ყოველ წელს ახალქალაქის სკოლების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, სწავლა მშობლიური ქალაქის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს. ზოგი თბილისში აბარებს, ზოგი ერევანს ირჩევს, სხვები კი რუსეთში, ევროპაში ან სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც საცხოვრებლად დარჩენას ცდილობენ. ბევრისთვის ეს არ არის უბრალოდ გარემოს შეცვლის სურვილი, არამედ შესაძლებლობებითა და პერსპექტივებით ნაკარნახევი აუცილებლობაა.

მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თავად ახალქალაქში სპეციალობების არჩევანი შეზღუდულია. მრავალი თანამედროვე პროფესიის შესწავლა აქ უბრალოდ შეუძლებელია. თუ ახალგაზრდა ოცნებობს გახდეს არქიტექტორი, IT-სპეციალისტი, დიზაინერი, ინჟინერი, ბიოტექნოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ან განათლება სხვა საინტერესო მიმართულებებით მიიღოს, მას უწევს უნივერსიტეტების ძებნა დიდ ქალაქებში ან საზღვარგარეთ. სწავლის პროცესში კი ისინი იქვე ცდილობენ სამსახურის პოვნას – უკვე ნაცნობ გარემოსა და ცხოვრებაში, რომელიც ახალქალაქთან შედარებით მაღალი აქტიურობით გამოირჩევა.

მარტინ ფალანჯიანი ახალქალაქიდან არის და ხშირად ჩამოდის სახლში; მან ერევნის უნივერსიტეტი დაამთავრა IT მიმართულებით და იქვე მუშაობს პროფესიით.
„ახალქალაქში არ არის პერსპექტივები – არც ტექნოლოგიური კომპანიებია, არც ინტერნაციონალური და საერთაშორისო, ამიტომ ჩემს შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა. შესაძლებელი იქნებოდა, თუ სადმე დისტანციურად დასაქმდებოდი და ახალქალაქში იცხოვრებდი, მაგრამ ეს უკვე თითოეულის არჩევანია. დიდი ქალაქები, დიდი ქვეყნები, დიდი შესაძლებლობები. ადამიანებს სურთ სპორტით დაკავდნენ, იარონ წრეებზე, რათა მათ შვილებს მომავალში ჰქონდეთ წრეებზე ან საერთაშორისო სკოლებში სიარულის შესაძლებლობა. ადამიანები ვერ პოულობენ მუშაობის შესაძლებლობას, ვერ ხედავენ პოტენციალს ადგილზე – როგორც შემოსავლის, ისე ცხოვრების დონის თვალსაზრისით, ალბათ ეს არ ყოფნით და ამიტომაც ყველაზე ხშირად საცხოვრებლად გადადიან“, – ამბობს მარტინ ფალანჯიანი ერევნიდან.

თუმცა საქმე მხოლოდ პროფესიაში არ არის. თანამედროვე განათლება – ეს არა მხოლოდ დიპლომი, არამედ ის გარემოცაა, რომელშიც ადამიანი ვითარდება. დიდი ქალაქები სტუდენტებს პიროვნული ზრდისთვის ბევრად მეტ შესაძლებლობას სთავაზობენ. აქ ტარდება კონფერენციები, მასტერკლასები, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, სტაჟირებები, ენის კურსები, კულტურული ღონისძიებები და შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს თვალსაწიერის გაფართოებასა და იმ გამოცდილების მიღებაში ეხმარება, რომლის მიღებაც მხოლოდ ლექციებზე შეუძლებელია.

რიმა პროფესიით ჟურნალისტი, ასევე მარკეტინგისა და PR-ის სპეციალისტია. ახალქალაქში სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლის გაგრძელება თბილისში გადაწყვიტა, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო. რიმას თავისუფლებისმოყვარე და ცნობისმოყვარე ხასიათმა იგი ევროპაში მიიყვანა, სადაც მან ერთი წელი იცხოვრა და გერმანიის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა. ახლახან იგი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, თუმცა არა თავისი პროფესიით.

„ჩვენი ქალაქი ძალიან პატარაა და ახალგაზრდებისთვის განვითარების სივრცეები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ახალგაზრდებს არ აძლევს საშუალებას იყვნენ თავისუფლები, მათ შორის სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისითაც, თბილისში მაინც არის ადგილები – თუნდაც არა იმ მასშტაბით, როგორც ევროპაში – სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ წავიდნენ, რაღაც ისწავლონ, რაღაც ნახონ. იქნება ეს ფილმების ჩვენება, პროგრამები, გამოფენები, სადაც მათ შეუძლიათ კონტაქტები გაცვალონ, სავარაუდო შესაძლებლობების შესახებ გაიგონ და სხვადასხვა თემაზე ისაუბრონ. სტუდენტური ცხოვრებისა და ქსელის გარდა, სტუდენტებს აქვთ ნეტვორკინგის (კავშირების დამყარების) და კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა…“

ამასთან, შესაძლებლობები არის არა მხოლოდ კლასიკურ განათლებაში, არამედ დამატებით, გასართობ განათლებაში, სპორტულ განვითარებასა და, რატომაც არა, მრავალფეროვან შოპინგშიც.

„ჩემთვის ახალკალაქში პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც უბრალოდ წახვალ. ეს არ ნიშნავს, რომ მიკრძალავენ, მე თავისუფალი ვარ, უბრალოდ ასეთი ადგილები ფიზიკურად არ არის. რაც შეეხება ქალაქს პერსპექტიულობის კუთხით, რადგან იქ ბევრი რამ არ არის, შესაძლებელია გარკვეული სტარტაპების დაწყება. შეიძლება რაღაც ახალის, რაღაც ბიზნესის შექმნა, ტურიზმის განვითარება. შესაძლოა, პატარა ქალაქში ეს უფრო ეფექტურიც იყოს, ვიდრე დიდში, სადაც პრაქტიკულად ყველაფერი უკვე არის“.

რიმას ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ახალკალაქში დაბრუნდეს და სკოლაში ან სხვა სახელმწიფო სამსახურში იმუშაოს.

საქართველოდან ბევრი სტუდენტი მოსკოვს ირჩევს, რადგან, მათი აზრით, იქ სწავლისა და მუშაობის მეტი შესაძლებლობაა. რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში 250-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია თავმოყრილი, მათ შორის მგუ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი , ეკონომიკის უმაღლესი სკოლა და მგმო (საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი). ეს იძლევა ძლიერი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევისა და ისეთი დიპლომის აღების შესაძლებლობას, რომელიც ფასობს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დიდ ქალაქში ცხოვრების პლუსებთან ერთად, ახალგაზრდები უარყოფით ასპექტებსაც აღნიშნავენ. ასე მოიქცა სუზანაც, რომელსაც სამი პროფესია აქვს: სასამართლო ფსიქოლოგი, იურისტი და კრიმინალისტი. ამჟამად, ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, იგი საქმისწარმოების სამმართველოში მუშაობს.

„კიდევ ერთი პლუსი არის სტაჟირებისა და პირველი სამსახურის პოვნის მეტი შანსი. მაგალითად, სტუდენტს შეუძლია დასაქმდეს საუნივერსიტეტო განყოფილებაში, საერთაშორისო კომპანიაში, მომსახურების სფეროში ან ოფისში ნახევარ განაკვეთზე. ბევრისთვის ეს კარგი გზაა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ სწავლის დროს მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და კარიერის შენება დაიწყოს“.

სუზანა ასევე საუბრობს გადასახლების მინუსებზეც, რომელთა შორისაც ბინის მაღალი ქირაა.

„ამას ემატება ტრანსპორტის, კვებისა და სასწავლო მასალების ხარჯები, ამიტომ სტუდენტებს ბიუჯეტის გულდასმით დაგეგმვა უწევთ. კიდევ ერთი სირთულე ადაპტაციაა. ბევრი მიდის ოჯახიდან და მეგობრებისგან შორს, ამიტომ პირველ ხანებში თავს მარტოდ გრძნობს და სახლი ენატრება. გარდა ამისა, სწავლისა და მუშაობის შეთავსება მარტივი არ არის: ლექციები, დავალებები და გამოცდები დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ მოსკოვში გადასვლა მათ ეხმარება გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, მიიღონ ხარისხიანი განათლება და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები“, – ამბობს სუზანა ჰარუთუნიანი.

