ოლავერდში საკუთარი სოფლის პირობებს არ უჩივიან. ამბობენ — მთავარია, მშვიდობიანად იცხოვრონ. თუმცა, ახალგაზრდების უმეტესობა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ უკან აღარ ბრუნდება, რადგან სოფელში სამუშაო ადგილები არ არის.
ჯავახეთის მთების კალთებში, მწვანე ბუნებასა და სიმშვიდეში ჩაფლული სოფელი ოლავერდი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სოფლად გეჩვენებათ. თუმცა, აქ გატარებული სულ რამდენიმე საათიც კი საკმარისია იმის გასაგებად, რომ სოფელს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. სოფლის ვიწრო ქუჩებში სიმშვიდე სუფევს, ეზოებიდან მომავალი ბავშვების ხმები კი მთებიდან წამოსული ქარის ზუზუნს ერწყმის. სოფლის სამლოცველოსთან იკრიბებიან მოხუცები, რომლებიც მზად არიან სიყვარულით გიამბონ თავიანთ სოფელზე, ტრადიციებსა და ყოველდღიურობაზე.
კითხვაზე, თუ რა პრობლემები აქვთ სოფელში, პაპები ღიმილით პასუხობენ:
„რა პრობლემა, შვილო, პრობლემა სად არ არის? კმაყოფილები ვიყოთ, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ“.
დღეს სოფელში დაახლოებით 150 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, ბავშვები ბაღში სოფელ ბარალეთში დადიან. სოფლის საჯარო სკოლაში კი 89 მოსწავლე სწავლობს.
„წელს სკოლა 3-მა მოსწავლემ დაამთავრა, თუმცა სკოლაში 8 პირველკლასელი მივიღეთ, რაც ყველასთვის ძალიან საგულისხმო და სასიხარულო ფაქტია“, — აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ჰოვანეს სრაბიანმა Jnews-თან საუბარში.
კითხვაზე, აგრძელებენ თუ არა ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში, ჰოვანეს სრაბიანმა უპასუხა:
„წლევანდელი კურსდამთავრებულები სწავლას არ აგრძელებენ, ისინი ბიჭები არიან. თუმცა შარშან 12 კურსდამთავრებული გვყავდა, მათგან ხუთი უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ამავე კლასიდან ერთმა გოგონამ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, ანუ 12 მოსწავლიდან 6 სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს“.
ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიღებას ძირითადად თბილისში ამჯობინებენ.
ჰოვანეს სრაბიანთან ასევე ვისაუბრეთ ახალგაზრდების შემდგომ დასაქმებაზე, სოფელში დაბრუნებასა თუ დიდ ქალაქებში მუშაობაზე.
„შეიძლება ითქვას, სოფელში ერთადერთი სამუშაო ადგილი სოფლის სკოლაა, სადაც ამ დროისთვის ვაკანსიები არ არის. შარშან სამსახურში მივიღეთ ერთი გოგონა, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო, თუმცა სხვა თავისუფალი ადგილები აღარ გვაქვს. არიან ახალგაზრდები, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ დიდ ქალაქებში პოულობენ სამსახურს, ზოგიერთი კი მშობლიურ სოფელში ბრუნდება და ოჯახურ საქმეებს ჰკიდებს ხელს ან საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ“.
სოფელ ოლავერდის მცხოვრებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას როგორც ერევანში, ისე თბილისში იღებენ, თუმცა, როგორც აღნიშნეს, ბოლო წლებში უფრო მეტად თბილისში სწავლისკენ ისწრაფვიან.
„ერევანში ნასწავლებს უჭირთ ჩვენთან სამსახურის პოვნა, იქ სწავლის შემდეგ იქვე რჩებიან, ხოლო თბილისში ნასწავლებისთვის უფრო ადვილია ჩვენთან სამუშაოს შოვნა“, — აღნიშნა სოფელ ოლავერდის მკვიდრმა, აშოტმა.
კითხვაზე, ბრუნდებიან თუ არა ახალგაზრდები განათლების მიღების შემდეგ სოფელში, თუ დიდ ქალაქებში დარჩენისკენ ისწრაფვიან, სოფელ ოლავერდის მკვიდრმა ანა ქურდოღლიანმა უპასუხა:
„ახლა ჩემი გოგო სტუდენტია, კარგად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუ კარგ სამსახურს იპოვის, ბუნებრივია, იქ დარჩება. მე თავადაც ძალიან მინდა, რომ იქ იცხოვროს და იმუშაოს. სოფელში არაფერია, ერთი სკოლა გვაქვს და იქაც არ არის ვაკანტური ადგილი“.
ამრიგად, ოლავერდის სკოლის თითოეული კურსდამთავრებულის გზა განსხვავებულია. ზოგი მიდის განათლების მისაღებად და უკან დაბრუნების იმედით, ზოგი — ახალი ცხოვრების ასაშენებლად, ზოგი კი წლების შემდეგ კვლავ ბრუნდება სოფელში, უკვე ახალი გამოცდილებითა და ცოდნით.
ეს პროცესი მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: როგორი პირობები უნდა შეიქმნას სოფელში იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა არა მხოლოდ განათლება მიიღონ, არამედ გაუჩნდეთ სურვილი, დაბრუნდნენ და თავიანთი მომავალი სწორედ აქ ააშენონ?
სოფლის მომავალი დიდწილად ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. თუ ისინი მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან, სოფელი კარგავს თავის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს – განათლებულ, აქტიურ და ინიციატივიან თაობას. ხოლო თუ სოფელში იქნება მუშაობის, თვითგანვითარებისა და საკუთარი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები, განათლება მიღებული ახალგაზრდების დაბრუნება შეიძლება თემის განვითარების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად იქცეს.
ოლავერდელი ბავშვების ისტორიები, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი სოფლის შესახებ როდია. ისინი მთელი რეგიონის ახალგაზრდების ცხოვრებისეულ გზაზე გვიამბობენ: სკოლიდან – ერევნისა თუ თბილისისკენ, განათლებიდან -სამსახურისკენ, ზოგჯერ კი – დიდი ქალაქიდან კვლავ მშობლიური სოფლისკენ.