შემოდგომის ბარაქა ქილებში: ახალქალაქური დაკონსერვების სეზონი

შემოდგომის ბარაქა ქილებში: ახალქალაქური დაკონსერვების სეზონი

შემოდგომა ჯავახეთში მხოლოდ მოსავლის აღებისა და სიცივისთვის მზადების ხანა როდია. ეს დაკონსერვების სეზონიცაა — პერიოდი, როდესაც ახალქალაქის ბაზარში ბოსტნეულის ფერები მრავლდება, ოჯახებში კი ზამთრისთვის გემოების შენახვის ტრადიციული ფაცაფუცი იწყება.

ახალქალაქის ბაზარი ამ დღეებში შემოდგომის ჭრელი ფერებითაა სავსე. დახლები დატვირთულია წითელი წიწაკით, მწიფე პომიდვლით, პრიალა ბადრიჯნით, კიტრით, კომბოსტოთი, სტაფილოთი, მწვანილითა და იმ სხვა ბოსტნეულით, რაც ზამთრისთვის აუცილებელია. ბაზარში მოსული ჯავახელი ქალები დიდხანს დგანან დახლებთან, გულდასმით ათვალიერებენ პროდუქტს, ადარებენ ფასებს და არჩევენ იმას, რაც უახლოეს თვეებში მათ მარნებსა თუ სათავსოებში უნდა განთავსდეს.

ეს სწორედ ის დროა, როცა ზაფხულისა და შემოდგომის ნათესები დროულად უნდა შეინახოს ზამთრისთვის.

ჯავახეთში ოჯახური კონსერვების მომზადება უბრალო საყოფაცხოვრებო საქმე არ არის. ეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას – დედებიდან და ბებიებიდან გადაეცემა. თითქოს ყველა ოჯახს თავისი პატარა საიდუმლო აქვს: ზოგი მჟავე კიტრის განუმეორებელ გემოს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი – ცხარე აჯიკას, ზოგიც -ბადრიჯნისა თუ პომიდვრის ასორტს.

დილის ბაზრიდან შინ დაბრუნებული ქალების შრომა მხოლოდ ახლა იწყება. ნაყიდი პროდუქტი სამზარეულოში ხარისხდება, ირეცხება, იწმინდება, იჭრება და სუნელებით ზავდება. ძმრის, სანელებლების, მხუთავი ბოსტნეულისა და ახალი მწვანილის არომატი მთელ სახლში ვრცელდება. მაგიდაზე ეტაპობრივად ჩნდება მინის ქილები, თავსახურები და გამზადებული ბოსტნეული.

ჯავახელი ქალებისთვის სავსე მარანი თუ სათავსო დიდი ხანია ოჯახური ბარაქისა და კეთილდღეობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ზამთრის გრძელ თვეებში, როცა ფანჯრის მიღმა თოვლი დევს და როგორც სოფლად, ისე ქალაქში ცხოვრების რიტმი ნელდება, კონსერვები გასული თბილი სეზონების ტკბილ მოგონებად იქცევა ხოლმე.

„სომეხი ქალის სარდაფი ცარიელი არ უნდა იყოს. შესაძლოა, დღეს აღარ არის იმ რაოდენობით დაკონსერვების აუცილებლობა, როგორც ადრე იყო, მაგრამ ზაფხულისა და შემოდგომის არომატი ზამთარშიც აუცილებლად უნდა მოგვყვებოდეს“, – ამბობს ქალბატონი ლუსია.

ამავდროულად, უკანასკნელ წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება ზამთრისთვის ბოსტნეულის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი — გაყინვა. ბევრი ოჯახი ამჯობინებს პროდუქტის ნაწილი გაასუფთავოს, დაჭრას და საყინულეში შეინახოს შემდგომი გამოყენებისთვის. ზოგისთვის ეს უფრო მოსახერხებელი ალტერნატივაა, სხვები კი ტრადიციული დაკონსერვების ერთგულნი რჩებიან.

„გასულ წელს დიდი საყინულე კამერა ვიყიდე, ახლა უფრო მეტ ბოსტნეულსა და ხილს ვყინავ — ასე ვიტამინები უკეთ ინარჩუნებს თვისებებს. კონსერვებიდან კი ძირითადად ბევრ მწნილსა და აჯიკას ვამზადებ“, — გვიზიარებს ქალბატონი სირუშ ტონაკანიანი.

„90-იან წლებში, როცა მაღაზიებში პროდუქტი არ იყო, ყველაფერს განურჩევლად და ძალიან დიდი რაოდენობით ვაკონსერვებდით. ახლა სუპერმარკეტებში ყველაფერია, ბოსტნეული წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია, თუმცა დაკონსერვება მაინც შეუცვლელ პირობად რჩება. ჩემს ოჯახს გაყინული პროდუქტები არ უყვარს, ამიტომ, რა თქმა უნდა, არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე, მაგრამ მაინც დიდი სიყვარულით ვაკეთებ ზამთრის მარაგს“, – ამბობს ქალბატონი ს. მ.

„ჩემს შვილიშვილებს კომპოტები ძალიან უყვართ, ამიტომ დიდი რაოდენობით ვხუფავ. გარდა ამისა, ხილს ცალკე ვყინავ კიდეც, რომ ზამთარში ახალი კომპოტები მოვუხარშო. და, რა თქმა უნდა, აჯიკა და მწნილი შეუცვლელი საზამთრო მარაგია“, — ამბობს ქალბატონი გოარი.

„მთელი ცხოვრება ბევრ კონსერვს ვაკეთებდი, დიდება ღმერთს, მოწამვლის შემთხვევა არასდროს გვქონია, თუმცა ბოლო დროს დაკონსერვების შეშინდა და მეტი პროდუქტის გაყინვა დავიწყე“, — აღნიშნა ქალბატონმა ჟუჟუნამ.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ დაკონსერვების კულტურა ჯერ არ ქრება. პირიქით, შემოდგომის დადგომასთან ერთად ახალქალაქის ოჯახებში ისევ იწყება ნაცნობი ფაცაფუცი: წახვიდე ბაზარში, შეარჩიო საუკეთესო ბოსტნეული, დაბრუნდე შინ და მინის ქილებში ზამთრისთვის „ჩახუფო ზაფხული“.

როდესაც ბოლო ქილა მიიკვლევს ადგილს სარდაფის თაროზე, დიასახლისიც თითქოს ამოისუნთქავს: ზამთრის ნაწილი უკვე მზადაა. ფანჯრის მიღმა ბარდნიდეს, სიცივეც დიდხანს გაგრძელდეს, თაროზე მწკრივად ჩამწკრივებული ჭრელი ქილები მაინც ინახავს მზიანი დღეების გემოსა და ოჯახურ სითბოს.

ავტორი: არექნაზ გრიგორიან

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე