საქართველოში კვერცხის იმპორტი თითქმის 28-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

20.09.2026 Newsroom სიახლე 264
საქართველოში კვერცხის იმპორტი თითქმის 28-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

„ფრინველნეობის განვითარების ასოციაციის“ („ქოდა“, „ქუმისი“, „დილა“, „სავანეთი“) თავმჯდომარე და კომპანია „ქუმისის“ თანადამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი საქართველოში კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზად მეზობელ თურქეთში ჭარბ წარმოებას ასახელებს, საიდანაც პროდუქცია ქართულ ბაზარზე შემოდის.

წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი თითქმის 28-ჯერ გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში სასუფრე ქათმის კვერცხის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა: საქართველომ 1,36 მლნ დოლარის ღირებულების 18,8 მლნ ცალი კვერცხი შეიძინა. შედარებისთვის, 2025 წლის იმავე პერიოდში ქვეყანაში 36,3 ათასი დოლარის ღირებულების 683 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა.

2026 წლის პირველ შვიდ თვეში იმპორტირებული კვერცხის ძირითადი ნაწილი თურქეთზე მოდიოდა — 1,2 მლნ დოლარის ღირებულების 17,4 მლნ ცალი. კიდევ 146,7 ათასი დოლარის ღირებულების 1,46 მლნ ცალი კვერცხი საქართველომ ბელარუსიდან შემოიტანა.

როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, გასულ წელს თურქეთს კვერცხი ძირითადად აშშ-ში გაჰქონდა, წელს კი ჭარბი წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ქართული ბაზრისკენ მიიმართება. მისი თქმით, იმპორტირებული პროდუქციის დაბალი ფასი ადგილობრივ მწარმოებლებს სირთულეებს უქმნის.

„გასულ წელს, ფაქტობრივად, ნოემბერ-დეკემბრის ბოლომდე იმპორტი არ ყოფილა, რადგან თურქეთს თავისი ჭარბი წარმოება აშშ-ში გაჰქონდა. აშშ-ში ფრინველის გრიპი იყო, ეს დიდი და ძვირი ბაზარი გახლდათ, ამიტომ პროდუქციას იქ გზავნიდნენ.

წელს ამერიკაში სიტუაცია სტაბილური გახდა, თურქეთი კვლავ საკუთარ საზღვრებს დაუბრუნდა და, შესაბამისად, ჭარბი წარმოება ისევ საქართველოსკენ წამოვიდა. ვინაიდან ეს თურქეთის ჭარბი წარმოებაა და უსამართლო ფასად შემოდის, შესაბამისად, ჩვენს თვითღირებულებაზე იაფი ღირს და პრობლემებს გვიქმნის.

თუმცა, ჩვენ კვლავ საკუთარი ძალების იმედი გვაქვს და ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ გვქონია. იოლი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით სხვა საგანგაშო არაფერია“, — განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კვერცხზე ფასები სტაბილური რჩება, ხოლო წლიურ ჭრილში წარმოების 5–6%-ით ზრდაა მოსალოდნელი.

„რაც შეეხება ფასებს, სტაბილურობა შეინიშნება, რადგან ლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უკვე საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს სტაბილურობას. გარდა ამისა, მარცვლეულზე ძალიან კარგი ფასია. ამ ეტაპზე ხორბალი იმდენად იაფია, რომ მან ყველა სხვა დანარჩენი დაბრკოლების შექმნელი ფაქტორი გაანეიტრალა — საწვავის ფასი, სამუშაო ძალის ღირებულება და ა.შ.

გასულ წელს 693 მილიონი იყო, წელს კი წლიური წარმოება, სავარაუდოდ, 700 მილიონს გადააჭარბებს. ანუ, სავარაუდოდ, დაახლოებით 5–6%-იანი მატება გვექნება“, — განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე