უხვი მოსავალი და გაჩენილი კითხვები – წელი, რომელმაც ფერმერებს იმედთან ერთად საფიქრალიც მოუტანა

29.08.2026 Newsroom სიახლე 167
უხვი მოსავალი და გაჩენილი კითხვები – წელი, რომელმაც ფერმერებს იმედთან ერთად საფიქრალიც მოუტანა

წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში ქერისა და ხორბლის აღება უკვე დასრულდა. მოსავლის საერთო შეფასება დადებითია: ადგილობრივები შედეგებით კმაყოფილნი არიან და აღნიშნავენ, რომ ყანებმა საკმაოდ კარგი მოსავალი მოგვცა. თუმცა, მოსავლის რაოდენობა მხოლოდ ერთი მხარეა იმ საკითხებისა, რაც სოფლის მცხოვრებლებს აწუხებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა მისი სარეალიზაციო ფასია.

7

სოფელ კორხის მცხოვრებთა ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა და მიწათმოქმედებაა. სოფლის ვრცელი სავარგულები მათთვის მთავარი სამუშაო ადგილია, ხოლო მოსავლის აღების სეზონი — მთელი წლის ნაშრომ-ნაგროვების შეფასების ხანა.

8

„ღვთის წყალობით, მოსავალი უხვია. თუმცა 1-2 კვირით გვიან დავთესეთ, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ფასი არადამაკმაყოფილებელია. ქერს 60 თეთრად იბარებენ, ჩემი გათვლებით კი 1 ასეულ (მეასედ) მიწის ნაკვეთზე 10 ლარი დავხარჯეთ — წელს ტექნიკის მომსახურება ძალიან ძვირი ჯდებოდა“, — განაცხადა სოფელ ქორხის მცხოვრებმა, ლევა ანანიკიანმა.

1

ქერი, კარგი მოსავლიანობის მიუხედავად, ფერმერებისთვის მაინცდამაინც მომგებიანი არ არის. იგი საკმაოდ დაბალ ფასად ფასდება, ყანიდან მოსავლის ტრანსპორტირების ხარჯები კი ყოველწლიურად იზრდება.

3

ანალოგიური სიტუაციაა ხორბალთან დაკავშირებითაც. სოფლის მცხოვრებლები მოსავლით კმაყოფილები არიან, თუმცა მისი ფასით — უკმაყოფილო. წლის განმავლობაში მიწის დამუშავების, თესლის, საწვავის, ტექნიკისა და სხვა აუცილებელი ხარჯების დაფარვის შემდეგ, მოსავლის სარეალიზაციო ფასი ჩადებულ შრომასა და ინვესტიციას ვერ ამართლებს.

„წელს 1.5 ჰექტარზე ქერი დავთესე, ხოლო 70 ასეულზე (მეასედზე) — კარტოფილი. ქერმა ცუდი მოსავალი არ მოგვცა, თუმცა გულნატკენი ვარ არა მოსავლით, არამედ მისი ღირებულებით. ქერს 60 თეთრად აფასებენ, ზოგჯერ კი ბარტერით ვცვლით, რის გამოც გაწეული ხარჯები არ მართლდება“, — განაცხადა სოფლის მცხოვრებმა, იურიკ წარუკიანმა.

4

სოფლის მაცხოვრებლისთვის მოსავლის აღება არა მხოლოდ წლის ყველაზე ნანატრი პერიოდი, არამედ საკუთარი შრომის შეფასების მომენტიცაა. როდესაც მოსავალი კარგია, თითქოს წლის განმავლობაში გადატანილი ყველა სირთულე მართლდება. თუმცა, დაბალი ფასები ამ მოლოდინს ხშირად იმედგაცრუებად აქცევს.

„წელს ხორბალი კარგი მოვიდა, ქერი — შედარებით ნაკლებად, მაგრამ, მთლიანობაში, მოსავლით ყველა კმაყოფილია. თუმცა რა სარგებელი აქვს ამას, თუ მას ფასი არ აქვს“, — განაცხადა სოფელ კორხის მცხოვრებმა, ანაიტ მაქარიანმა.

2

დღეს კორხის ყანებში მოსავლის აღების სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა ამით ფერმერის შრომა არ მთავრდება. მიწას ისევ დამუშავება და მომავალი წლის მოსავლისთვის მომზადება სჭირდება, სოფლის მცხოვრებს კი კვლავ უწევს სახსრების ჩადება ისე, რომ არ იცის, რა ფასს მიიღებს საკუთარ პროდუქციაში ერთი წლის შემდეგ.

6

სოფლის შრომის ჭეშმარიტი ღირებულება არა მხოლოდ მიღებული მოსავლის რაოდენობით, არამედ იმ ფასითაც იზომება, რომლითაც ეს მოსავალი ბაზარზე ხვდება.

თეგები: სოფელი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე