ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხოსპიო–მურჯახეთის 2,723 მლნ ლარის ღირებულების გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 3,8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მიწის სამუშაოები სრულად დასრულებულია, ხოლო კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე დააგო 500 მეტრზე მეტი სიგრძის რკინაბეტონის საფარი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გრძელდება რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით დაფინანსებული ხოსპიო–მურჯახეთის გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებს შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 2 723 770 ლარს შეადგენს.

მურჯახეთის სოფლის გზა მუნიციპალიტეტის იმ ოთხ გზას შორის ერთ-ერთია, რომელთა რეაბილიტაციაც წელს რეგიონული განვითარების ფონდის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ფინანსდება შემდეგი სქემით: 95 % — სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 5 % — ადგილობრივი ბიუჯეტი. გზის საფარი რკინაბეტონით მოეწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე სოფელ ხოსპიოდან სოფელ მურჯახეთამდე 3 800 მეტრია. გზის მთელ სიგრძეზე მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია: გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი, გაიტანეს გრუნტი და ნარჩენები, დაიყარა ღორღი. ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი ეტაპი — გზის ბეტონირება.

შპს „ელიტ ბილდერს გრუპის“ სამუშაოთა მენეჯერის, მამუკა აბესაძის თქმით, დღეის მდგომარეობით უკვე დაგებულია 500 მეტრზე მეტი რკინაბეტონის საფარი.

murjaxet jamba 1

16 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, როდესაც Jnews-ის კორესპონდენტი ობიექტს ეწვია, მუშები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა სამშენებლო ტექნიკა ტერიტორიაზე კვლავ რჩებოდა.

jamba murjaxet

როგორც Jnews-ს ტელეფონით სამუშაოთა მენეჯერმა მამუკა აბესაძემ განუმარტა, დილით სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ელექტროენერგიის გათიშვის გამო მათი შეჩერება გახდა საჭირო.

„დენი არ იყო, ბეტონის ქარხანა არ მუშაობდა, ამიტომ დღეს სამუშაოების გაგრძელება ვერ შევძელით. მთლიანობაში, პროექტის განხორციელებისას არანაირი პრობლემა არ შექმნილა“, — თქვა მამუკა აბესაძემ.

სავალი ნაწილის სიგანე 5 მეტრი იქნება, გვერდულების სიგანე — 1-1 მეტრი, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე — 1,5-1,5 მეტრი თითოეულ მხარეს. რკინაბეტონის საფარის სისქე კი 18 სანტიმეტრია გათვალისწინებული.

ხელშეკრულება კომპანია „ელიტ ბილდერს გრუპთან“ 2026 წლის 5 მაისს გაფორმდა, სამუშაოების შესრულების ვადა კი 90 კალენდარულ დღეს შეადგენს.

jamba murjaxet1

აღნიშნული გზა წარმოადგენს შედარებით მოკლე მარშრუტს, რომელიც სოფელ მურჯახეთს ქალაქთან აკავშირებს. თავდაპირველად, მურჯახეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია სოფელ ჩამდურას გავლით იგეგმებოდა, თუმცა მურჯახეთში იმ გზის რეაბილიტაცია არ ისურვეს და განაცხადეს, რომ მათ უფრო მოკლე გზის რეაბილიტაცია სჭირდებოდათ, რომელიც ხოსპიოზე გადის. საბოლოოდ, რამდენიმე წლის შემდეგ, მურჯახეთის მცხოვრებლებმა თავისას მიაღწიეს და მათი გზა ქალაქისკენ, რომელიც ხოსპიოს გავლით მიდის, რეაბილიტაციას გადის.