ახალქალაქის ქუჩებში ღია და დაზიანებული საკანალიზაციო ჭები მცხოვრებლებისთვის დისკომფორტისა და საფრთხის შექმნას განაგრძობს. გარკვეულ მონაკვეთებზე ჭები დიდი ხნის განმავლობაში რჩება თავსახურის გარეშე, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება საღამოსა და ღამის საათებში, როდესაც ქუჩების არასაკმარისი განათების გამო რთულია ღია ჭების შემჩნევა. უყურადღებობის ერთი წამიც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ტრავმის მისაღებად ან ავტომობილის დასაზიანებლად.
მიმდინარე წლის ივნისში, ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩაზე, 66 წლის მამაკაცი ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა და მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მცხოვრებლების თქმით, ჭა დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ღია იყო. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრობლემა მხოლოდ ქალაქის იერსახეს კი არ ეხება, არამედ პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა თავად იღებს უსაფრთხოების ზომებს და ღია ჭებში ხის ტოტებს ან საბურავებს დებს. ამჟამად ახალქალაქის ქუჩებში ბევრი მსგავსი საკანალიზაციო ჭაა.
ნაზარეთიანის ქუჩის მცხოვრებელმა, არტურ ალექსანიანმა საკუთარ ქუჩაზე არსებული საკანალიზაციო ჭა აჩვენა, რომელიც მოსახლეობამ რკინით დაახშო, თუმცა ის მოიღუნა და ორმოში ჩავარდა.
„ეს ჭა ჩვენი ძალებითა და რესურსებით დავახშვეთ, მაგრამ, როგორც ხედავთ, მოიღუნა“, — განაცხადა მან.
უფრო საინტერესო სანახაობა იშლება ანდრანიკ მარკარიანის ქუჩაზე, სადაც მრავალწლიანი ისტორიის მქონე ღია საკანალიზაციო ჭაზე საბურავებია დაწყობილი.
გასულ კვირას ახალქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, ჩარენცის ქუჩაზე, ნაგავმზიდი მანქანის გავლისას ჭის თავსახური გატყდა, რამაც საბურავი დაჭრა. საბურავი მომდევნო დღესვე შეცვალეს, თუმცა გარეუბნებში მსგავსი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.
22 ივნისს, როდესაც 66 წლის მამაკაცი ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, Jnews-მა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის-ცენტრის დირექტორს, გიორგი ვახტანგიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მაშინ განაცხადა, რომ ქალაქში ღია საკანალიზაციო ჭები არ არის.
Jnews-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას კვლავ გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა. პასუხს მიღებისთანავე აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.