დაკავებული თანამდებობის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი მენეჯერებს აქვთ – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი – 1 132 ლარი იყო არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე.
2025 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდებოდა ქვეყანაში:
მენეჯერები – 3 609 ლარი;
სპეციალისტი-პროფესიონალები – 2 301 ლარი;
ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები – 2 188 ლარი;
სულ {საშუალო ხელფასი საქართველოში} – 2 165 ლარი;
ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები – 2 066 ლარი;
დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები – 1 944 ლარი;
ოფისის დამხმარე პერსონალი – 1 897 ლარი;
მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები – 1 534 ლარი;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკები – 1 261 ლარი;
არაკვალიფიციური მუშაკები – 1 132 ლარი.
აღსანიშნავია, ისიც რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მაგალითისთვის, მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი – 4 312 ლარით.
2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% – სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).
საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი – სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა,” – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.