არქეოლოგთა ჯგუფი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ახთილის სიახლოვეს არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს. არქეოლოგები ამ ადგილს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლად მოიხსენიებენ, თავად ჯავახეთს კი — სამოთხედ. Jnews-მა არქეოლოგიური გათხრების ადგილს ეწვია და უპრეცედენტო აღმოჩენების შესახებ შეიტყო.
სოფელ ახთილიდან პატარა და დიდი სამსარის მიმართულებით მიმავალ გზაზე, იმ ადგილისკენ გავემართეთ, რომლის გეოლოკაციაც ჯავახეთში მომუშავე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამოგვიგზავნა. თვალწინ ხეობა იშლება, თუმცა საკმარისია საპირისპირო მხარეს — მაღლობისკენ შევბრუნდეთ, რომ შორს ვამჩნევთ ახალგაზრდა კაცს, რომელიც პატარა ნიჩბით რაღაცას მონდომებით თხრის. ამოღებულ მიწას ის ვედროში ყრის, შემდეგ კი იქვე ცლის.
ცოტა ხნის შემდეგ ჩვენთან კიდევ ორი ადამიანი ჩამოდის. ესენი არიან არქეოლოგები იტალიიდან — რობერტო დანი და ელენა ფაუსტი. ასე იწყება ჩვენი ჩაღრმავება იმ ისტორიაში, რომლის შესახებაც ჩვენ, ადგილობრივებმა, გასაოცრად ცოტა რამ ვიცით.
თორნიკე ჩილინგარაშვილი
გათხრების ადგილისკენ გაჭირვებით მიმავალნი, თანდათან ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ წინაშე არა უბრალოდ მიწის ნაკვეთია უკაცრიელ მთებში, გზის პირას, არამედ ადგილი, სადაც უკვე ჩანს კოცონის კვალი, კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები და უცნაური ქვები, რომელთა მნიშვნელობაც შესაძლოა მხოლოდ სპეციალისტებისთვის იყოს გასაგები. საცდელი ორმოდან (შურფიდან) მოჩანს ადამიანის ძვლები, რომლებიც ფრთხილად არის გადანაწილებული სპეციალურ, წარწერებიან შეფუთვებში.
თორნიკე ჩილინგარაშვილი
რიგითი ადამიანისთვის ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ მიწად, ქვებად და ძველი ჭურჭლის ნატეხებად მოჩანდეს, თუმცა არქეოლოგები აქ ბევრად მეტს ხედავენ — მრავალი საუკუნის წინ ამ მიწაზე მცხოვრები ადამიანების კვალსა და ისტორიას, რომელიც თანდათან ზედაპირზე ამოდის. უნებლიეთ ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლებოდა ასეთ მოშორებულ, ერთი შეხედვით უკაცრიელ ადგილას შემონახულიყო წარსულის ასეთი ძვირფასი ნიმუშები?
„აქ ჩვენ იატაკის რამდენიმე საფარი აღმოვაჩინეთ. თუმცა, ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც ამ ციხესიმაგრეს იყენებდნენ, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდნენ, სადაც ახლა ჩვენ მიერ გამოსაკვლევი საცდელი ორმოა. აქედან კი სტრატეგიული ხედი იშლება — შესაძლებელი იყო მოახლოებული საფრთხის წინასწარ შემჩნევა. აქედან დაახლოებით 200 მეტრში დასახლება მდებარეობდა. ადამიანები, რომლებიც ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ, სავარაუდოდ, სწორედ იქ მკვიდრობდნენ. ეს ორი ობიექტი თანადროული იყო და, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ერთიან კომპლექსს წარმოადგენდა: ციხესიმაგრესა და მის გვერდით მდებარე დასახლებას.
არქეოლოგიური აღმოჩენები ამ ობიექტებს შორის კავშირს ადასტურებს. აქ სხვადასხვა ისტორიული პერიოდის კვალია აღმოჩენილი — მცირე რაოდენობით შუა საუკუნეების მასალა, ცოტაოდენი რკინის ხანის მიგნებები და დიდი რაოდენობით არტეფაქტები, რომლებიც ადრეულ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. მეზობელ ნაკვეთზეც მსგავსი კულტურული თანმიმდევრობა შეინიშნება“, — ყვება არქეოლოგი რობერტო დანი იტალიიდან.
არქეოლოგის აზრით, მცხოვრებლებმა ეს ადგილი იმიტომ აირჩიეს, რომ იგი მთავარი გზებისგან მოშორებით მდებარეობს, ხოლო ძირითადი გზა მტკვრის აუზსა და ხეობაზე გადიოდა. იბადება კითხვა — რას საქმიანობდნენ ციხესიმაგრისა და დასახლების მცხოვრებლები, როგორ გადარჩებოდნენ ისინი ამ პირობებში? არქეოლოგი რობერტო დანი განმარტავს, რომ, შესაძლოა, ამ ადგილის მკვიდრთა ცხოვრება მაშინაც არ განსხვავდებოდა ბევრად დღევანდელობისგან.
„ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მათი ცხოვრების საფუძველი მეცხოველეობა იყო. ეს, ალბათ, მწყემსთა თემებს წარმოადგენდა. ამგვარი ლანდშაფტისა და კლიმატის პირობებში, ეკონომიკის საფუძველი საუკუნეების განმავლობაში თითქმის უცვლელი რჩებოდა. ამიტომ, ეს რეგიონი ძალიან საინტერესოა ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც. აქ ადამიანები ბევრ რამეში ისე ცხოვრობენ, როგორც, შესაძლოა, ათასობით წლის წინ ეს თემები ცხოვრობდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ, სავარაუდოდ, ჩვენ გარშემო არსებული ტერიტორიის დაახლოებით 90 პროცენტი სამარხებით არის დაფარული. ხედავთ ამ პატარა ქვის ბორცვებს? თითოეული მათგანი შეიძლება საფლავი იყოს. აქ ყველგან სამარხებია — ამ ადგილიდან ტაბაწყურის ტბამდე, ისევე როგორც მოპირდაპირე მხარეს, მდინარის ხეობამდე“, — ამბობს არქეოლოგი.
საფლავები
საცხოვრებელში ნაპოვნი ძვლები
იტალიელი არქეოლოგებისა და მათი ქართველი კოლეგებისთვის (პროექტი „სამცხე-ჯავახეთი“ — ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია ვახტანგ ლიჩელისა და რობერტო დანის ხელმძღვანელობით) ეს ადგილი ბევრად უფრო ადრე გახდა მნიშვნელოვანი, სანამ მას საკუთარი თვალით ვნახავდით. ისინი 2017 წლიდან იკვლევენ ჯავახეთს, ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობენ მის ლანდშაფტსა და არქეოლოგიურ ძეგლებს. ჯერ კიდევ მაშინ ესმოდათ: მიწა, რომელზეც ახლა ვდგავართ, შესაძლოა მალავდეს აღმოჩენას, რომელსაც რეგიონის წარსულზე იმაზე ბევრად მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე აქამდე ვიცოდით.
„ხუთი-ექვსი წელი მხოლოდ იმაში დავხარჯეთ, რომ ფეხით შემოგვეარა მთელი ეს რეგიონი, დაგვეფიქსირებინა და შეგვესწავლა არქეოლოგიური ძეგლები. როდესაც მეგრეკის მეგალითური სიმაგრის მქონე იმ ეკლესიის დასათვალიერებლად მივდიოდით, შევამჩნიეთ ეს არქეოლოგიური ფენები. ამის ახსნა ადვილი არ არის. ჩვენ დავინახეთ უზარმაზარი რაოდენობის არქეოლოგიური მასალა, რომელიც ამ ნაჭრის ძირში იყო ჩამოყრილი. ვიცოდით, რომ აქ ძეგლი იყო, რადგან არქეოლოგიურ ანგარიშში მითითებული გახლდათ, რომ აქ რაღაც სიმაგრე მდებარეობდა. ამ ბორცვის მწვერვალზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნაშთები. თუმცა, ვერავინ, აბსოლუტურად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქ ამ მასშტაბის ძეგლს აღმოვაჩენდით“, — ყვება არქეოლოგი რობერტო დანი.
არქეოლოგი ელენა ფაუსტი
პროექტი „სამცხე-ჯავახეთი“ — ეს არის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია, რომელიც სამხრეთ საქართველოს უძველეს ლანდშაფტებს შეისწავლის. პროექტის ფარგლებში, გეოდეზიური სამუშაოების, დისტანციური ზონდირების, გის-კარტოგრაფირების (GIS), ციფრული დოკუმენტირებისა და არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით, იკვლევენ ჯავახეთის პლატოსა და მტკვრის ხეობას. მისია ფოკუსირებულია განსახლების გრძელვადიან მოდელებზე, გამაგრებულ დასახლებებზე, მაღალმთიან თავშესაფრებზე, სიმბოლურ მატერიალურ კულტურასა და ადგილობრივ თემებს, ურარტუს, აქემენიანთა სამყაროსა და უფრო ფართო სამხრეთ კავკასიას შორის ურთიერთქმედებაზე. მეგრეკის ციხესა და ბარალეთის ნაცარგორაზე ჩატარებული ბოლო გათხრები ახალ პერსპექტივებს შლის ამ სასაზღვრო რეგიონის კულტურული ისტორიის შესწავლაში.
