იამზე მსხვილიძე: სწავლებასა და შთაგონებას მიძღვნილი 17-წლიანი გზა

იამზე მსხვილიძე: სწავლებასა და შთაგონებას მიძღვნილი 17-წლიანი გზა

იამზე მსხვილიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი, 2026 წლის „ეროვნული სამასწავლებლო პრემიის“ მფლობელი გახდა. მისი პროფესიული გზა, პედაგოგიური მოღვაწეობა, მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული ინიციატივები მრავალწლიანი შრომის შედეგია.

იამზე მსხვილიძის პედაგოგიური საქმიანობა ახალციხის უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც ათი წლის განმავლობაში ქართული ენის სპეციალისტად მუშაობდა. ამის შემდეგ მან პროფესიული საქმიანობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში განაგრძო და საგნად „ქართული, როგორც მეორე ენა“ ასწავლა.

უკვე 17 წელია, ის ყოველდღიურად ფარავს გზას ახალციხიდან დილისკამდე. გრძელი გზა, ამინდის პირობები და ხანდახან ჯანმრთელობის პრობლემები მისთვის საქმეში ხელისშემშლელ ფაქტორად არასდროს ქცეულა.

— სინამდვილეში, სულაც არ არის მარტივი ყოველდღიურად ასეთი მანძილის დაფარვა, მაგრამ რაღაც ხომ გეხმარებათ ამ დატვირთვასთან გამკლავებაში?

„რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის. უკვე 17 წელია, ყოველდღიურად დაახლოებით 150 კილომეტრს გავდივარ. იყო დრო, როცა დილისკში ვცხოვრობდი, აგრეთვე მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ყველა სიძნელე დაძლეულია, რადგან ბავშვების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობამ ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დამიყენა. ჩემთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს ვუზიარო ჩემი ცოდნა და უნარები, ამიტომ კილომეტრები ჩემთვის არასდროს ყოფილა დაბრკოლება“, — ჰყვება იამზე მსხვილიძე.

Iamze1

ქალბატონი იამზესთვის პედაგოგიკა უბრალოდ პროფესია არ არის. ეს არის შესაძლებლობა, გამოავლინოს ბავშვების შესაძლებლობები, ინტერესები და სწავლის სურვილი, სასწავლო პროცესი კი შემოქმედებითი და საინტერესო გახადოს.

მისი თქმით, მასწავლებლის სამუშაო დღე გაკვეთილების დასრულებით არ მთავრდება. მომდევნო დღის გაკვეთილები და ის საქმე, რომელიც მოსწავლეებთან ერთად უნდა გაკეთდეს, სკოლის მიღმაც მუდმივად მის ფიქრებშია.

„როდესაც სახლში ვბრუნდები, მოსწავლეები და სკოლა თან მომაქვს. ვინაიდან ჩემი მთავარი მიზანია, სწავლის პროცესი მაქსიმალურად საინტერესო და შინაარსიანი გავხადო, ვმუშაობ სხვადასხვა საშუალებისა და მეთოდის შემუშავებაზე, რათა გაკვეთილის თემები გასაგები და სახალისო იყოს. ვიგონებ სხვადასხვა თამაშს და, რა თქმა უნდა, ამაში მოსწავლეებიც მეხმარებიან. ერთად ვჭრით, ვხატავთ, ვამზადებთ მასალებს და შემდეგ მათ მიხედვით ვსწავლობთ“, — ჰყვება მასწავლებელი.

iamze2

მისი მეთოდების საფუძველს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. ასეთი მიდგომის დროს ენის შესწავლა სცდება სახელმძღვანელოს ფარგლებს და იქცევა კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მუშაობის პროცესად.

იამზე მცხვლიძის საქმიანობა არ შემოიფარგლება სასკოლო გაკვეთილებით. იგი არის ევროპული პროგრამების კოორდინატორი, მონაწილეობდა სხვადასხვა ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამაში და განახორციელა რიგი ორიგინალური პროექტისა, რომლებშიც საკუთარი მოსწავლეებიც ჩართო.

მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში, კომუნიკაცია სხვა ქვეყნებისა და სხვადასხვა ეროვნების თანატოლებთან და გაიზიარონ გამოცდილება.

„განვახორციელე 20 საერთაშორისო პროგრამა, საიდანაც 12 — ჩემი საავტორო პროგრამაა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ სოფლად მცხოვრები ჩემი მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში „eTwinning“-ის პროექტების ფარგლებში. ამ პროექტების მიმდინარეობისას ჩვენი მოსწავლეებიკავშირზე იყვნენ როგორც ევროპელ თანატოლებთან, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების თანატოლებთან: ქართველებთან და აზერბაიჯანელებთან. ისინი კონფერენციებში როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში მონაწილეობდნენ“, — აღნიშნავს იგი.

iamze3

iamze4

პროფესიონალური წარმატების საფუძველი ასევე ადამიანური ურთიერთობებია.

იამზე მსხვილიძის პროფესიული საქმიანობა საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას მოიცავს. ის რამდენიმე წიგნის ავტორია, მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს უზიარებს.

მისი კოლეგების აზრით, მასწავლებლის პროფესიული წარმატება მხოლოდ ცოდნითა და სამუშაო შედეგებით არ იზომება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში, ერთობლივი მუშაობისას ყალიბდება.

იამზე მსხვილიძე კოლეგების სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. სიკეთე, მზრუნველობა, კოლეგების მხარდაჭერის მზაობა და მათი პროფესიული განვითარებისთვის წვლილის შეტანა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის სამუშაო პრინციპებში.

ამ თვისებებმა იგი არა მხოლოდ გამოცდილ პედაგოგად, არამედ სანდო მრჩეველად და ლიდერად აქცია თავისი კოლეგებისთვის.

„მასწავლებლის ეროვნული პრემია“ — მრავალწლიანი შრომის აღიარება.

2026 წლის 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ქუთაისში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული ათი პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნული პრემიით“ დაჯილდოვდა. მათ შორის არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე.

თითოეულმა დაჯილდოებულმა მასწავლებელმა სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო — 10 000 ლარი მიიღო. ლაურეატების შერჩევისას გათვალისწინებული იყო პედაგოგების პროფესიული საქმიანობა, სამუშაო სტაჟი, მიღწევები და წვლილი განათლების სფეროში.

იამზე მსხვილიძისთვის ეს აღიარება არა მხოლოდ პირადი პროფესიული მიღწევაა, არამედ მნიშვნელოვანი მოვლენაა დილისკის სკოლისთვის, მისი მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის.

შეკითხვაზე, თუ რას გრძნობდა ჯილდოს მიღების შემდეგ, ქალბატონმა იამზემ უპასუხა:

„ამ გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მომანიჭა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ის ეკუთვნის ჩემს მოსწავლეებს, ჩემს სკოლას, ჩემს რეგიონს — სამცხე-ჯავახეთს“, — აღნიშნა ქალბატონმა იამზე მსხვილიძემ.

მრავალი წლის განმავლობაში ახალციხიდან დილისკამდე მანძილის გადალახვით, მან თავისი შრომით აჩვენა, რომ განათლების ხარისხს, ნოვატორულ აზროვნებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებს მხოლოდ სკოლის ადგილმდებარეობა არ განსაზღვრავს. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანების თავდადებასა და ენთუზიაზმზეა დამოკიდებული, რომლებიც მზად არიან, ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას გადასცენ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე