29 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბუნებრივ გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესების შესაძლო შედეგები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთა მდგომარეობას, სადაც გათბობის სეზონი საგრძნობლად დიდხანს გრძელდება, ხოლო მკაცრი კლიმატური პირობების გამო ენერგორესურსების მოხმარება მაღალია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნაირი ირიციანმა წინადადება წამოაყენა, დაიწყოს მუშაობა მაღალმთიანეთის მცხოვრებთა ინტერესების დასაცავად და აღნიშნული საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ინიცირდეს.
ეს საკითხი ჩვენც გვეხება, ვიდან ჩვენ (რედაქციის შენიშვნა: მაღალმთიანეთის მცხოვრებლები) მეტ გაზსა და წყალს მოვიხმართ. ამ რესურსებს ჭირვეულობის ან სიამოვნების გამო კი არ ვიყენებთ, არამედ იმიტომ, რომ ამას ამინდის პირობები მოითხოვს. შედეგად, შესაძლოა ყველა დაზარალდეს — ბიზნესი, მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლება“, — განაცხადა ირიციანმა.
მისი თქმით, მხოლოდ საკრებულოს შენობის გათბობაზე ყოველთვიურად 1500-დან 2000 ლარამდე იხარჯება, გათბობის სეზონი კი უკვე ოქტომბერში იწყება. ირიციანმა ხაზი გაუსვა, რომ სატარიფო პოლიტიკის შესაძლო ცვლილება განსაკუთრებით მწვავედ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებზე შეიძლება აისახოს.
„რატომ უნდა იხდიდნენ მაღალმთიანეთის მცხოვრებლები მეტს? მე ვთავაზობ, დაიწყოს ამ საკითხის განხილვა და შეიქმნას კომისია, რომელიც პარლამენტთან იმუშავებს. ჩვენ გვყავს დეპუტატები, უკვე გქვონდა ერთობლივი პროექტები. მოდით, შევხვდეთ და გავარკვიოთ, ვინ ლობირებს მაღალმთიანეთის მცხოვრებთა ინტერესებს. ჩვენ გვესმის, რომ ფასები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ რა ქნან მცხოვრებლებმა — უკანასკნელი კარი დაკეტონ და წავიდნენ? რა გველოდება ორ ან ხუთ წელიწადში? ეს საკითხი ჩვენს კომპეტენციაშია“, — აღნიშნა მან.
სხვა დეპუტატებმაც მიაქციეს ყურადღება მაღალმთიანეთში ცხოვრების თავისებურებებსა და ტარიფების ფორმირებისას კლიმატური პირობების გათვალისწინების აუცილებლობას. „როგორც მაღალმთიან რეგიონს, განა არ შეგვიძლია გვქონდეს გარკვეული კვოტები? ჩვენთან ზამთარი რვა თვეს გრძელდება“, — აღნიშნეს დისკუსიის მონაწილეებმა.
დეპუტატმა ჰამლეტ მოვსისიანმა წამოაყენა წინადადება, ინფორმაცია გამოითხოვონ გაზგამანაწილებელი კომპანიისგან, რათა უფრო სრული წარმოდგენა შეიქმნან დაგეგმილ ცვლილებებსა და მოსახლეობის მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმებზე.
„ჩვენ უნდა გამოვკითხოთ გაზგამანაწილებელი კომპანია, რადგან ამ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაძლოა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის არსებობს გარკვეული კვოტები. როდესაც სიტუაციაში მკაფიოდ გავერკვევით, შევძლებთ მოვამზადოთ წერილი და დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია, იმის გათვალისწინებით, რომ დიდ სიმაღლეზე ვცხოვრობთ და მკაცრ პირობებს ვაწყდებით“, — განაცხადა მოვსისიანმა.
სხდომის მსვლელობისას ასევე აღინიშნა, რომ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუ კონკრეტულად რა მექანიზმები იქნება გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები სპეციალურ პირობებს ვერ მიიღებენ, დეპუტატები გეგმავენ განიხილონ შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვის შესაძლებლობა.
ახალქალაქის საკრებულოში გამართული განხილვა უკავშირდება საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფებს ეხება. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) აძლევს შესაძლებლობას, მოხმარების მოცულობის მიხედვით დააწესოს დიფერენცირებული, ანუ საფეხურებრივი ტარიფები.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა მოქმედი ტარიფების ვადის 2026 წლის ბოლოს ამოწურვის ფონზე. მარეგულირებელმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს ახალი მეთოდოლოგია და სატარიფო ბადე. სემეკის ინფორმაციით, ახალი სისტემა თითქოს მიმართულია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, ფასების ცვლილების სოციალური შედეგების შესარბილებლად და რესურსების რაციონალური გამოყენების წასახალისებლად. ცალკეული კატეგორიის მომხმარებლებზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესების კონკრეტული შედეგები დამოკიდებული იქნება დამტკიცებულ მეთოდოლოგიასა და საბოლოო სატარიფო ბადეზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ტარიფების საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივი გათბობის სეზონისა (7-8 თვე) და ცივი კლიმატის პირობებში საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნების აუცილებლობის გამო. პარლამენტთან და მარეგულირებელთან ამ საკითხზე შემდგომი დისკუსია მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს, დააფიქსიროს ადგილობრივი მცხოვრებლების პოზიცია და მიაღწიოს სატარიფო პოლიტიკის ფორმირებისას რეგიონის კლიმატური და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებას.