საქსტატის“ მიერ 20 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 925 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8%-იანი მატებაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და 3.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.7%-ით, 9.04 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.
საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთია, რომელთანაც ექსპორტის მოცულობამ 431.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან ჩინეთი (428.6 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (335.9 მლნ აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 69.8% შეადგინა.
2026 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 938 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 486.9 მლნ აშშ დოლარით (12.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 304.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.9%).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.39 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.19 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1.06 მლრდ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.61 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 364.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4%).