რა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს სომხეთთანრა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს სომხეთთან
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, ელექტრონული ხმების დათვლის პროცესი კი 8 ივნისს, დილის 08:00 საათზე დასრულდება.

მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის 18 პოლიტიკური ძალა – 16 პარტია და 2 ბლოკი იბრძვის. არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, სადაც ბარიერი პარტიებისთვის 4%-ს, ხოლო ბლოკებისთვის 8%-ს შეადგენს.

დასავლური მედიის პროგნოზით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ გუნდს („სამოქალაქო კონტრაქტი“) მთავარ კონკურენციას სამი ოპოზიციური ძალა გაუწევს: რუსი-სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის მხარდაჭერილი ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ და ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს სომხეთთან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის იმავე საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 36.3%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 308.286 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ბრუნვა 226.136 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში, სომხეთთან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი 36.95%-ს შეადგენდა. კერძოდ, ამ პერიოდში სავაჭრო პარტნიორისგან 113.925 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია ვიყიდეთ. თუ გადავხედავთ იმპორტის წლიურ მაჩვენებლებს, 2025 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 59.7%-იანი მატება ფიქსირდება. კერძოდ, გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოში სომხეთიდან იმპორტმა 71.322 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება მთავარ საიმპორტო საქონელს, 5 ძირითადი პროდუქტი, რაც 2026 წლის იანვარ-აპრილში სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა, ასე გამოიყურება:

სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 64.275 მლნ აშშ დოლარი;
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 13.473 მლნ აშშ დოლარი;
მინის ბოცები და ბოთლები – 6.632 მლნ აშშ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები – 4.548 მლნ აშშ დოლარი;
ელექტროენერგია – 4.026 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წლიურად 29.6%-ით არის გაზრდილი, ხოლო მისი წილი საერთო სავაჭრო ბრუნვაში 20.5%-ს შეადგენს. უფრო დეტალურად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში სომხეთში 63.210 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2025 წლის იანვარ-აპრილში კი 48.772 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

ქართული წარმოების 5 ძირითადი პროდუქტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში სომხეთში გავიდა, ასეთია:

ეთილის სპირტი – 6.512 მლნ აშშ დოლარი;
მინერალური და გაზიანი სასმელები – 5.789 მლნ აშშ დოლარი;
საქონელი ატრაქციონებისთვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი – 3.468 მლნ აშშ დოლარი;
ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისგან – 3.007 მლნ აშშ დოლარი;
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 2.726 მლნ აშშ დოლარი.
ზრდას აჩვენებს რეექსპორტიც. კერძოდ, გასული წლის იანვარ-აპრილში სომხეთში რეექსპორტზე გავიდა 106.042 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, 2026 წლის იმავე საანგარიშო პერიოდში კი 131.152 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (ზრდა 23.7%-ია).

რაც შეეხება საერთო ბრუნვაში რეექსპორტის წილს, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იგი 42.55%-ს შეადგენდა.

5 ძირითადი პროდუქცია, რომელიც 2026 იანვარ-აპრილში საქართველოდან სომხეთში რეექსპორტზე გავიდა, ასეთია:

მსუბუქი ავტომობილები – 24.559 მლნ აშშ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 8.837 მლნ აშშ დოლარი;
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – 7.040 მლნ აშშ დოლარი;
ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფი – 3.686 მლნ აშშ დოლარი;
ალუმინის წნელები და პროფილები – 3.271 მლნ აშშ დოლარი.
სომხეთიდან ტურისტული ვიზიტები მცირდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემები 2026 წლის 1-ელი კვარტლის მდგომარეობით არის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, სომხეთის მოქალაქეები ტოპ-3 ქვეყანას შორის ხვდებიან.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში, სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 160 473 ტურისტული ვიზიტი განახორციელეს, რაც 11.2%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან შედარებით (2025 წლის 1-ელ კვარტალში სომხეთიდან 180 805 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა).

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოში ჯამში 1 300 505 ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ სომხეთის წილი ვიზიტებში 12.34%-ს შეადგენდა.

ფულადი გზავნილები ზრდას აჩვენებს
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სომხეთიდან 5.299 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან გადარიცხვებმა 3.128 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თუ გადავხედავთ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2025 წლის იანვარ-აპრილში სომხეთიდან 4.616 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა (ზრდა +14.8%), საქართველოდან გადარიცხვებმა კი 2.018 მლნ დოლარი შეადგინა (ზრდა +55%).

სომხეთიდან ინვესტიციები იზრდება
„საქსტატის“ ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს სომხეთიდან ინვესტიციები გაზრდილია.

კერძოდ, 2025 წელს სომხეთიდან FDI-მ 25.999 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2024 წელს 23.635 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.