სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ერევნელი მარტინ გუიუმჯიანის ვიდეოებს. მისი რგოლები ყურადღებას პირველ რიგში იმით იქცევს, რომ სომეხი ახალგაზრდა თავისუფლად საუბრობს ქართულად, ჰყვება საქართველოზე და ძირითადად ქართულ აუდიტორიას მიმართავს. დღეისათვის მის გვერდებს დაახლოებით 70–80 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთა უმრავლესობასაც, მისივე თქმით, სწორედ ქართველები შეადგენენ.

საუბარს იმ კითხვით ვიწყებთ, რომელსაც მარტინს, მისი თქმით, ყველაზე ხშირად უსვამენ:
„ყოველთვის მეკითხებიან, მაქვს თუ არა ქართული ფესვები, მაგრამ, სამწუხაროდ – არა. იქ ნათესავები არ მყავს. ძალიან მინდა ჩამოსვლა და იქ დიდხანს ცხოვრება. ბლოგის განვითარებასთან ერთად ხალხთან კავშირიც გაღრმავდა, თუმცა ნათესაური კავშირები მაინც არ მაქვს“.

მარტინი 25 წლისაა. იგი ერევანში დაიბადა, იქვე ცხოვრობს, დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსისტის სპეციალობით და პროფესიით მუშაობს. თუმცა, ფართო აღიარება მას ბლოგმა მოუტანა, რომელიც საქართველოს, ქართულ ენასა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეძღვნება. მარტინის თქმით, სწორედ სომხურ-ქართული ურთიერთობების განმტკიცება იქცა მისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად.

„თუკი რაიმე ნეგატიურს, თუნდაც სულ მცირეს ვამჩნევ, ძალიან განვიცდი. ყოველთვის მინდა, რომ ჩვენს ხალხებს შორის კულტურათაშორისი კავშირი განმტკიცდეს. ჩემ მიმართ ნეგატივი არასდროს მიგრძნია, თუმცა როდესაც სომხებისა და სომხეთის მისამართით ვხედავ რაღაც უარყოფითს, ეს, რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს. პირად საუბრებში ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ კარგიც და ცუდიც ყველგან არის, ისევე როგორც კარგი და ცუდი ადამიანები. არ ღირს ცუდზე კონცენტრირება და ფიქრი, თითქოს მთელი ერი ასეთია“.

მარტინი აღიარებს, რომ ქართული ენისადმი სიყვარული ბლოგის შექმნამდე ბევრად ადრე გაუჩნდა.

„ბავშვობაში, როდესაც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვდიოდით, სწორედ მაშინ შემიყვარდა ქართველი ხალხი. ყოველთვის მენატრებოდა იქაურობა. საქართველოს მთავარი კოლორიტი მისი მცხოვრებლები არიან. ამას ყოველთვის ვეუბნები სომხებსაც და ქართველებსაც. ერევანში დაბრუნებულს მენატრებოდა იქაურობა, ვუსმენდი ქართულ სიმღერებს და მოგონებებით ვცხოვრობდი. ასე გადავწყვიტე ენის სწავლა.

ძირითადი სიტყვები უკვე ვიცოდი -მისალმება, მოკითხვა. სწავლა იუთუბის (YouTube) გაკვეთილებით დავიწყე, შემდეგ სერიალების ყურებაზე გადავედი. პრაქტიკას კი მაშინ გავდიოდი, როცა დასასვენებლად ჩავდიოდი – ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ ეს ენა ვიცი და მიყვარს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა დონეზე ვფლობ ქართულს, მაგრამ ვფიქრობ, B1–B2 იქნება“.

Martin 3

დღეს გამომწერებმა უკვე იციან მისი ისტორია, თუმცა თავდაპირველად ქართველების რეაქცია განსაკუთრებით ძლიერი და ემოციური იყო.

„მწერდნენ, რომ ყოჩაღი ვარ, რადგან ენა ვისწავლე და რომ პატივს ვცემ მათ კულტურასა და ენას“.

მარტინის აზრით, სახელმწიფო ენის ცოდნა იმ ქვეყნის პატივისცემის საკითხია, სადაც ადამიანი ცხოვრობს.

„სომხეთის მაგალითს მოვიყვან, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ საქართველოშიც ასეა. ჩამოდიან რუსები და უკრაინელები, მაგრამ, სამწუხაროდ, სომხურს ან ქართულს არ სწავლობენ. თავიანთ ენაზე საუბრობენ და ასე ცხოვრობენ. ჩემი აზრით კი, მათ პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ენას და ფლობდნენ მას. რა თქმა უნდა , თუ ტურისტის სტატუსით არ ხარ და აპირებ დიდხანს იცხოვრო, იმუშაო და გადასახადები გადაიხადო, ენა უნდა იცოდე“.

