18 წლის ქართველმა მოდელმა და პროფესიონალმა მოცეკვავემ, ანი სტეფანიშვილმა, საერთაშორისო სილამაზის კონკურსის – Miss Asia Global 2026-ის მთავარი გვირგვინი მოიპოვა. მალაიზიის ქალაქ პენანგში გამართულ ფინალში მან 37 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. საქართველოსთვის ეს კონკურსის ისტორიაში პირველი გამარჯვებაა.
ფინალი 24 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ვიცე-მისის ტიტული მალაიზიის წარმომადგენელმა ჯინგ ენმა მიიღო, მეორე ადგილი უზბეკეთის მონაწილეს ერგო, მესამე – ტაილანდის, ხოლო მეოთხე – მექსიკის წარმომადგენელს.
გამარჯვების შემდეგ ანი სტეფანიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციები გააზიარა. როგორც თავად წერს, იმ მომენტში, როდესაც სცენაზე საქართველოს სახელი გაიგო და გამარჯვება გააცნობიერა, პირველი, რაც იგრძნო, პირადი წარმატების სიხარული კი არა, სამშობლოს სახელით მოპოვებული გამარჯვების სიამაყე იყო.
როდესაც სცენაზე საქართველოს სახელი გავიგე და გავიაზრე, რომ გავიმარჯვე, პირველი, რაც ვიფიქრე, არ ყოფილა ის, რომ მე, ანი სტეფანიშვილმა, კონკურსი მოვიგე. ჩემი პირველი ემოცია იყო ის, რომ ჩემი სამშობლო ვასახელე, ჩემს ქვეყანას კიდევ ერთი გამარჯვება მოვუტანე და ჩემს მიზანს მივაღწიე“, – წერს ანი.