სულ რაღაც ერთ თვეში, არასწორად დაანგარიშებული საპენსიო შენატანების გამო დამსაქმებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის ოდენობა 273.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2026 წლის მაისში აღნიშნული დარღვევის შედეგად ბიუჯეტში 576 510 ლარი შევიდა, ივნისში გადახდილმა ჯარიმებმა 2.154 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების მიხედვით (კონსოლიდაციის გათვალისწინების გარეშე), 2026 წლის იანვარ-ივნისში არაკორექტულად დარიცხული საპენსიო შენატანების შედეგად ხაზინა სულ 4 741 634 ლარით შეივსო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლებზე დაკისრებული ჯარიმების სახით ბიუჯეტში მხოლოდ 160 775 ლარი იყო გადახდილი. გარდა ამისა, მთლიანად 2025 წელს აღნიშნული დარღვევისთვის ბიუჯეტში სულ 3 746 564 ლარი დაგროვდა.
სახელმწიფო ხაზინის კონსოლიდირებული ბიუჯეტის მონაცემებით (კონსოლიდაციის გათვალისწინების გარეშე), 2026 წლის თითოეულ თვეში არასწორად დაანგარიშებული საპენსიო შენატანების გამო დამსაქმებლების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა ასე გამოყურება:
იანვარი -513 305 GEL
თებერვალი – 535 058 GEL
მარტი -504 777 GEL
აპრილი – 457 397 GEL
მაისი -576 510 GEL
ივნისი -2 154 587 GEL
მაჩვენებლის ზრდა, სავარაუდოდ, უკავშირდება 2025 წლის მაისში წესების გამკაცრებას. სწორედ ამ პერიოდიდან შევიდა ძალაში ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ბაზები ფაქტობრივად გაერთიანდა.
გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება, გააკონტროლოს და ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დააჯარიმოს კომპანიები.
რაც შეეხება სანქციებს, პირველი დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს, ხოლო წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი 1000 ლარით დაჯარიმდება.
ინფორმაციისთვის: საქართველოს საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, რომლებიც 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით გამოქვეყნდა, დაგროვებითი პენსიით 33 555-მა პირმა ისარგებლა, ხოლო პენსიის სახით გაიცა 169.4 მლნ ლარი. იმავე საანგარიშო პერიოდში საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობამ 1.749 მლნ ადამიანი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანის თანხა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და სახელმწიფოს შორის. კერძო საპენსიო სისტემა ფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებზე ვრცელდება შემდეგი პრინციპით: 2% + 2% + 2%.