25 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახჩაში სოფლის დღე აღნიშნეს. წელს სოფელ ტახჩას დაარსებიდან 191 წელი შეუსრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფელში მუდმივად მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, დღესასწაულზე ტახჩაში დაბადებულები და მათი შთამომავლები სხვადასხვა ქვეყნიდან – რუსეთიდან, სომხეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან ჩამოვიდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი და სხვა დეპუტატები.
საზეიმო ღონისძიებები სოფლის შესასვლელთან საგანგებოდ აშენებულ დარბაზში დაიწყო. 191 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო სცენა და მომზადდა სადღესასწაულო კონცერტი. სტუმრების წინაშე წარსდგნენ მოწვეული არტისტები: გურგენ დაბაღიანი, გრიგორი ესაიანი და არტაშ ასატრიანი. საკუთარი ნომრები ასევე წარადგინეს ადგილობრივმა საცეკვაო კოლექტივებმა — „ჯავახეთმა“ და „ვაჩიანმა“. მეზობელი ასპინძის მუნიციპალიტეტიდან კი ჩამოვიდა ანსამბლი „იბერია“, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა სადღესასწაულო კონცერტში.
დღესასწაულის ყველაზე პატარა სტუმრებისთვის გასართობი პროგრამა მოეწყო: მუშაობდა ბატუტები, წყლის ბურთები, დათვების კოსტიუმებში გამოწყობილი ანიმატორები და სხვა საბავშვო ატრაქციონები.
დღესასწაულის განსაკუთრებული სტუმარი გახდა 80 წლის თოკზე მოსიარულე (აკრობატი) ვლადიმერ აკოპიანი, რომელმაც თავისი ოსტატობა აჩვენა და მაყურებელს ნათელი ემოციები აჩუქა.
საკონცერტო პროგრამის შემდეგ დღესასწაული გაგრძელდა დარბაზში, სადაც სოფლის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უხვად გაშლილი სადღესასწაულო სუფრები ელოდათ.
დღესასწაულმა სხვადასხვა თაობის სოფლის მკვიდრნი გააერთიანა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წლებისა და მანძილის მიუხედავად, ტახჩელები გულმოდგინედ ინახავენ კავშირს თავის მშობლიურ მიწასთან და მის ტრადიციებთან.