2026 წელს ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების შესახებ წარმოდგენა სრულიად ამოყირავდა: ირანმა ისტორიაში პირველად გამოაცხადა მონაცემთა ცენტრები კანონიერ სამიზნეებად და ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელების გადაჭრითაც კი დაიმუქრა.
მსგავს ობიექტებზე სამხედრო საშიშორებისა და მათი დაცულობის თუ დაუცველობის შესახებ forbes-თან ჰოსტინგ-პროვაიდერ RUVDS-ის გენერალური დირექტორი ნიკიტა ცაპლინი საუბრობს.
ნიკიტა ცაპლინი: „როგორც აღმოჩნდა, ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმებისას ყველაზე მეტად ერთ-ერთი გლობალური „ღრუბლოვანი“ ლიდერის, Amazon Web Services-ის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
დარტყმები განხორციელდა კომპანიის ერთ მონაცემთა ცენტრზე ბაჰრეინში და ორ ცენტრზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ირანულმა მხარემ ასევე განაცხადა Oracle-ის მონაცემთა ცენტრზე თავდასხმის შესახებ.
მონაცემთა ცენტრებსა და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაზე დარტყმების რისკები დიდი ხანია განიხილება, მაგრამ ძირითადად საუბარი იყო კიბერშეტევებზე. მაგალითად, 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის სექტემბრამდე რუსეთის წინააღმდეგ განხორციელდა მსოფლიოს ყველა წარმატებული კიბერშეტევის 16%, და პროგნოზების მიხედვით, მათი რიცხვი მხოლოდ გაიზრდება. ბოროტმოქმედთა ფოკუსშია სახელმწიფო სექტორი, მრეწველობა და ენერგეტიკა – ეს სწორედ ის ლოგიკური სამიზნეებია, თუ მიზნად მაქსიმალური ზიანის მიყენებაა დასახული.
ირანულმა კონფლიქტმა სიტუაცია მკვეთრად შეცვალა
თეირანის სტრატეგია მოიცავდა მოწინააღმდეგესა და მის მოკავშირეებზე მაქსიმალურ ზეწოლას, და მონაცემთა ცენტრების თავზე არსებული ცა, ისტორიაში პირველად აღარ იყო მშვიდობიანი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მონაცემთა ცენტრები „კანონიერ სამხედრო სამიზნეებად“ გამოაცხადა, თუ ისინი ეკუთვნით იმ IT-კორპორაციებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ აშშ-ისა და ისრაელის სამხედროებთან.
აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ საამიროებში 37 მონაცემთა ცენტრი მუშაობს და კიდევ 23 შენდება.
ამგვარად, IT დარგი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაურბოდა პოლიტიკაში პირდაპირ ჩართვას, დღეს პირდაპირ ზარალდება.
მონაცემთა ცენტრების მხრივ სიტუაცია არაერთგვაროვანია: აშშ-ში მათი რაოდენობა 5500-ს აჭარბებს, გერმანიაში – 529-ს, საფრანგეთში – 322-ს, რუსეთში კი – 250-ზე მეტს. საბერძნეთში მხოლოდ 14 მონაცემთა ცენტრია, სომხეთში კი სულ ექვსი. ერთ ცენტრზეც კი დარტყმამ შესაძლოა, პარალიზება გაუკეთოს საბანკო სისტემას, სოციალურ და ლოგისტიკურ სამსახურებს.
გიგანტიზმისგან გარიდება
ამ კონფლიქტამდე მსოფლიო დარწმუნებული იყო გიგანტური მონაცემთა ცენტრების უალტერნატივობაში. ლოგიკა მარტივია: ათობით ათასი სერვერული სტოიკის მქონე მონაცემთა ბაზების მასშტაბირება და ინტეგრირება უფრო ადვილია. ის საშუალებას იძლევა ერთ ლოკაციაზე მოხდეს უზარმაზარი გამოთვლითი სიმძლავრეების კონცენტრირება.
მსგავსი მეგაცენტრების მშენებლობა მილიარდობით დოლარი ჯდება, მაგრამ პერსპექტივაში ეკონომიას იძლევა. თუმცა ბოლო მოვლენები ამ მიდგომას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს: თუ ადრე მეგაცენტრებში განთავსება საიმედოობის ნიშანი იყო, ახლა მსგავსი „მეზობლობა“ რისკის დამატებითი ფაქტორი გახდა.
დაცულობის შეფასების მოქმედი წესები საერთოდ არ ითვალისწინებს პირდაპირი დარტყმების სცენარს. Tier სტანდარტი ითვალისწინებს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს: სისტემების უწყვეტობას, გაგრილების რეზერვირებას და ხელმისაწვდომობის დონეს. მეტიც, სერტიფიკაციის მიხედვით, მონაცემთა ცენტრები უნდა იყოს მიწისზედა, ცალკე მდგომი შენობა – მიწისქვეშა ცენტრების სერტიფიცირება შეუძლებელია.
შედეგად, ყველაზე საიმედო სტანდარტებით სერტიფიცირებული ობიექტები სამხედროების თვალში მხოლოდ ცუდად დაცულ სამიზნეებად იქცევიან“.
წყარო: forbes