საქართველოში განათლების სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა და ახალი კადრების არასაკმარისი შემოდინება რჩება. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოში 66 328 მასწავლებელი ასწავლიდა. რაც შეეხება მათ ასაკობრივ განაწილებას, კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 50 წელს გადაცილებული პედაგოგები მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 55%-ს შეადგენდნენ, მაშინ როდესაც 2015 წელს მათი წილი 44% იყო.
უფრო კონკრეტულად, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 50 წელს გადაცილებული მასწავლებლების რიცხოვნობამ 2025-2026 სასწავლო წელს 36 151 შეადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად ყოველი მეორე მასწავლებელი 50 წელს გადაცილებულია.
„გალთ&თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებელთა ასაკობრივი განაწილება შემდეგნაირია:
60 წლის და მეტი ასაკის – 17 081 პედაგოგი;
51-60 წლის – 19 070 პედაგოგი;
41-50 წლის – 16 496 პედაგოგი;
31-40 წლის – 9 824 პედაგოგი;
21-30 წლის – 3 857 პედაგოგი.
კვლევის ავტორების შეფასებით, სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ახალი კადრების ნაკლებობა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალი ანაზღაურება სახელდება.
მათივე განმარტებით, ეს ნაწილობრივ მასწავლებელთა ჭარბი მიწოდებით არის განპირობებული.
2025 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ერთ მასწავლებელზე საშუალოდ 9.7 მოსწავლე მოდის, რაც OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე (13.9) დაბალია.
მკვლევართა შეფასებით, სწორედ მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობა და პედაგოგების ხანდაზმული ასაკობრივი სტრუქტურა ზღუდავს ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, პროფესიას ახალგაზრდებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
როგორც „გალთ & თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, პრობლემის საპასუხოდ მთავრობამ მასწავლებელთა ხელფასები გაზარდა, თუმცა ამან სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე გავლენა მოახდინა და მომგებიანობა შეამცირა.
კერძოდ, 2024 წელს განათლების საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი 1 158 ლარს შეადგენდა, კერძო სექტორში კი – 1 614 ლარს. შედარებისთვის:
2023 წელს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი 1 009 ლარი იყო, კერძოში – 1 325 ლარი;
2022 წელს საჯარო სექტორში საშუალო ანაზღაურება 905 ლარს შეადგენდა, ხოლო კერძო სექტორში – 1 127 ლარს.
კვლევის მიხედვით, ხელფასების ზრდის პარალელურად შემცირდა განათლების სექტორის მომგებიანობაც. თუ 2023 წელს სექტორის მომგებიანობა 21.5%-ს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 11.7%-მდე დაეცა.
„ისტორიულად, საჯარო და კერძო განათლების სექტორში ხელფასების დინამიკა მსგავსად ვითარდებოდა. საჯარო სექტორში მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა კერძო სექტორზეც აისახებოდა. აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა, როდესაც საჯარო სექტორის მასწავლებლების ხელფასების ზრდა (1 ივლისიდან) კერძო სექტორზეც აისახა.
ხელფასების ზრდამ ზოგადი განათლების სექტორის მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა – შრომითი ხარჯების წილი შემოსავლებში 68.0%-მდე გაიზარდა 2024 წელს, მაშინ როდესაც 2017-2023 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 61% იყო“, – აღნიშნულია „გალთ&თაგარტის“ კვლევაში.