ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში ცხოვრობს ბეგლარი — რომანტიკული სულის, დახვეწილი განცდებისა და მდიდარი ფანტაზიის ახალგაზრდა, რომლისთვისაც ცხოვრება მხოლოდ ყოველდღიური საქმეების, ჩვეულებრივი საუბრებისა და დღეების უბრალო მონაცვლეობა არ არის. ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც შეჩერება, სხვებისთვის შეუმჩნევლის დანახვა და ისეთი რამის შეგრძნება შეუძლია, რისი ახსნაც ზოგჯერ შეუძლებელია. ბეგლარ ჩრაღიანი ქმნის და, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ოთხი წიგნის გამოცემა მოასწრო.
ბეგლარის სამყაროში სიტყვები უბრალოდ სიტყვები არ არის. ეს არის მოგონებები, განცდები, უთქმელი აზრები, მოლოდინები და გრძნობები. როდესაც ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მეტყველებაში აღარ ეტევა, იბადება პოეზია.
ბეგლარი პედაგოგების ოჯახში დაიბადა. მას ორი ძმა ჰყავს და ოჯახში შუათანა შვილია. დედა ფილოლოგია, მამა კი წლების განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა. ასე შეხვდა ერთ ოჯახში ორი განსხვავებული სამყარო: სიტყვა და რიცხვი, გრძნობა და ლოგიკა.
თვითონ ბეგლარი, თუნდაც ძალიან უყვარდეს მათემატიკა, შინაგანი სამყაროთი ყოველთვის უფრო ახლოს იყო გრძნობებთან, სილამაზესთან და ოცნებებთან. რიცხვებს შეეძლო იგი თავისი სიზუსტით დაეინტერესებინა, მაგრამ სწორედ სიტყვები აძლევდა საშუალებას, გამოეხატა ყველაფერი, რაც მის შიგნით ცოცხლობდა — ის, რასაც ვერც გამოთვლიდი და ვერც ფორმულით გამოითვლიდი.
„ჩემი პირველი ლექსი მთვარის შუქზე დავწერე, მთვარის სილამაზით მოხიბლულმა. მაშინ 12 წლის ვიყავი და ვწერდი უპასუხო სიყვარულზე, რომელიც იმ დროს ჯერ არ განმეცადა. თუმცა წლების შემდეგ ეს მართლაც დამემართა და ეს, მართლაც, ძალიან საინტერესო იყო“, — ამბობს ბეგლარი.
კითხვაზე, თუ რა ანიჭებდა მას შთაგონებას შემოქმედების დასაწყისში და რა შთააგონებს ახლა, ჩვენმა გმირმა უპასუხა:
„როცა პატარა ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ყველაფერ ლამაზზე ლამაზი სიტყვებით მინდოდა საუბარი. თავდაპირველად ყურში მუსიკა ჩამესმოდა, შემდეგ სიტყვები მოდიოდა და ჩემი განცდების ქაღალდზე გადატანის სურვილი მიჩნდებოდა. ერთხელ ხელში ტერიანის ლექსების კრებული ჩამივარდა, მისი ნაწარმოებები იმდენად ახლობელი აღმოჩნდა ჩემი გულისთვის, რომ საკუთარი თავი მის სტრიქონებში ვიპოვე და არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ტერიანის შემოქმედებამ ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია“.
15 წლის ასაკში ბეგლარ ჩრაღიანი ერევანში გადადის საცხოვრებლად. სოფლიდან ქალაქში გადასვლის შემდეგ ის უფრო მეტს წერს.
„რადგან იქ მეტი ემოცია იყო — სიყვარული, მონატრება… არავინ იცოდა, რომ ვწერდი. მხოლოდ 2019 წელს, როდესაც უკვე საკმარისი მასალა დამიგროვდა, ჩემს უფროს ძმას მივმართე, რომელთან ერთადაც ერევანში ვცხოვრობდი. მან გამომცემლობა „ლუსაკნში“ ჩემი პირველი კრებულის -„ჩემი სულის თვალები“ გამოცემაში შემიწყო ხელი. დეკემბერი იყო, ზამთრის არდადეგები იწყებოდა, წიგნი ავიღე და მაშინვე სოფელში წამოვედი -ჩემი ოჯახისთვის ეს ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა“, -იხსენებს პოეტი.
ბეგლარმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამის რეაქცია იყო, რადგან მამას, თავისი მათემატიკური პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის სურდა, რომ ვაჟებსაც ეს მიმართულება არჩიათ.
„მამას რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია, თუმცა დღემდე, როდესაც ნაცნობებს ამაზე ვესაუბრები, ყველანი აღნიშნავენ, რომ პირად საუბრებში იგი ყველასთან ამაყობდა ჩემი წერით“.
ასე აღმოჩნდა მათემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდა ბეგლარი ეტაპობრივად პოეზიის გზაზე. კითხვაზე, ხომ არ ნანობს, რომ ფილოლოგიური განათლება არ მიიღო, რადგან ამ შემთხვევაში მისი ენა უფრო დახვეწილი იქნებოდა, ბეგლარმა უპასუხა:
„გარდა იმისა, რომ ძალიან მიყვარს IT სფერო და ჩემს თავს შემდგარ სპეციალისტად მივიჩნევ, ამ პროფესიით ფინანსურადაც უზრუნველყოფილი ვარ — სამწუხაროდ, დღეს უბრალოდ პოეტობით თავს ვერ ირჩენ“.
შესაძლოა, მისი პირველი ლექსები იმ დროს დაიბადა, როდესაც ახალგაზრდა ბეგლარის გული უპასუხო სიყვარულითა და ემოციებით იყო სავსე; შესაძლოა -ხანგრძლივი ფიქრების, უთქმელი სიტყვების ან იმ განცდების დროს, რომელთა სიტყვებით გამოხატვაც ჭაბუკის გულს ზოგჯერ არ შეუძლია. თუმცა ერთი რამ უდავოა: ბეგლარისთვის პოეზია უბრალო ჰობი არ არის – ეს მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ახლა კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში ვმუშაობ, მირჩევნია თავი პოეტად წარვადგინო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, აღმიქვამდნენ როგორც პოეტ ბეგლარ ჩრაღიანს“.
ის რომანტიკოსია. ეს იგრძნობა არა მხოლოდ მის მიერ დაწერილ სტრიქონებში, არამედ იმაშიც, თუ როგორ ხედავს იგი სამყაროს. ბეგლარს შეუძლია ჩვეულებრივ მოვლენებში განსაკუთრებულის დანახვა, წუთიერ მომენტებში — სილამაზის, ხოლო სიჩუმეში — სიტყვების.
დღეისათვის ბეგლარს უკვე გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი:
„ჩემი სულის თვალები“ (2019 წ.), გამომცემლობა „ლუსაკნი“.

