საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საინფორმაციო ცენტრ Jnews-ის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალქალაქში, ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის №406 კორპუსთან არსებული დატბორვა არა წყალსადენი ქსელის დაზიანებით, არამედ შიდა საკანალიზაციო სისტემით არის გამოწვეული, რომელიც კომპანიის მომსახურების ზონაში არ შედის. თუმცა, კორპუსის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ეს სასმელი წყლის გაჟონვაა, რის შესახებაც ახალქალაქის სერვისცენტრისთვის უკვე წლებია ცნობილია.
Jnews-მა წყალმომარაგების კომპანიისგან ოფიციალური პასუხი მას შემდეგ მიიღო, რაც დაინტერესდა, თუ რატომ არ ხერხდება წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარება.
კომპანიის პრესსამსახურის განმარტებით, სპეციალისტებმა ადგილზე შემოწმება ჩაატარეს და მათ ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაზიანება ვერ აღმოაჩინეს:
„გაცნობებთ, რომ კომპანიის შესაბამისმა ტერიტორიულმა ქვედანაყოფებმა ადგილზე კვლევა ჩაატარეს. დადგინდა, რომ ქალაქ ახალქალაქში, ყოფილი №1 სამხედრო დასახლების №406 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაზიანება არ ფიქსირდება.
როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების სისტემა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს. პრობლემა გამოვლინდა შიდა საკანალიზაციო ქსელში, ე.წ. „წითელ ხაზებში“, რომელიც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მომსახურების სფეროს არ განეკუთვნება“.
მიუხედავად ამ განცხადებისა, წყალი კვლავინდებურად ჟონავს, კორპუსის წინ მდებარე ტერიტორია მუდმივად დატბორილია და, ფაქტობრივად, ჭაობად არის ქცეული.
მოსახლეობა კატეგორიულად არ ეთანხმება კომპანიის დასკვნას. მათი თქმით, მილიდან სწორედ სასმელი წყალი მოედინება და არა საკანალიზაციო ნარჩენები. ადგილობრივები იხსენებენ, რომ რამდენიმე წლის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა აქ სამუშაოები უკვე ჩაატარეს: მიწა გათხარეს, დაზიანებულ მილზე რეზინის მომჭერი (ხამუტი) დააყენეს და წავიდნენ, თუმცა ავარია სრულად მაინც ვერ აღმოფხვრეს.
„ეს არ არის კანალიზაცია, ეს სასმელი წყალია. სრულიად გამჭვირვალეა, ძაღლები სულ აქ სვამენ წყალს. ამდენი წლის განმავლობაში აქ ერთხელაც არ ყოფილა უსიამოვნო სუნი, რაც კანალიზაციის შემთხვევაში აუცილებლად იქნებოდა.
რამდენიმე წლის წინ სერვისცენტრის თანამშრომლები მოვიდნენ, გათხარეს, დაზიანებულ მილზე რეზინის მომჭერი დაადეს და წავიდნენ. თუ ეს მონაკვეთი მათ პასუხისმგებლობაში არ შედის, მაშინ აქ სამუშაოებს რატომ ატარებდნენ? საკანალიზაციო მილები სულ სხვა ადგილას გადის“, — აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.
ამგვარად, სიტუაცია კვლავ გაურკვეველია: მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სასმელი წყლის ცენტრალური მილია დაზიანებული, წყალმომარაგების კომპანია კი ირწმუნება, რომ საქმე შიდა საკანალიზაციო ქსელს ეხება, რომლის მოვლა-პატრონობაც მათ კომპეტენციაში არ შედის.
სანამ მხარეები საკუთარ ვერსიებზე დგანან, წყალი უწყვეტად იღვრება, პრობლემა კი, რომელზეც მოსახლეობა უკვე წლებია ჩივის, კვლავ მოუგვარებელი რჩება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო და წყალსადენი ქსელები როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ისე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალქალაქის სერვისცენტრის დაქვემდებარებაშია. თუმცა, მოსახლეობამ არ იცის, კონკრეტულად რომელ სოფლებს, ქუჩებსა თუ ქსელის მონაკვეთებს ემსახურება თითოეული მხარე.
ამის გამო, ავარიული სიტუაციების დროს ადამიანებს ხშირად არ ესმით, ვის უნდა მიმართონ. უმეტესად, საპასუხოდ მათ ესმით ფრაზა: „ეს ჩვენი მომსახურების ზონა არ არის“ — თანაც, ამგვარ პასუხს ისინი როგორც გაერთიანებულ წყალმომარაგებაში, ისე მუნიციპალიტეტში იღებენ. პასუხისმგებლობის საზღვრების შესახებ ღია და ხელმისაწვდომი ინფორმაციის არარსებობა იწვევს იმას, რომ პრობლემების მოგვარება ჭიანურდება, მოსახლეობა კი დახმარების გარეშე რჩება.