„იგი მოგვაგონებს მესოპოტამიურ დასახლებებს მრავალი კულტურული ფენით. წარმოიდგინეთ: ჩვენ აღმოვაჩინეთ მასალები, რომლებიც მოიცავს პერიოდს ადრეული ბრინჯაოს ხანიდან, ანუ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან — შუა საუკუნეებამდე. ეს ადგილი უწყვეტად იყო დასახლებული. ამიტომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია რეგიონში. ჩვენ გამოვიკვლიეთ და დოკუმენტურად აღვწერეთ ორასზე მეტი არქეოლოგიური ძეგლი. თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურისა და დისტანციური ზონდირების — ანუ თანამგზავრული ფოტოების შესწავლის — წყალობით ვიცით, რომ აქ სულ მცირე ხუთასი არქეოლოგიური ობიექტი არსებობს. ეს საოცრად მდიდარი, მაგრამ ძალიან ნაკლებად შესწავლილი რეგიონია“, — ამბობს რობерტო დანი.
საერთაშორისო ინტერესმა, კერძოდ კი იტალიელი მკვლევრებისა და სამეცნიერო ორგანიზაციების მხრიდან, შესაძლოა ახალი ფურცელი გადაშალოს რეგიონის ისტორიის შესწავლაში და აჩვენოს, რომ ჯავახეთი არა პერიფერია, არამედ ნამდვილი არქეოლოგიური საგანძურია.
„ჩვენ მხარს გვიჭერს ISMEO — ჩვენი სამეცნიერო ინსტიტუტი იტალიაში, რომელიც დასავლეთ აზიის არქეოლოგიის შესწავლის საქმეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა. გარდა ამისა, პროექტს აფინანსებს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჯავახეთით და შევძელით, იტალიაშიც აღგვეძრა ინტერესი ამ რეგიონის მიმართ. ჯავახეთი ბუნების თვალსაზრისით დიდებულია, თუმცა ის გამორჩეულად მნიშვნელოვანია არქეოლოგიური კუთხითაც.
თანაც, იგი დღემდე პრაქტიკულად შეუსწავლელია. ეს, სავარაუდოდ, გეოპოლიტიკურ ვითარებასთანაც არის დაკავშირებული. გარდა ამისა, აქ მკაცრი კლიმატია. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ჯავახეთი არქეოლოგიური კვლევების პერიფერიაზე აღმოჩნდა. თუმცა ჩვენთვის ეს ნამდვილი საგანძურია. გუშინ შეხვედრა გვქონდა იტალიის ელჩთან, რომელიც, შესაძლოა, მომავალ წელს ჩამოვიდეს აქ ჩვენი გათხრების დასათვალიერებლად. თავად ეს ადგილი განსაცვიფრებელია“, — ამბობს რობერტო დანი.
თამარ ჩოგოვაძეს მისი პატარა ქალიშვილი და ადგილობრივი მაცხოვრებლები ეხმარებიან
არქეოლოგის თქმით, გასულ წელს მათ გათხრები უკვე აწარმოეს ერთდროულად სამ ძეგლზე, მეგრეკში.
„ამ ბორცვის დიამეტრი დაახლოებით 150–200 მეტრია. ჩვენ მუშაობა სწორედ ამ მონაკვეთზე გავამახვილეთ, რადგან ის უკვე გახსნილი იყო და კულტურული ფენები კარგად ჩანდა. ხედავთ ამ ხაზებს ჭრილში? ეს უძველესი სახლების იატაკებია. დიახ, ეს დასახლება იყო. პატარა სოფელი. თუმცა, მაინცდამაინც პატარაც არა — იმ დროის საზომით, საკმაოდ მნიშვნელოვანი დასახლება გახლდათ. თანამედროვე სტანდარტებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მცირეა. ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა აქ, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ასიდან ორასამდე კაცი, მეტი არა, რადგან თავად ძეგლი არ არის ძალიან დიდი“, — ამბობს ის.
