ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო, დაბლოკა მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებული კანონპროექტი სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარების შესახებ — იუწყება ისრაელის გამოცემა Haaretz ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ეს ინფორმაცია გავრცელდა გენოციდის აღიარების პროცესთან დაკავშირებით არსებული ერთთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, მას მერე, რაც ივნისში ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის მიერ წარდგენილ წინადადებას.
იმ პერიოდში საარმა გენოციდის აღიარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს „მორალური ვალი“ უწოდა.
თავდაპირველ ნაბიჯებს საზოგადოება დიდი სკეპტიციზმით შეხვდა, მათ შორის სომხეთშიც. ბევრი შესაძლო აღიარებას გეოპოლიტიკურ თამაშად აღიქვამდა, რაც უფრო მეტს ამბობდა ისრაელსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე, ვიდრე გენოციდის აღიარების რეალურ სურვილზე.
ისრაელის მთავრობის მიერ რეზოლუციის დამტკიცებას მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან. ამ უკანასკნელმა ისრაელი ღაზაში „საკუთარი დანაშაულების გადაფარვის“ მცდელობაში დაადანაშაულა.
თურქეთი უარყოფს სომეხთა გენოციდს, რომელიც მისმა წინამორბედმა — ოსმალეთის იმპერიამ განახორციელა. გენოციდს ემსხვერპლა თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თითქმის 1.5 მილიონი სომეხი.
აზერბაიჯანმა, რომელიც თურქეთისა და ისრაელის მოკავშირეა, ამ ნაბიჯს „სერიოზული შეშფოთების საგანი“ უწოდა და ისრაელის მთავრობას მოუწოდა „გადაეხედა“ იმ გადაწყვეტილებისთვის, რასაც მან „1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება“ უწოდა.
Haaretz-ის ცნობით, ბაქოს უკმაყოფილება მხოლოდ განცხადებებით არ შემოფარგლულა: საქმე იქამდე მივიდა, რომ ნეთანიაჰუზე ზეწოლისა და კანონპროექტის უკან გაწვევის მიზნით, პრეზიდენტის გავლენიანი თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი მიავლინეს.
თუმცა, საარის ოფისში უარყვეს Haaretz-ის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ნეთანიაჰუმ კენჭისყრის გაუქმება აიძულა, „მაგრამ არ წარმოუდგენიათ ალტერნატიული განმარტება“, თუ რატომ არ გაიტანეს კანონპროექტი კენჭისყრაზე.
„არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება [გენოციდის აღიარების შესახებ] და ის ერთხმად იქნა მიღებული“, — განუცხადა საარმა გაზეთ Haaretz-ს.
„ეს არ შეიცვლება და ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი“.
ავტორი: ნეიტ ოსტილერი