1 სექტემბრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება. სამი თვის განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლების ახალკურსდამთავრებულები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები შეძლებენ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას მერიაში, ხოლო ყველაზე წარმატებულ მონაწილეებს სახელმწიფო სტრუქტურებში შემდგომი დასაქმების შანსი მიეცემათ. დღევანდელი მონაცემებით, ახალქალაქში სტაჟირებისთვის 3 ვაკანსია გამოცხადდება.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2024 წლიდან ხორციელდება. მისი მთავარი მიზანია უმაღლესი სასწავლებლების ახალკურსდამთავრებულებს სახელმწიფო სტრუქტურებში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის წყალობით სახელმწიფო უწყებებში სპეციალისტების ახალი თაობა მოდის.
მუნიციპალიტეტის მერიები ვაკანსიებს აცხადებენ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებიც თავისუფალია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ვაჩაგან წორმუტიანის თქმით, რომელიც ამ თანამდებობაზე ახლახან დაინიშნა და მანამდე მერიის საორგანიზაციო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, პროგრამა ღიაა ყველა მსურველისთვის, ვინც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„კონკურსი იქნება ღია და გამჭვირვალე. განმცხადებელი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. თუ კანდიდატი აკმაყოფილებს მოთხოვნებს და წარმატებით გაივლის საკონკურსო პროცედურებს, იგი შეძლებს სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას. ჩვენ არ გვაქვს უფლება სტაჟიორის ვაკანსია გამოვაცხადოთ იმ ადგილზე, სადაც უკვე მუშაობს თანამშრომელი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეისათვის სამი ვაკანტური პოზიციაა“, — განაცხადა მან.
ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს უშუალოდ სასწავლებლის დასრულების წელს, აგრეთვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგი ვაკანსიები გაიხსნება:
მერიის იურიდიული სამსახურის სპეციალისტი;
სოციალური მუშაკი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში;
პროგრამისტი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
ვაჩაგან წორმუტიანის თქმით, თუ სტაჟიორი თავს კვალიფიციურ და პერსპექტიულ სპეციალისტად წარმოაჩენს, პროგრამის დასრულების შემდეგ იგი შესაძლოა მუდმივ სამუშაოზე მიიღონ.
„ეს კარგი შანსია ახალკურსდამთავრებულებისთვის. ისინი არა მხოლოდ იღებენ მუშაობისთვის საჭირო გამოცდილებას, არამედ სტაჟირებას ანაზღაურებით გადიან“, — აღნიშნა ვაჩაგან წორმუტიანმა.
2024 წელს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში ერთი სტაჟიორი იქნა მიღებული.
2025 წელს პროგრამის კრიტერიუმები ვერცერთმა განმცხადებელმა ვერ დააკმაყოფილა. ვაჩაგან წორმუტიანის თქმით, კანდიდატების უმრავლესობას უმაღლესი სასწავლებელი რამდენიმე წლის წინ ჰქონდა დამთავრებული, რის გამოც მათ მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.
წელს განაცხადების მიღება 1 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გასტანს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განიხილება იმ კანდიდატთა განაცხადები, რომლებიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრების ჩატარებას ითვალისწინებს.