ახალქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო მუნიციპალიტეტია, არ გააჩნია ბაზარი, სადაც ადგილობრივი მცხოვრები ან სტუმარი შეძლებს სუფთა და უსაფრთხო პირობებში შეიძინოს ადგილობრივი რძე, ყველი, კვერცხი და სხვა. რძის პროდუქტები ქუჩაში, შეზღუდული რაოდენობით იყიდება, მაშინ როდესაც ბაზრის ტერიტორიაზე არსებული რძის პროდუქტების მაღაზია წლებია ცარიელია.

შესაძლოა ბევრი შეეჩვია ამ მოვლენას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯეროვან პირობებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენის შესაძლებლობის არარსებობა საკმაო უხერხულობას უქმნის არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ გარედან ჩამოსულ სტუმრებსა და ტურისტებსაც, რომელთაც ქალაქში ყოფნისას სურთ ადგილობრივი ნაწარმისა და რძის პროდუქტების შეძენა.

რატომ ამჯობინებენ გამყიდველები თავიანთი პროდუქციის ქუჩაში, არასახარბიელო პირობებში გაყიდვას მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2021-2022 წლებში ახალქალაქის მერიის მიერ ქალაქის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა სპეციალური სივრცე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაყიდად? ამ მიზნით ბიუჯეტიდან 38 000 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ეს ფართი დიდი ხანია იჯარით არის გაცემული, თუმცა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.

Jnews-მა შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი მიეღო ბაზრის პარალელურად, რუსთაველის ქუჩაზე რძის პროდუქტების გამყიდველი გლეხებისგან, რომლებმაც თავი აარიდეს პირდაპირ პასუხებს და აღნიშნეს, რომ პირველად არიან და არ იციან, სად რა მდებარეობს. თუმცა, ჩვენი წინა გამოკითხვების საპასუხოდ ისინი ამბობდნენ, რომ შენობაში ძალიან ცივა და ასევე, მომხმარებლები მაღაზიაში არ შედიან. ისინი თავიანთ პროდუქციას აგრარული ბაზრის ტერიტორიასა და ქუჩებში ყიდიან.

არარატ საჰარიანმა, რომელიც ახალქალაქის ბაზრის დირექტორია, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარმა ვერ იმუშავა, არამედ მთლიანად ბაზრის ტერიტორიაზე დაახლოებით 6-7 ადამიანი დგას. შეიძლება ითქვას, რომ ბაზრის ტერიტორია არ ფუნქციონირებს და ვაჭრობა ქუჩებში მიმდინარეობს.

ახალქალაქში გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა 2018 წელს დაიწყო და დღემდე პერიოდულად გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გარე ვაჭრობა გამოწვევად რჩება.

„ყოველ წელს იგივე საკითხის წინაშე ვდგავართ. სხვადასხვა სახის სამუშაოები ტარდება გარე ვაჭრობის ბაზარში გადასატანად. ჩვენ მაქსიმალურად გაგებით ვეკიდებით ამას და მკაცრ ზომებს არ მივმართავთ, რადგან ეს ჩვენი მოსახლეობაა — არ გვსურს ჯარიმებისა და მსგავსი საშუალებების გამოყენება. თუმცა, ყოველგვარ გაფრთხილებას დროებითი ხასიათი აქვს და მალევე ისევ იგივე სურათს ვიღებთ“, — ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი.

მისი თქმით, ბაზრის ტერიტორიები, რომლებიც გამოყოფილია სოფლის მეურნეობისა და ხორცპროდუქტებისთვის, თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს.

უახლოეს მომავალში ჩვენს გეგმებშია რამდენიმე მექანიზმი და დაგეგმილი თანამშრომლობა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც, იმედი გვაქვს, დაგვეხმარება ამ ვითარების შეცვლაში. ჩვენი მიზანია ხალხისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა რძის პროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაყიდად, რათა ის სათანადო პირობებში — მაცივრებში ინახებოდეს და იყიდებოდეს. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ სხვა სერიოზული პრობლემები“, -განაცხადა მელქონ მაკარიანმა.

უკვე 8 წელზე მეტია, რაც ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვერ ახერხებენ გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარებას. საქართველოს კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა აკრძალულია სურსათის უვნებლობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. როგორც მელქონ მაკარიანმა აღნიშნა, მერია ცდილობს გაგებით მოეკიდოს გარე მოვაჭრეებს და ვაჭრობის ნებას რთავს საახალწლო დღესასწაულების, აღდგომის, „ბოლო ზარისა“ და სექტემბრის წინა პერიოდში, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ვაჭრობა ქუჩაში გამოდის, ის ბაზრის ტერიტორიას აღარ უბრუნდება. ბაზარი თითქმის ცარიელი რჩება, ხოლო ნალბანდიანის ქუჩაზე მოვაჭრეების გამო ფერხდება მოძრაობა და ჩვეული გადაადგილება როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის.

უახლოეს დღეებში მერია გეგმავს მორიგჯერ გააფრთხილოს მოვაჭრეები, რათა მათ ბაზრის ტერიტორიაზე გადაინაცვლონ.

ავტორი არეგნაზ გრიგორიან