პატარა ქალაქი ზღუდავს ახალგაზრდების შესაძლებლობებს, ხოლო სოფლად ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო შეზღუდული ხდება: სამუშაო ადგილებზე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომა დამატებით ძალისხმევასა და ხარჯებს მოითხოვს. უახლოეს ქალაქში ვაკანსიების არსებობის შემთხვევაშიც კი, რეგულარული ტრანსპორტის არარსებობა შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს.

სოფლის ბევრი მაცხოვრებლებისთვის არჩევანი შემოიფარგლება ან გადასახლებით, ან სახლთან ახლოს ნაკლები შესაძლებლობების მქონე სამუშაოს ძებნით. სწორედ ამიტომ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და სოფლის დასახლებებში ახალი პერსპექტივების შექმნა მნიშვნელოვანი პირობაა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთ რეგიონში დარჩენა და მომავლის შენება არა მხოლოდ დიდ ქალაქებში.

ნარინე პროფესიით ტურიზმის სფეროს სპეციალისტია, თუმცა მისი არცერთი სამსახური ტურიზმთან საერთოდ არ არის დაკავშირებული.

„მიზეზი ის არის, რომ ჩვენს დროში აქ (თბილისში) მეტი სამუშაო ადგილია და ადვილად შევძელი მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა. მეორეც, ჩვენს სოფელში რომ დავბრუნდე, მაქსიმუმი, რაც შემიძლია გავაკეთო, სკოლაში მუშაობაა. ხოლო თუ ბიზნესსექტორში დავიწყებ სამსახურის ძებნას, რაღაც ახალქალაქში უნდა ვიპოვო და ქალაქში გადავიდე. რადგან სოფლიდან ქალაქში რეგულარული ტრანსპორტი არ დადის, რომ ყოველ დილით ქალაქში წავიდე და საღამოს სახლში დავბრუნდე. ასეთ შემთხვევაში მანქანით სიარული მომიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასის უდიდესი ნაწილი გზასა და ტრანსპორტში უნდა დავხარჯო. ზოგადად, ვფიქრობ, ახალგაზრდებს წინსვლა სურთ და თუ ახალქალაქი ხელს შეუწყობს ახალგაზრდობას, ბევრი უკან დაბრუნდება“, – ამბობს ნარინე ზაქარიანი თბილისიდან.

გარდა ამისა, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში სწავლა ადამიანს მეტ თავისუფლებას აძლევს. ეს არის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები, ისწავლო საკუთარი დროისა და ფინანსების მართვა, შეეგუო ახალ პირობებს და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ასეთი უნარები პროფესიულ ცოდნაზე არანაკლებ ფასეული ხდება.

რა თქმა უნდა, ახალქალაქის დატოვების გადაწყვეტილება ბევრისთვის მარტივი არ არის. ახლობლები, მეგობრები და ნაცნობი გარემო სახლში რჩება. თუმცა, ახალგაზრდების უმრავლესობას ესმის, რომ ხარისხიანი განათლება და შესაძლებლობების ფართო არჩევანი მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული კარიერის შექმნისა და მომავალში საკუთარი თავის რეალიზების შანსებს. ასე ფიქრობს გრიშაც, რომელიც თბილისის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემდეგ მშობლიურ სოფელ ხავეთში აღარ დაბრუნებულა. ის თბილისში მუშაობს, თუმცა არა თავისი პროფესიით.

„თავისუფლება და შესაძლებლობები. აქ საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა პატარა ქალაქებთან შედარებით, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ამჟამად თბილისი არის ადგილი, სადაც ბევრ ახალგაზრდას შეუძლია ფართო შესაძლებლობების პოვნა, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში, რათა განვითარდნენ თანამედროვე მიმართულებებით, შეიძინონ ახალი უნარები და ააწყონ წარმატებული კარიერა“, – ამბობს გრიშა მკრტჩიანი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

დღესდღეობით, ახალქალაქის ფარგლებს გარეთ სწავლის არჩევა მშობლიურ ქალაქზე უარის თქმას არ ნიშნავს. ეს უფრო მეტად არის სწრაფვა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების მიღებისკენ, რაც მეტის მიღწევაში დაეხმარებათ. ბევრს იმედი აქვს, რომ ერთ დღეს შეძლებს ამ გამოცდილების გამოყენებას თავისი რეგიონის საკეთილდღეოდ, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მომავალ თაობებს.