„ერთი ცა, კულტურათა მრავალფეროვნება“ — ახალქალაქში მასშტაბური ფესტივალი გაიმართა

„ერთი ცა, კულტურათა მრავალფეროვნება“ — ახალქალაქში მასშტაბური ფესტივალი გაიმართა

ახალქალაქში სამდღიანი ფესტივალის — „ერთი ცა, კულტურათა მრავალფეროვნება“ მეორე დღე გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის უფრო ფართო პლატფორმებზე წარდგენა, რაც ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების აღიარებასა და გავრცელებას.
საქართველოში ეს ფესტივალი წელს პირველად ტარდება. სამდღიანი პროგრამის პირველი დღე თბილისში, „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში“ ჩატარდა. მეორე დღის ღონისძიებები ახალქალაქში მოეწყო, ხოლო ფესტივალის დასკვნითი დღის ჩატარება 1 ნოემბერს, ბოლნისშია დაგეგმილი.
1
„პროექტი ახალია და საქართველოში პირველად ტარდება. იგი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ორგანიზაცია „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით“, — განუცხადა JNEWS-ს ფესტივალის ორგანიზატორმა ელენე ლაზარეშვილმა.
8
ახალქალაქში ფესტივალი მცირერიცხოვანი მაყურებლის თანსწრებით ჩატარდა. შესაძლოა, მაყურებელთა მცირე რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი ღონისძიების შესახებ წინასწარი განცხადების არარსებობა გახდა.
2
ფესტივალი „ერთი ცა, კულტურათა მრავალფეროვნება“ მრავალჟანრული ღონისძიებაა — თეატრალური წარმოდგენებიდან დაწყებული, ეროვნული სიმღერებითა და ცეკვებით დამთავრებული. ფესტივალში მონაწილეობა ახალქალაქის ადგილობრივმა საცეკვაო ანსამბლებმაც მიიღეს. გარდა ამისა, თბილისიდან ჩამოსულმა ნუცას სკოლის აღსაზრდელებმა მაყურებელს მუსიკალური ნომრები და თეატრალური წარმოდგენა წარუდგინეს.
3
პროექტი „ერთი ცა, კულტურათა მრავალფეროვნება“ მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების გაერთიანებას ერთ პლატფორმაზე, რაც მათ საკუთარი თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია მრავალეროვანი საზოგადოების კულტურული სიმდიდრის გამოვლენისა და სხვადასხვა თემს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
ახალქალაქში ფესტივალზე დაბალი დასწრება აჩვენებს, რომ კულტურული ღონისძიებების წარმატებული ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შინაარსიანი პროგრამა, არამედ საზოგადოების დროული და ჯეროვანი ინფორმირებაც.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე