ახალქალაქში, „King Arthur“-ის დარბაზში, სლავა მელიქიძე-ჯავახის წიგნის – „საქართველო. ჯავახეთი. ახალქალაქი – ჩვენი სულის ნუგეში“ -მეორე, შევსებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ახალ წიგნში მუნიციპალიტეტის 190 იმ მაცხოვრებლის ისტორია შევიდა, რომელთაც ქალაქის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს და თანამოქალაქეების სიყვარული დაიმსახურეს.

prezentaciya Slava knuga

წიგნში შესული 190 პერსონაჟიდან ბევრის სახელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზღვრებს სცდება. მათ სახელი გაითქვეს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ჯანდაცვაში, სპორტსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში. თუმცა ბედმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში გაფანტა, მათი ფესვები მაინც ჯავახეთშია. ნაწილი დღესაც მშობლიურ მიწაზე ცხოვრობს, შრომობს და ყოველდღიურად შეაქვს წვლილი მხარის განვითარებაში. ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ახალქალაქის ისტორიაში.

slava melikidze kniga

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი და მერის მოადგილე მკრტიჩ მღგესიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი, კულტურის სფეროს მოღვაწეები, ექიმები, პედაგოგები და წიგნის გმირები ახლობლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ავტორის, სლავა მელიქიძის თქმით, გამოცემა სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ეძღვნება: „ეს არის წიგნი ორ ერზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ოჯახდებოდნენ, ერთმანეთის კულტურას ეცნობოდნენ და ერთად ქმნიდნენ ახალქალაქის ისტორიას.

slavamelikidze

ეს გამოცემა ქალაქის თავისებური მატიანეა, რომელიც მკითხველს ძველ ახალქალაქში ამოგზაურებს. ავტორი, სლავა მელიქიძე-ჯავახი, რომელიც თავად ახალქალაქში ცხოვრობს, პერსონაჟების უმრავლესობას პირადად იცნობდა. პირველი წიგნი მან 2017 წელს გამოსცა, ახალ, შევსებულ ტომში კი ძველ გმირებთან ერთად ახალი სახელებიც შეიტანა.

პრეზენტაცია პედაგოგმა ოლგა ალელიშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ ახალი წიგნის დაბადება ყოველთვის დღესასწაულია: „ეს წიგნია იმაზე, თუ როგორ უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს ახალქალაქში. დღეს ტექნოლოგიების ეპოქაა, თუმცა წიგნის ფურცვლას და სტამბის სურნელს სულ სხვა ხიბლი და სიამოვნება აქვს.

kniga Slava

ავტორის აზრით, აუცილებელია წერა არა მხოლოდ წარსულის მოღვაწეებზე, არამედ თანამედროვეებზეც.

„მიყვარს ახალქალაქი, რადგან აქ დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ. ოთხი შვილიშვილი მყავს – ორი ქართველი და ორი სომეხი. ყოველთვის ქართულ-სომხური მეგობრობის მომხრე ვიყავი და ვარ. ვფიქრობ, საქართველოში მეორე ასეთი ქალაქი არ არსებობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ახალქალაქის მაგალითზე მეჩვენებინა ჩვენი ხალხების ძმობა და დამემტკიცებინა, რომ ეს ყველაზე კულტურული, ინტელექტუალური და კეთილი ქალაქია“, – აღნიშნა სლავა მელიქიძემ.

Slava prezentacya

ქართულ-სომხურ მეგობრობაზე საუბრისას ავტორმა ორენოვანი პოეზია მოიშველია და აღნიშნა, რომ ეს კავშირი საუკუნეებს უძლებს. მან შეახსენა დამსწრეებს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი სომხური წარმოშობის ძალოსანი, რაფაელ ჩიმიშკიანი იყო.

სლავა მელიქიძემ ახალი გამოცემა საკუთარ შვილიშვილებს — ნათია და ანასტასია მელიქიძეებს, ასევე არტურ და გოარიკ ამბარცუმიანებს მიუძღვნა.

prezentacia

ავტორის თქმით, ეს დღე არა მხოლოდ ახალი წიგნის, არამედ იმ ქართულ-სომხური მეგობრობის დღესასწაულია, რომელმაც გამოცემის ყველა გმირი გააერთიანა.

„ახალ გამოცემას 50-მდე პერსონაჟი დავამატე – ადამიანები, რომლებსაც ახალქალაქში პატივს სცემენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მათი პიროვნების ჩვენება და არა უბრალოდ მშრალი ფაქტების ჩამოთვლა, რადგან ენციკლოპედიის შექმნა საინტერესო არ არის. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ხალხის სიყვარული იყო და არა მაღალი თანამდებობები – ვწერდი იმათზე, ვინც საზოგადოებას უყვარს“, – აღნიშნა სლავა მელიქიძემ, რომელიც თავის გმირებს ყველაზე ახლობელ ადამიანებად მიიჩნევს.

knigaprezent

წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება: პირველი საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ორენოვან გამოჩენილ მოღვაწეებს ეძღვნება, მეორე და მესამე ნაწილები — საქართველოსა და ჯავახეთს, ხოლო მეოთხე უშუალოდ ახალქალაქელებს მცირდება.

ავტორის გამოსვლის შემდეგ, სლავა მელიქიძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა, რესურსცენტრის დირექტორმა ტერეზა ჩივჩიანმა, პედაგოგმა ოფელია კრმაჯიანმა, პიანისტმა ანაიდა სტელმაშოვამ, რეზო ალელიშვილმა და ღონისძიების სხვა მონაწილეებმა.

Slava kniga prezentacya

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ურთიერთობა სადღესასწაულო სუფრასთან გააგრძელეს.

prezentacia Slava