ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა ამიერიდან ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ფაშინიანის თქმით, ამიერიდან სომხეთს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროკავშირის მიმართულებით სავაჭრო გადაზიდვები განახორციელოს. მან ეს მოვლენა შეაფასა როგორც სომხეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, ამიერიდან ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვისაც. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი მოვლენაა. მადლობას ვუხდი თურქ და ქართველ პარტნიორებს.
დღეს სომხეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო კავშირი აქვს რუსეთთან, ხოლო რუსეთისა და ყაზახეთის გავლით – ჩინეთთან. ახლა უკვე, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროკავშირთანაც. უახლოეს მომავალში გაიხსნება სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის, შემდეგ კი ნახიჩევანის გავლით სომხეთ-ირანის რკინიგზაც. ამ მოვლენების მოწმეები უახლოეს პერიოდში გავხდებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანი.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს ბაქოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა დეტალი შეთანხმებულია და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი მალე ამოქმედდებოდა. მანვე დასძინა, რომ საქართველოში ოპერირებას საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფდა.
„შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმო აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა 18 მაისს კობახიძემ.