რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მოსკოვის ოლქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბურმა შეტევამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დარტყმის სამიზნე კი დედაქალაქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც გახდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, მხარეებს შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გრძელდება, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებისა იმის შესახებ, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 1600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელთაგან 450 უშუალოდ დედაქალაქისკენ მიემართებოდა. სობიანინის თქმით, რამდენიმე დრონმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიამდე მიაღწია, ხოლო ერთი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მერი ამტკიცებდა, რომ უშუალოდ ქალაქში მსხვერპლი არ არის.
„უპრეცედენტო თავდასხმა აშკარად არჩევნების ჩასაშლელად იყო დაგეგმილი, თუმცა მოწინააღმდეგემ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია“, — დაწერა სობიანინმა თავის Telegram-არხზე.
თვითმხილველებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ბოლიდიოდა. საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ადრეც გახდა აფეთქებების სამიზნე, ყოველწლიურად მილიონობით ტონა ბენზინსა და დიზელის საწვავს აწარმოებს.
უკრაინას ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშს არ მიაქვს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ცნობით, ორი დაღუპულის გარდა, რამენსკოეს რაიონში მდებარე 21-სართულიანი საცხოვრებელი სახლიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 70 ბავშვის. ასევე დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი შენობა.
ფოტო არქივიდან