უკვე 13 დღეა, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების მოვლა-შენახვის ახალი წესები ამოქმედდა.

დოკუმენტი არეგულირებს ცხოველთა რეგისტრაციის, იდენტიფიკაციის, მოვლისა და მათი პოპულაციის კონტროლის საკითხებს, ასევე განსაზღვრავს მეპატრონეების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას წესების დარღვევისთვის. თუმცა, ცხოველების რეგისტრაცია და საჭირო პროცედურები დღემდე არ დაწყებულა. რა იცის მოსახლეობამ ამ სიახლეების შესახებ და როგორია მათი დამოკიდებულება, აჩვენებს გამოკითხვა, რომელიც Jnews-მა სოციალურ ქსელებში ჩაატარა.
Jnews-ის გამომწერებმა სოციალურ ქსელებში უპასუხეს ოთხ კითხვას, რომლებიც შინაური ცხოველების მოვლა-შენახვის ახალ წესებს ეხებოდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ამ სფეროში წესრიგის დამყარება აუცილებელია. თუმცა, ჯერჯერობით ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვებათ მათ. იმისთვის, რომ ახალმა წესებმა რეალურად იმუშაოს, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგისტრაციის მექანიზმის შექმნა, არამედ ხალხისთვის იმის ახსნაც, თუ როგორ იმუშავებს ის და რატომ არის ეს აუცილებელი.
კითხვაზე „გყავთ თუ არა შინაური ცხოველი?“, 104-მა გამომწერმა (49%) დადებითად უპასუხა, ხოლო 107-მა (51%) — უარყოფითად.
ეს აჩვენებს, რომ ცხოველების შენახვის თემა ფართო აუდიტორიისთვის არის საინტერესო, რადგან მონაწილეებს შორის არიან როგორც შინაური ცხოველების მფლობელები, ისე ადამიანები, ვისაც ცხოველი არ ჰყავს.
კითხვაზე — იციან თუ არა, როგორ დაარეგისტრირონ შინაური ცხოველი — 30-მა გამომწერმა (18%) უპასუხა „დიახ“, ხოლო 134-მა (82%) — „არა“.
გამომწერთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურის შესახებ. მიღებული შედეგები მიუთითებს მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალ დონეზე და დამატებითი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების საჭიროებაზე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან პროცესის დეტალები ამ დრომდე არ იციან იმ უწყებებმაც კი, რომლებმაც ადგილებზე რეგისტრაცია უნდა განახორციელონ.
კითხვაზე — არიან თუ არა მზად, აიღონ პასუხისმგებლობა იმ მიუსაფარ ცხოველებზე, რომლებსაც რეგულარულად კვებავენ — 45-მა გამომწერმა (33%) მზადყოფნა გამოთქვა, ხოლო 87-მა (67%) უარი თქვა.
გამომწერთა უმეტესობა არ არის მზად, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მიუსაფარ ცხოველებზე, რომლებსაც საკვებს უზიარებს. ეს აჩვენებს, რომ უპატრონო ცხოველების დახმარება ხშირად მხოლოდ დროებითი მხარდაჭერით შემოიფარგლება.
კითხვაზე — მიაჩნიათ თუ არა სწორად კანონის მიღება შინაური ცხოველების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ — 63-მა გამომწერმა (47%) მხარი დაუჭირა სავალდებულო რეგისტრაციის შემოღებას, 37-მა (28%) მხარი არ დაუჭირა კანონის მიღებას, ხოლო 33-მა (25%) აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა.
გამომწერთა დამოკიდებულება სავალდებულო რეგისტრაციის შემოღების მიმართ ზოგადად დადებითია. შედეგები აჩვენებს, რომ აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს ცხოველთა შენახვის რეგულირებას, თუმცა კვლავ რჩება ინფორმირებულობის გაზრდის საჭიროება რეგისტრაციის პროცედურებისა და მიზნების შესახებ.
რა წესები ამოქმედდა?
შეგახსენებთ, რომ ახალი წესების თანახმად, ყველა შინაური ცხოველი უნდა დარეგისტრირდეს ერთიან მონაცემთა ბაზაში, მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი და ბაზაში აისახოს ინფორმაცია მფლობელის, ვაქცინაციის, სტერილიზაციისა და სხვა აუცილებელი პროცედურების შესახებ.
მფლობელების ვალდებულებები: მეპატრონეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ცხოველის სათანადო მოვლა, დაიცვან გასეირნების წესები, დროულად ჩაატარონ ვაქცინაცია, განაცხადონ ცხოველის დაკარგვის ან სიკვდილის შესახებ და შეასრულონ პოპულაციის კონტროლის მოთხოვნები.
მიუსაფარი ცხოველები: წესები ასევე ითვალისწინებს ჰუმანურ მოპყრობას უპატრონო ცხოველების მიმართ: მათ დაჭერას, რეგისტრაციას, ვაქცინაციას, სტერილიზაციას, ვეტერინარულ მკურნალობასა და მათთვის მფლობელების მოძიებას.
მონიტორინგი და ჯარიმები: მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს მუნიციპალიტეტი განახორციელებს. დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სოლიდური ჯარიმები:
ცხოველის რეგისტრაციის არქონის გამო — დაახლოებით 1500 ლარი;
ცხოველის მიტოვებისთვის — 5000 ლარამდე ფიზიკური პირებისთვის და 10 000 ლარამდე იურიდიული პირებისთვის;
შენახვის წესების დარღვევისთვის — დაახლოებით 500 ლარი.
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისა და ძაღლების ორთაბრძოლების ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალმა ზომებმა ორ წელიწადში უნდა გადაჭრას მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. თუმცა, დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს სისტემის სრულფასოვანი ამუშავების მზადყოფნაში და აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მისი რეალიზაციის მკაფიო მექანიზმები.