ჯავახეთის არქეოლოგიური კვლევები საშუალებას გვაძლევს, რეგიონის ისტორიას თანამედროვე ეროვნული საზღვრების მიღმა შევხედოთ. არქეოლოგებისთვის უძველესი წარსული — ეს არ არის „სომხურის“ ან „ქართულის“ ძიება, არამედ ათასობით წლის წინ არსებული კულტურული კავშირების, მიგრაციებისა და მატერიალური კულტურის თავისებურებების შესწავლაა. როგორც იტალიელი არქეოლოგი აღნიშნავს:
„იმ დროს არც სომხეთი არსებობდა და არც საქართველო თანამედროვე გაგებით. ძვ. წ. IV–III ათასწლეულებში და I ათასწლეულის დასაწყისში ეს სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. ბევრს ჰგონია, რომ არქეოლოგებმა აუცილებლად უნდა იპოვონ რაღაც „სომხური“ ან „ქართული“. მაგრამ ჩვენ იტალიელები ვართ. ჩვენ არ ვეძებთ სომხურ ან ქართულ წარსულს. ჩვენ სიძველეებს სამეცნიერო თვალსაზრისით ვსწავლობთ. შემიძლია ერთი საინტერესო რამ გითხრათ: თუ მატერიალურ კულტურაზე ვისაუბრებთ, ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ამ რეგიონსა და თანამედროვე სომხეთის ტერიტორიას პრაქტიკულად ერთი და იგივე კულტურა ჰქონდა. იგივე კერამიკა, იგივე ტრადიციები.
შუა ბრინჯაოს ხანაშიც იგივე ვითარებაა. აქ თითქმის ისეთივე კერამიკას ვპოულობთ, როგორსაც სომხეთში. თუმცა, აქ ადგილობრივი თავისებურებებიც გვხვდება, განსაკუთრებით რკინის ხანაში. ეს, სავარაუდოდ, ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. რეგიონი მკაცრი კლიმატის გამო ყოველთვის საკმაოდ იზოლირებული იყო, რამაც ხელი შეუწყო საკუთარი კულტურული ნიშნების ჩამოყალიბებას. მაგალითად, კერამიკა ბევრი რამით ჰგავს სამხრეთულს, მაგრამ არქიტექტურა — განსაკუთრებით ალიზის ნაგებობები მრავალრიცხოვანი ქურებითა და სამეურნეო სათავსებით — უფრო ცენტრალურ საქართველოს მოგვაგონებს. ეს არის ნამდვილი კულტურული გზაჯვარედინი სხვადასხვა რეგიონს შორის, რაც შესანიშნავად აისახება არქეოლოგიურ აღმოჩენებშიც“.
რობერტო დანი (მისიის დირექტორი) და კიარა ძეკი
არქეოლოგების თქმით, გათხრების ხანგრძლივობა დიდწილად ფინანსებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ექსპედიცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მუშაობს — ივლისში, რომელიც არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად ყველაზე შესაფერის დროდ მიიჩნევა. მათივე თქმით, კარგი შედეგების მისაღებად 25–30 დღე ჩვეულებრივ საკმარისია, თუმცა მეტი სახსრების არსებობის შემთხვევაში, გაცილებით დიდხანს მუშაობას შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, მიღებულ შედეგებს ისინი ძალიან კარგად აფასებენ.
„ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი ის არის, რომ გავარკვიეთ: ეს სიმაგრე ჯერ კიდევ ადრეულ ბრინჯაოს ხანაში, ანუ ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულშია აგებული. ეს ციხესიმაგრე დაახლოებით ექვსი ათასი წლისაა. ჩვენ აქ გათხრები 2023 წელს დავიწყეთ და ახლა უკვე მეოთხე სეზონი მიმდინარეობს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება — ციხესიმაგრეში აღმოვაჩინეთ ენეოლითის ხანის, ძვ. წ. V ათასწლეულის კერამიკა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პირველი მსგავსი აღმოჩენაა ჯავახეთში. ყველაფერი უბრალოდ შესანიშნავად ეწყობა. დიახ, ეს მართლაც საოცარი ადგილია. იტალიაში ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ გათხრებს სამოთხეში ვაწარმოებთ, რადგან ჯავახეთი სამოთხეს ჰგავს. აქ წარმოუდგენელი სილამაზეა. ჩვენთვის, იტალიელებისთვის, დიდი პრივილეგიაა არა მხოლოდ აქ მუშაობა, არამედ უბრალოდ ამ ადგილას ყოფნა. ის იმდენად განსხვავდება ჩვენი ცხოვრების წესისგან, რომ სწორედ ამით გვიზიდავს“, — ამბობს რობერტო დანი.
ჯავახეთი ჯერ კიდევ ახლა იწყებს თავისი საიდუმლოებების გამჟღავნებას. ის, რაც დღეს მიწისა და ქვების ფენების ქვეშაა დაფარული, ხვალ შესაძლოა მთელი რეგიონის ისტორიაზე წარმოდგენას ცვლიდეს. ჯავახეთის არქეოლოგიური ძეგლების მიმართ საერთაშორისო ინტერესი იმედს აჩენს, რომ ეს მიწა აღარ დარჩება თეთრ ლაქად არქეოლოგიურ რუკაზე და თავის დამსახურებულ ადგილს დაიკავებს სამეცნიერო კვლევებში.