ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიზანია სოციალური ქსელების ბიზნეს-მოდელების შეზღუდვა ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის მიზნით.
ამის შესახებ მან კოპენჰაგენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რასაც Reuters-ზე დაყრდნობით „ევროპული სიმართლე“ და apsny.ge ავრცელებენ.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ის მრავალრიცხოვანი უარყოფითი შედეგები, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები სოციალური ქსელების გამოყენებისას განიცდიან, შემთხვევითობა არ არის, „არამედ იმ ბიზნეს-მოდელების შედეგია, რომლებიც ბავშვების ყურადღებას განიხილავენ, როგორც საქონელს“.
მისივე განმარტებით, ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს სწორედ TikTok-ზე, X-სა და Meta-ს პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram და Facebook.
ჩვენ ვიღებთ ზომებს TikTok-ისა და მისი დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინის, უსასრულო სქროლინგის, ავტომატური დაკვრისა და Push-შეტყობინებების წინააღმდეგ. იგივე ეხება Meta-საც, რადგან მიგვაჩნია, რომ Instagram და Facebook არ იცავენ მათ მიერვე დადგენილ 13 წლიან მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს“, – განაცხადა მან.
მან ასევე მხარი დაუჭირა მკაცრი წესების შემოღებას, რომლებიც გარკვეულ ასაკზე უმცროსი მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას კრძალავს.
„საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, უნდა ჰქონდეთ თუ არა ახალგაზრდებს წვდომა სოციალურ ქსელებთან, არამედ იმაში — უნდა ჰქონდეთ თუ არა სოციალურ ქსელებს წვდომა ახალგაზრდებთან“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ევროკომისიამ კომპანია Meta დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვერ შეძლო მცირეწლოვანი ბავშვების დაცვა სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენისგან.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ერთიანი მიდგომისკენ ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვის საკითხში.
ხოლო დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრმა, ბრიჯიტ ფილიპსონმა განაცხადა, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობაზე შეზღუდვები დაწესდება.