ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, დილიდან მძიმე ტექნიკის გამოყენებით გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

როგორც ქიმაძემ აღნიშნა, აუცილებელია შემთხვევის ადგილზე ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და მშენებლობის სფეროს სპეციალისტების ჩასვლა, რათა განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მომავალში მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენცია.

გარდა ამისა, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობას ადგილზე სპეციალური კომისია შეაფასებს.

ძლიერი ნალექის შედეგად დაზარალებულ დასახლებულ პუნქტებში სამუშაოების მიმდინარეობას, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა ქიმაძესთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი კოჩიაშვილი, მერიის, საკრებულოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სპეციალურად შექმნილი მუნიციპალური კომისიის წევრები გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფლებში: გომარო, ქვემო ენთელი და შოკა. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში დაზარალდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოკაში დაზიანდა როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტები.