საქართველოში ლუდის იმპორტი 18-წლიან მაქსიმუმზეა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 8.021 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 529 071 ლიტრი ლუდი იყიდა, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება).
საქსტატის თანახმად, საქართველოში 2025 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, პროდუქციის იმპორტი 71.9%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველოში 4.665 მლნ აშშ დოლარის 4 314 901 ლიტრი ლუდი შემოვიდა.
გაზრდილია ალკოჰოლური სასმელის საიმპორტო ფასიც. „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, შარშან 1 ლიტრი ლუდის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ, 1.08 აშშ დოლარი ჯდებოდა, წელს კი ფასი 1.23 აშშ დოლარს აღწევს. მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ქვეყანაში ლუდის იმპორტი 13.9%-ით გაძვირდა.
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ლუდი შემოდის
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლუდის იმპორტი ძირითადად, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან ხორციელდება.
უფრო კონკრეტულად, 5 ძირითადი ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ლუდი იყიდა, ასეთია:
გერმანია – 2.656 მლნ აშშ დოლარის 1 904 098 ლიტრი;
ნიდერლანდები – 1.591 მლნ აშშ დოლარის 1 357 404 ლიტრი;
რუსეთი – 904 ათასი აშშ დოლარის 1 053 213 ლიტრი;
ბულგარეთი – 493 ათასი აშშ დოლარის 380 410 ლიტრი;
მექსიკა – 424 ათასი აშშ დოლარის 221 861 ლიტრი.