ახალქალაქი–კარწახის გზის სავალალო მდგომარეობა უკვე 2–3 წელია არ იცვლება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს. სხვადასხვა მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არაერთხელ დაიწყო, თუმცა ბოლომდე არასდროს მიყვანილა. ვრცელდება ინფორმაცია კონტრაქტორი კომპანიების ჩამოშორებისა და დაჯარიმების შესახებ, რის დაზუსტებასაც Jnews-ი ცდილობს.
5–6 წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანია, მათ შორის „არალი“, „ჯავახ ავტო გზა“ და „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1“, უშედეგოდ ცდილობდა ახალქალაქი–კარწახის გზის ცალკეული მონაკვეთების აღდგენას. სამუშაოები ბოლომდე არასდროს მისულა, კომპანიები ჯარიმდებოდნენ, ხოლო პროექტები სხვა კონტრაქტორებს გადაეცემოდათ. ბოლო 2–3 წლის განმავლობაში გზის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის ფაქტობრივად გაუვალი გახდა, თუმცა ბევრს ამ გზით სარგებლობა მაინც უწევს.
ბოლო პერიოდში ამ გზით გადაადგილებული ადამიანების უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. მცხოვრებთა საინიციატივო ჯგუფმა, Jnews-ის დახმარებით, გააგზავნა საჩივარი-წერილი პრობლემაზე სასწრაფო რეაგირების მოთხოვნით. წერილი 8 ივლისს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გაიგზავნა. ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ დასტური იმისა, რომ გზავნილი 13 ივლისს ჩაბარდა, თუმცა წერილში დასმულ კითხვებსა და მოთხოვნებზე შინაარსობრივი პასუხი ჯერ არ არსებობს.
22 ივლისს სოფელ ვაჩიანთან ადგილობრივები მაგისტრალის გადაკეტვისა და გადაუდებელი რეაბილიტაციის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ გზის ჩაკეტვის საშუალება არ მისცეს.
გუშინ, სოფელ ვაჩიანთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, ახალქალაქის მერმა განაცხადა, რომ კომპანიები, რომლებიც ამ გზის რეაბილიტაციას ახორციელებდნენ, ჩამოშორებულნი არიან და სამუშაოებს ახალი კომპანია შეასრულებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება.
Jnews საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მუდმივად ითხოვს ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება რეაბილიტაცია. საპასუხოდ ყოველთვის ისმის — „მალე“, „ახლო დღეებში“ და სახელდება კონკრეტული მონაკვეთები, რომლებიც აღდგენას ექვემდებარება. თუმცა ბოლო დროს ვრცელდება ცნობები, რომ უხარისხო შესრულების გამო ყველა კომპანია ჩამოაცილეს ამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მას ახალი კომპანია გააკეთებს. ასევე აღინიშნება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები დააჯარიმეს.
ინფორმაციის ოფიციალურად დასაზუსტებლად Jnews-მა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ იმის გარკვევა მოხერხდა, რომ რეაბილიტაციაზე ახალი ტენდერი გამოცხადებული არ არის. ხოლო იმის თაობაზე, დააჯარიმეს თუ არა კომპანიები, კონკრეტულად რომლები და რა ეტაპზეა ამ გზის რეაბილიტაციის საკითხი — ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაიგზავნა დეპარტამენტში, ვინაიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა განმარტა, რომ აღნიშნული კითხვები ოფიციალური წერილით უნდა გამოთხოვილიყო.
Jnews საზოგადოებას პასუხებს მიღებისთანავე წარუდგენს.