საქართველოს მთავრობამ უკვე განსაზღვრა მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე ვიზიტორებისთვის ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის საფასური და გაცემის პირობები.

შეგახსენებთ, რომ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დანერგვის შესახებ, მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა 15 აპრილს მიიღო.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ახალი ვიზის შემოღება განპირობებულია შედარებით უსაფრთხო ქვეყნებიდან მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ვიზიტორების მოზიდვის სტრატეგიული საჭიროებით.

მთავრობის 7 მაისის დადგენილების თანახმად, C5 კატეგორიის მოკლევადიანი ვიზა გაიცემა, ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ეს საქმიანობა არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის ვიზა გაიცემა აგრეთვე აღნიშნული პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.

ამასთან, მთავრობის ახალი დადგენილებით, C5 კატეგორიის ელექტრონული ვიზა გაიცემა, e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის შემთხვევაში, 5 წლის მოქმედების ვადითა და საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით.

„C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა გაიცემა სავიზო განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს.

დამატებითი გარემოებების გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 10 სამუშაო დღის ვადაში,“ – აღნიშნულია მთავრობის 7 მაისის დადგენილებაში.

რაც შეეხება საფასურს, C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვის ღირებულება 300 აშშ დოლარია.

წყარო: bpn.ge