მასთან საქართველოში ხშირად მსჯელობენ ჯავახეთში მცხოვრები სომხების მიერ ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის თემაზეც.

„ყოველთვის მეუბნებიან: აი, შენ ისწავლე, აქ მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა კი -არაო. მე ვპასუხობ, რომ თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, რომელ ქვეყანაში იცხოვროს, რა აკეთოს და რა ისწავლოს. თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ცხოვრობ და მუშაობ, ენის ცოდნა აუცილებელია“.

ერთ-ერთი თემა, რომელიც მისი პუბლიკაციების კომენტარებში რეგულარულად ჩნდება, სომხებსა და ქართველებს შორის არსებული ისტორიული დავები და მეტოქეობაა. თავად ბლოგერი მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხები ურთიერთუნდობლობის მიზეზი არ უნდა გახდეს.

„ჩემი აზრით, ისტორიის წიგნებში ყველაფერი წერია — რა მოვლენები ხდებოდა, რომელ კერძს რომელი ერი ამზადებდა და ასე შემდეგ. მოსაზრებები შეიძლება განსხვავებული იყოს, თუმცა არსებობს ოფიციალური წყაროები, სადაც წერია, რა ვის ეკუთვნის. ისე კი, ლაპარაკით ყველას შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ ამით არაფერი წყდება. ერთი ადამიანის აზრით მთელ ერზე წარმოდგენა არ უნდა შეგვექმნას. ჩემი აზრით, არასწორი იქნება, თუ რეაგირებას მოვახდენთ ყველაფერზე, რასაც ხალხი ამბობს. იმიტომ, რომ უნდა ამოვიდეთ იქიდან, თუ როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, რა გზა გაიარა და რატომ ამბობს ამას“.

იგი აღნიშნავს, რომ უბრალოდ ნეგატივს უფრო მეტი ყურადღება ექცევა და ის უფრო მეტად წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე, ვიდრე პოზიტივი.

Martin 1

მის მონაყოლში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯავახეთსაც -რეგიონს, რომელსაც მარტინი ბოლო დროს ხშირად სტუმრობს.

„ბავშვობიდან მოყოლებული, ზღვისკენ, აჭარისკენ მიმავალი ჩემი გზა სწორედ აქედან, ჯავახეთიდან გადიოდა. ამ მხარის მოსახლეობას ძალიან კარგად ვიცნობდი და ჩემს ვიდეოებში ყოველთვის ვამბობ, რომ ისინი ძალიან გულღია ხალხია. ერევანშიც ხშირად ვხვდები ჯავახელებს. კონკრეტულად რატომ ჩავდივარ მაინცდამაინც იქ, ვერ გეტყვით, რადგან საქართველოს ბევრ რეგიონს ვსტუმრობ. ცოტა ხნის წინ ვიყავი კახეთში, თბილისში, ჯავახეთში. თითოეული რეგიონის არქიტექტურაში, ცალსახად, არის თავისებური განსხვავება. საინტერესოა იმით, რომ ახალციხე, მაგალითად, ისტორიული ქალაქია, სადაც სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს…

განსხვავებებზე თუ ვისაუბრებთ, მთლიანობაში საქართველო მრავალფეროვანია, აქ სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. თუმცა ჯავახეთში არის ის მომენტიც, რომ კონკრეტულად აქ კომპაქტურად ცხოვრობენ სომხები. ეს კი, სომხურ-ქართული კავშირიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ჯავახეთის შესახებ ქართველებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე სხვა ხალხებმა ან თუნდაც სომხეთის სომხებმა. მაგრამ ჯავახეთის საფუძველი სომხები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

Martin 2

დღეს მარტინის ბლოგი მხოლოდ საქართველოსა და ქართულ ენაზე მონაყოლით არ შემოიფარგლება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კვლავაც ქართველი აუდიტორიისთვის სომხეთის, მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხის გაცნობაა. მარტინი ყვება ერევანზე, აჩვენებს სომხეთის სხვადასხვა კუთხეს, გამომწერებს აცნობს ქვეყნის თავისებურებებს და ცდილობს ის არა მხოლოდ ტურისტული ადგილებით, არამედ ყოველდღიური ცხოვრებითაც დაანახოს. მისი პუბლიკაციების ქვეშ ხშირად იწერება პოზიტიური კომენტარები, ხოლო ბევრი გამომწერი საქართველოდან სვამს კითხვებს სომხეთსა და სომხებზე – ინტერესდებიან კულტურით, ტრადიციებით, ქალაქებითა და იმ ადგილებით, რომელთა მონახულებაც ღირს. მარტინისთვის სწორედ ეს არის მისი ბლოგის მთავარი იდეა -არა მხოლოდ ისაუბროს საქართველოსადმი სიყვარულზე, არამედ შექმნას სივრცე, სადაც სომხები და ქართველები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ.