საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 18.5% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

„2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 18.5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში. აღნიშნულია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

სებ-ის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურების დანახარჯები 826 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოში მოგზაურობისას 45.273 მლნ ლარი დახარჯეს.