WhatsApp Image 2026-07-24 at 12.41.59

„ფარული სევდა“ (2021 წ.), გამომცემლობა „ლუსაკნი“.

WhatsApp Image 2026-07-24 at 12.41.59 (1)

განმეორებადი სიყვარულის ნოემბერი“ (2022 წ.), გამომცემლობა „ლუსაკნი“.

WhatsApp Image 2026-07-24 at 12.41.59 (2)

გატეხილი ლამპა“ (2024 წ.), გამომცემლობა „ლუსაკნი“.

WhatsApp Image 2026-07-24 at 12.41.59 (3)

მეხუთე წიგნის, „სინათლე ქაოსიდან“, პრეზენტაცია ხვალ, 30 ივლისს, ერევანში, ავეტიკ ისააკიანის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

WhatsApp Image 2026-07-24 at 12.41.59 (4)
ბეგლარის ისტორია იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი შემოქმედებითი გზა ისეთ ოჯახში დაიწყო, სადაც განათლებასა და წიგნებს ყოველთვის ცენტრალური ადგილი ეჭირა. დედის ფილოლოგიურმა აზროვნებამ და მამის მათემატიკურმა სიზუსტემ მასზე, ეტყობა, განსხვავებული გავლენა იქონია — ერთმა იგი სიტყვასთან დააახლოვა, მეორემ კი — აზროვნებასთან.