ახალ სასწავლო წელს, წინასწარი მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველ კლასში 525 ბავშვი უნდა წავიდეს. თუმცა პირველკლასელთა საბოლოო რაოდენობა ჯერ უცნობია – სიების შევსება კვლავ გრძელდება.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, თერეზა ჩივჩიანის განცხადებით, მშობლები ბავშვების რეგისტრაციას სასწავლო წლის დაწყებამდე ბოლო დღეებშიც აგრძელებენ. მხოლოდ დღეს სიას კიდევ ორი მომავალი პირველკლასელი დაემატა.
ქალაქის ხუთ საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე 183 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ყველაზე მეტი მოსწავლე №2 საჯარო სკოლაში წავა — 80 ბავშვი. №4 საჯარო სკოლაში 45 პირველკლასელია დარეგისტრირებული, №1 სკოლაში – 26, №3 სკოლაში -19, ხოლო №5 სკოლაში – 13.
ამასთან, 525 ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ციფრი, რადგან მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს ბავშვების დამატებითი რეგისტრაციის შემდეგ. მიმდინარე სასწავლო წელს პირველი ზარი არ დაირეკება სოფელ აპნიის, ბალხოს, დიდი სამსარის, თახჩას, მოდეგამის, მურჯახეთისა და სოფელ ოკამის №2 სკოლებში.
ამასთანავე, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობის აღნიშვნით, „პირველი ზარის“ ღონისძიება ჩატარდება მუნიციპალიტეტის ყველა იმ სკოლაში, სადაც ამის პირობები არსებობს. მანამდე ზოგიერთ სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. თერეზა ჩივჩიანის თქმით, დღეისათვის ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია, რის გამოც სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყება.
განსაკუთრებული სიტუაციაა სოფელ სულდისა და ოკამის სკოლებში, სადაც ამჟამად სკოლის ახალი შენობები შენდება. მიმდინარე მშენებლობის მიუხედავად, მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მაინც დაიწყება, ხოლოს საზეიმო „პირველი ზარი“ სკოლების ძველ შენობებში გაჟღერდება.