დღეს, 13 სექტემბერს, ახალქალაქში საქართველოს სომხური ეპარქიის სომხური სამოციქულო ეკლესიის მთავარი ტაძრის – სურბ ხაჩის (წმინდა ჯვრის) ხელახალი კურთხევა და გახსნა გაიმართა.
ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სომხური და ქართული ეკლესიების სასულიერო პირები, ქველმოქმედები, სტუმრები და მრევლი ესწრებოდნენ.
ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძრის ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონია, სასულიერო პირების მონაწილეობით, სომხური ეპარქიის წინამძღვარმა, მისი აღმატებულება ეპისკოპოსმა ტერ კირაკოს დავთიანმა აღასრულა.
კარების გახსნის ცერემონიის შემდეგ, წმინდა მირონით იკურთხა სურბ ხაჩის ტაძრის წმინდა ტრაპეზი, ეტლი (სანაათლავი) და 16 სვეტი.
ეპარქიის წინამძღვარმა კურთხევის სიგელები გადასცა ქველმოქმედებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სურბ ხაჩის ეკლესიის რესტავრაციაში.
ხელახლა აკურთხებულ ეკლესიაში პირველი წმინდა წირვა აღესრულა. წირვის მიმდინარეობისას მორწმუნეთათვის აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებები ჩატარდა.
წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, მისი უწმინდესობის გარეგინ II-ის მამობრივი კურთხევა და თბილი სურვილები გადასცა და სურბ ხაჩის ტაძრის ხელახალი კურთხევა მიულოცა.
ეპისკოპოსმა მადლიერება და კურთხევა გამოხატა ეკლესიის რესტავრაციაში მონაწილე თითოეული ადამიანის — მშენებლების, ოსტატების, ქველმოქმედებისა და სომეხი ხალხის მიმართ. საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის წმინდა წირვა მფარველობის ლოცვით დასრულდა.
სადღესასწაულო დღის ბოლოს, ეკლესიის ეზოში, ხალხური ცეკვების თანხლებით, შესაწირი შესწირეს (მადაღი იკურთხა) და სტუმრებს გამასპინძლდნენ.










