-კმ 50 მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (მიმდინარეობს) – 2027 წელს დაიხარჯება 60 მლნ ლარი.
პროექტი ითვალისწინებს 51 კმ-იანი საავტომობილო გზისა და 42 სახიდე გადასასვლელის მოდერნიზაცია-მშენებლობას.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (მიმდინარეობს) – მომავლ წელს გათვალისწინებულია 10 მლნ ლარი.
პროექტის ფარგლებში 11 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 17 სახიდე გადასასვლელსა და 3 გვირაბს მოიცავს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გზისა და გვირაბის მშენებლობა (მიმდინარეობს) – 2027 წელს 70 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 13.7 კმ-იანი გზის, 5 სახიდე გადასასვლელისა და 4 გვირაბის, ასევე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას. ამ დროისთვის საგზაო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის ხანდო-ფასანაურის შემოსავლელი და არშა-სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთების მშენებლობა (მიმდინარეობს) – 2027 წელს 80 მლნ ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში ჯამში 20 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა იგეგმება.
სენაკი-ფოთი-სარფის გზის ბათუმი (ჭოროხი)-სარფის მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობა (მიმდინარეობს) – მომავალ წელს გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი.
პროექტი მოიცავს 11 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობას, მათ შორის 7 კმ-იანი გვირაბის.
ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა (მიმდინარეობს) – 2027 წელს დაიხარჯება15 მლნ ლარი.
პროექტი ითვალისწინებს 31 კმ-იანი შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობას.
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ბადიაური-ბაკურციხის მონაკვეთის მშენებლობა (მიმდინარეობს) – 2027 წელს გათვალისწინებული 10 მლნ ლარი.
თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ზაჰესი-აეროპორტის კვანძის მონაკვეთის მშენებლობა (დაიწყება) – 2027 წელს იგეგმება 120 მლნ ლარის დახარჯვა.
პროექტი ითვალისწინებს 29 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.
თბილისი-წითელი ხიდის გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (დაიწყება) – 2027 წელს გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი.
პროექტის ფარგლებში თბილისი-წითელი ხიდის გზის კმ22-კმ57 მონაკვეთზე 32 კმ-იანი გზის მშენებლობა იგეგმება.
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (დაიწყება) – 2027 წელს დაიხარჯება 40 მლნ ლარი.
პროექტი ითვალისწინებს 29 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციას.
თბილისის შემოვლითი გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მშენებლობა (დაიწყება) – 2027 წელს გათვალისწინებულია 80 მლნ ლარი.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია აეროპორტის კვანძი-ლოჭინის 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.
თბილისის შემოვლითი გზის ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთის მშენებლობა (დაიწყება) – 2027 წელს დაიხარჯება 30 მლნ ლარი.
პროექტი ითვალისწინებს ლოჭინი-რუსთავის 10 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის წიწამური-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობა (დაიწყება) -იგეგმება 80 მლნ ლარის დახარჯვა.
ბიუჯეტის პროექტში 28 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაა გათვალისწინებული.
თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის მშენებლობა (კმ5-კმ8) (დაიწყება) – 2027 წელს გამოყოფილი იქნება 50 მლნ ლარი.
პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის გზის კმ5-კმ8 მონაკვეთზე 3.6 კმ-იანი გზის მშენებლობას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციისთვის 2027 წელს 400 მლნ ლარია გათვალისწინებული.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ აღნიშნული დაფინანსების მიზანია საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო გადაზიდვებისა და მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა. ამასთან, დაგეგმილი სამუშაოების შედეგად შეკეთდება და რეაბილიტირდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სახიდე გადასასვლელები. მთავრობის განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან, თვითმმართველ ქალაქებთან, ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ ადგილებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებას.
ცნობისთვის, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ამ ეტაპზე პირველადი ვერსიაა და მისი საბოლოო დამტკიცებამდე დოკუმენტში ცვლილებები და კორექტირებები შესაძლებელია.