„ქართული ღვინის აღიარება მსოფლიო ბაზარზე, გაყიდვების უფრო ფართო გეოგრაფია, მეტი ღვინის ტურიზმი – ეს ყველაფერი ნაკლებმა რეგულაციებმა მოიტანა. არ მჯერა, რომ ზედმეტი ბიუროკრატია ხარისხს გაზრდის“, — ამის შესახებ „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“, მევენახეობის დარგის ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია და ბიუროკრატია დარგის განვითარებისთვის ვერ იქნება ხელშემწყობი.

როგორც იაგო ბიტარიშვილმა განმარტა, ამის არგუმენტი ის განვლილი გზა და შედეგებია, რომელსაც მეღვინეობის სექტორმა ბოლო წლებში ნაკლები რეგულაციის პირობებში მიაღწია.

“იმედს ვიტოვებ, დარგში რეგულაციების სახით დიდი ჩარევა არ მოხდება”
„ჩვენ კანონმორჩილი მეღვინეები ვართ, ამიტომ დავემორჩილებით ყველა კანონს, რომელიც იქნება მიღებული.

უბრალოდ, ნებისმიერ საკითხზე გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც ეფუძნება იმ პერიოდს, იმ უახლოეს ისტორიას, რომელიც ქართულმა მეღვინეობამ და მევენახეობამ გაიარა და ჩემი აზრით, საკმაოდ წარმატებით.

აქედან გამომდინარე, ჩვენი, განსაკუთრებით მცირე მარნების დამოკიდებულება, ასეთია: – ნებისმიერი რეგულაცია და ბიუროკრატია ამ დარგის განვითარებისთვის ვერ იქნება იმაზე მეტად ხელშემწყობი, ვიდრე დღეს არის.

დღეს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, თუ შევადარებთ იმას, რაც 15-20 წლის წინ იყო. ამ პერიოდში კი არსებობდა სრულიად ლიბერალური საკანონმდებლო ბაზა, მინიმალური რეგულაციები და მინიმალური ბიუროკრატია.

მანამდე [15-20 წლის წინ] თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ღვინის ბარს თბილისში, ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ღვინის ფესტივალს საქართველოში. არ იყო ექსპორტის ისეთი გეოგრაფია, როგორიც ახლაა.

ჩვენი ღვინო არ იყო წარმოდგენილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც ევროპისა და ამერიკის ბაზრებია, არ იყო შეტანილი ისეთ აღიარებულ რესტორნებში, არ იწერებოდა ქართულ ღვინოზე სხვადასხვა გავლენიან გამოცემებში.

ისმის კითხვა – თუ ფაქტობრივად რეგულაციების გარეშე, თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ დარგმა ასეთი შედეგი მოგვიტანა, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ დამატებითი რეგულაციები უკეთეს შედეგს მოიტანს?!

ჩვენ სწორედ ამ არგუმენტით ვსაუბრობთ და არა იმით, რომ რაღაც მოგვწონს ან არ მოგვწონს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დარგში რეგულაციების სახით დიდი ჩარევა არ მოხდება.

არ ვფიქრობ, რომ ეს რეგულაციები ღვინის ხარისხის ამაღლებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ვიდრე დღემდე არსებული გარემო უწყობდა. მიმაჩნია, რომ სწორედ დღემდე არსებული გარემო, ნაკლები რეგულაციები, ხელს უწყობდა ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას.

მე არ მჯერა, რომ ზედმეტი რეგულაცია და ბიუროკრატია ხარისხს უკეთ გაზრდის. ჩვენი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ სწორედ იმ გზამ, რომელმაც საქართველოს ასეთი შედეგი მოუტანა — ქართული ღვინის აღიარება მსოფლიო ბაზარზე, გაყიდვების უფრო ფართო გეოგრაფია, მეტი კულტურა, მეტი ღვინის ტურიზმი საქართველოში — ეს ყველაფერი ნაკლებმა რეგულაციებმა მოიტანა.

ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია მოითხოვს დამატებით დოკუმენტაციას, დამატებით დროს და შესაბამისად, დამატებით ხარჯებს.

მეტი დრო და მეტი გადასახადი ყოველთვის შეიძლება ბიზნესისთვის უფრო დიდი პრობლემა იყოს, ვიდრე აქამდე იყო. ხაზს ვუსვამ, ეს მაშინ თუ საუბარი არ არის სურსათის უვნებლობის კუთხით მაღალრისკიან პროდუქტზე. ღვინო კი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალრისკიან პროდუქტად არის მიჩნეული.

რაც შეეხება ფალსიფიცირებულ ღვინოს, ამ მიმართულებით ყველაზე მკაცრი რეგულაციების მომხრეები ვართ. ეს ორი სრულიად განსხვავებული საკითხია“, — ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის შემდეგ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელია მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას. აღსანიშნავია, რომ რეგულაცია არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.

ამასთან, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ განმარტება და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობის ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

გარდა ამისა, კანონს ემატება ახალი ტერმინი – „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“. ტერმინი განისაზღვრება როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის – QR კოდის დატანა.

როგორც ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა გამოსცეს ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.